ვითა და "ვითიბი ლიგა"
AutoSharing Option
14:29 10-04-2016

2015 წლის საკალათბურთო სეზონი საინტერესო და იმედის მომცემი ინფორმაციით დაიწყო, საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი „ვითა“ ფერფლიდან აღსდგა და ეგრევე გაჭრა საერთაშორისო ფანჯარა, ჩაერთო რა „ვითიბი ლიგის“ გათამაშებაში. კლუბის წარმომადგენლები საკმაოდ თამამ განცხადებებს ავრცელებდნენ და გვპირდებოდნენ რომ კლუბი ღირსეულად გამოვიდოდა და ძლიერ შემადგენლობასაც შეკრებდა. შემადგენლობა შეივსებოდა უძლიერესი ქართველი კალათბურთელებით და მათ დაემატებოდა 5-6 ლეგიონერი. აქცენტი გაკეთდებოდა ახალგაზრდებზე და სამომავლოდ ქართველი ახალგაზრდები ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებდნენ. პრეზიდენტმა ქართველი კალათბურთელებიდან გამორიცხა მხოლოდ ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას და მანუჩარ მარკოიშვილის დამატება.

აბა წარმოიდგინეთ ქართული კლუბი სადაც თამაშობენ ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, ნიკა ცქიტიშვილი, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, მათ ემატებიან ძლიერი ლეგიონერები და პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდები. როგორია როცა ეს კლუბი სპორტის სასახლეში მოგუგუნე ტრიბუნების წინ ერკინება ცსკა-სა და ხიმკის. ხოდა დაუარა ქართველ გულშემატკივარს ტანში ჟრუანტელმა, წინასწარ განეწყო საქომაგოდ და საყიჟინოდ, გონებაში დაალაგა მომავალი შემადგენლობა და სასურველი მწვრთნელიც აირჩია...

ერთეულებს თუღა ახსოვდათ ის ფაქტი, რომ ვითა ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის გამოცდილებაც არ ჰქონდა.

თუმცა გავიდა დრო და გულშემატკივართა ოპტიმიზმს საფუძველი ნელ-ნელა გამოეცალა. ჯერ იყო და ვითა სუპერლიგის ნაცვლად რანგით დაბალ პირველ ლიგაში მოხვდა, შემდეგ მომავალი გუნდის სიაც გამოქვეყნდა და... იქ ქართველებიდან ყველაზე ცნობადი სახეები ირაკლი ჩლაიძე, მიხეილ ბერიშვილი და ლევან შენგელია აღმოჩნდნენ (მოგვიანებით მათ ბექა წივწივაძე დაემატათ). მწვრთნელად პაველ გოოგე მოიწვიეს, რომელსაც ადრე ბათუმის ბასკოში ჰქონდა ნამუშევარი, ჩამოიყვანეს ნორმალური ლეგიონერები. გულშემატკივარი უკვე სკეპტიკურად უყურებდა ვითას უნარს ებრძოლა პლეიოფში გამსვლელი ადგილისთვის, მაგრამ მოვლენები გაცილებით უარესად განვითარდა.

პირველი მატჩი თბილისში შედგა და ვითა კრასნი ოქტიაბრთან დამარცხდა... ამის შემდეგ მარცხი მარცხს მოსდევდა, თან ფინასური პრობლემებმა იჩინა თავი და კალათბურთელები ხელფასის დაგვიანებას უჩიოდნენ. მოგვიანებით კლუბი მწვრთნელმა და რამდენიმე ლეგიონერმა დატოვეს, ვითას მარცხიან თამაშებს კი დასასრული არ უჩანდა.

პირველი გამარჯვება ვითამ 2016 წლის 27 მარტს მინსკის წინააღმდეგ მოიპოვა, მანამდე კი იყო ზედიზედ წაგებული 26 შეხვედრა, მათ შორის მარცხი 40, 50 და 60 ქულით. გამარჯვებას ისევ გამანადგურებელი მარცხი მოჰყვა, ნიმბურკთან 60 ქულით  და ვითას შემადგენლობაში სულ 6-მა (!) კალათბურთელმა ითამაშა.

დღეს თბილისში არ ისმის მოგუგუნე ტრიბუნების ხმა, ვითას ფორმით არ დაფრინავს ვიკა სანიკიძე, არ განიხილავენ საპლეიოფო ბატალიებს და მომავალ მეტოქეებს, ასე განსაჯეთ ჯერ კლუბს საქართველოს სუპერლიგაში გადასვლაც არ დაუბევებია...  ვითას წლევანდელი საერთაშორისო თავგადასავლიდან ერთადერთი რაც დარჩება ეს არის კოლოსალური გამოცდილება, გამოცდილება 40-60 ქულით თამაშის წაგებისა. საკითხავია ოღონდაც, გამოადგება კი ეს გამოცდილება ვინმეს?
ავტორი  -  შალვა
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები