დილემა სახელად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი
AutoSharing Option
19:10 08-03-2016
ამ რამდენიმე ხნის წინ "მანჩესტერ სიტი"-"ლესტერის" თამაში ვნახე. მოგეხსენებათ, თამაში "ლესტერის გამარჯვებით დამთავრდა 3-1. რასაკვირველია, იყო მომენტები ორივე მხრიდან, ჰუტისა და მაჰრეზის შესანიშნავი გოლები, შმეიხელის, ვარდისა და ოკაზაკის დიდებული გარჯა, მაგრამ ლესტერული სიურპრიზი მაიმც ერთი კაცის - კლაუდიო რანიერის შემოქმედებაა. ჯერ ერთი, გუნდი შესანიშნავადაა ფიზიკურად მზად, რაც ჩანს ორთაბრძოლებში, მეტოქის გადაცემების ჩაჭრის მცდელობისას. თამაშის ამ კომპონენტებში ინგლისში ვერავის გააკვირვებ, მაგრამ არის ერთი საინტერესო ფაქტორი, რომელზეც ღირს ყურადღების შეჩერება. ეს არის "ლესტერის" გამორჩეული ჯგუფური კონტრშეტევა.

ჩაიგდებს თუ არა ბურთს ხელში, "ლესტერის" წინა ხაზი, დაახლოებით სამი-ოთხი ფეხბურთელი მომენტალურად მიჰქრის მეტოქის კარისაკენ. ეს ისე სწრაფად ხდება, მეტოქის მცველები ვერ ასწრებენ ელემენტარული დაცვის ორგანიზებას. შემდეგ მოდის იერიშის მეორე ტალღა. "ლესტერის" კონტრშეტევა ზამბარის გაშლას მოგაგონებთ, როცა წინა ნაწილი შედარებით სწრაფად იშლება, შემდეგ შუა ნაწილი, ხოლო ბოლო ნაწილი ადგილზე რჩება. სწორედ ამიტომ ძნელია "ლესტერის" დაცვა მოუმზადებლობაში გამოიჭირო. აი, ამას აკეთებს გუნდი ტაქტიკურად და ეს გამოარჩევს მას სხვა გუნდებისაგან. ამას მწვრთნელის ნააზრევის რეალიზაცია ჰქვია და პროცენტულად რომ გამოვსახოთ, გუნდის საერთო წარმატებაში ლომის წილი ანუ ორი მესამედი მწვრთნელის დამსახურებაა.

ანალოგიურად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთის გაჩემპიონებაში ლამის ასი პროცენტი რეჰაგელის დამსახურებაა, ისევე როგორც თავის დროზე რინუს მიხელსის, ბეარზოტის და  სხვათა დამსახურება საკუთარი გუნდის წინაშე.

მწვრთნელის როლის მნიშვნელობაზე ნათლად მიანიშნებს "მანჩესტერის" მაგალითი, როცა ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ლამის საშუალოხარისხოვან გუნდად ჩამოყალიბდეს.

ნოდარ ახალკაცამდე თბილისის "დინამოში" ქართველ მწვრთნელს ხელშესახები წარმატება არ ჰქონია, თუმცა ტანტების სელექციის თვალსაზრისით აღნიშნავდნენ ანდრო ჟორდანიას დამსახურებას. ისევე როგორც აღსანიშნავია ნორაკიძის, კარლო ხურციძის, გუგუშვილის და სხვათა დამსახურება. მაპატიოს სხვა ღვაწლმოსილმა და დამსახურებულმა მწვრთნელმა თუ ყველას დასახელებას ვერ ვახერხებ.

ამას ყველაფერს იმიტომ მოგახსენებთ, რომ ჩვენში ამ საკითხს საკმაოდ ზერელად უდგებიან. თითებზე ჩამოსათვლელი მწვრთნელები გვყავს და მიშას კარუსელივით სათითაოდ ყველას ყველა გუნდში აქვს ნამუშევარი.

დიდი არჩევანიც არა გვაქვს. საერთაშორისო ასპარეზზე ასე თუ ისე რევაზ ძოძუაშვილი დამამახსოვრდა და ერთი გაბრწყინება ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა "რუსთავმა" გაიელვა, მაგრამ ისევე სწრაფად და მოულოდნელად ჩაქრა, როგორც გამოჩნდა, ყოველგვარი კრეატივისა და განვითარების გარეშე. ასევე შეიძლება ითქვას ფრუიძეზე და ჩიხრაძეზე. შეიძლება აღინიშნოს ბავშვთა ფეხბურთში მაისურაძის და დევდარიანის წარმატებები, თუმცა ხელშესახები წარმატებები არ მოყოლია მათ მცდელობებს დიდების გუნდში. სხვა ქართველი მწვრთნელების ფონზე შედარებით გამოირჩევა გეგუჩაძე, მაგრამ საერთაშორისო სარბიელზე, მისი გაწვრთნილი გუნდები, განსაკუთრებით ყაზახ და აზერბაიჯანულ გუნდებთან დაპირისპირებაში, იმდენად უკბილოდ გაისარჯნენ და გოლის გატანის არცოდნა გამოავლინეს, რომ ვფიქრობ უმჯობესია ამ ეტაპზე ახალგაზრდულ ნაკრებში მოსინჯოს ძალა და წარმატების შემთხვევაში მთავარ ნაკრებზრც ვიფიქროთ. ვფიქრობ გეგუჩაძე საკმაოდ ნიჭიერი მწვრთნელია და განვითარების რესურსები აქვს.

ამის ფონზე ღვთის წყალობას გავდა ცხადაძის მიღწევები აზერბაიჯანის ჩემპიონატში, სადაც ის თანამედროვე მწვრთნელად ჩამოყალიბდა და სავსებით გამართლებულად მიმაჩნდა მისი დანიშვნა ნაკრების თავკაცის პოსტზე.

ასევე გამართლებულად მიმაჩნია სპორტის სამინისტროს და ფედერაციის მიდგომა მწვრთნელის ანაზღაურებასთან დაკავშირებით - დადევი შედეგი, მიიღე შესაბამისი ანაზღაურება. მაგრამ არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს.

სერიოზული დილემის წინაშეა მთლიანად საქართველოს საფეხბურთო სამყარო. ყველა კი და არას აწონა-გაზომვა შორს წაგვიყვანს. ვინაიდან ამ ეტაპზე ცხადაზე ყველაზე პერსპექტიულ ვარიანტად მიმაჩნია.

ვფიქრობ, უმჯობესია მას მიეცეს საშუალება განახორციელოს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მითუმეტეს როცა გვპირდება ნაკრების შემდეგ ეტაპზე გაყვანას. წარმატების შემთხვევაში ახალ კონტრაქტზე ახალი პირობებით ვიფიქროთ.

შეიძლება ასევე გვეფიქრა უცხოელ მწვრთნელზე, მაგრამ იმ თანხით, რასაც ცხადაძეს ვაძლევთ, არცერთი კვალიფიციური და პრესტიჟული მწვრთნელი არ დაგვთანხმდება, ხოლო ვადაგასულმა და მეთოდმოძველებულმა მწვრთნელემა რა ხეირიც დაგვაყარეს ჟირესის, ტოპმიულერის და კუპერის მაგალითზე გამოჩნდა, როცა საქართველოს პირობებში ასტრონომიული ხელფასი წაიღეს თითქმის ნულოვანი შედეგით.

რამდენიმე ხანში შესარჩევი ტურნირი დაიწყება. გუნდის შეთამაშებას, ტაქტიკურ მომზადებას, ხარვეზების გამოსწორებას გარკვეული დრო ჭირდება. ახლა ფეხბურთელები მწვრთნელთან ერთად უნდა მუშაობდნენ საფეხბურთო აზროვნების დახვეწაზე, გუნდური თამაშის პრინციპების დანერგვაზე და ა.შ. ეს რამდენიმე დღეში არ კეთდება. ნორმალური გუნდის ჩამოყალიბება დროში გაწელილი პროცესია. თუ ამ ციკლში მაინც ვაპირებთ რაღაცის მიღწევას, უკვე აღარ გვაქვს ფუფუნება დავკარგოთ ისეთი ძვრფასი რესურსი, რასაც დრო ქვია.       
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები