თანამედროვე ფეხბურთი მწვრთნელ-მოტივატორს საჭიროებს!
AutoSharing Option
20:47 18-04-2016
დღეს მწვრთნელის პროფესიისადმი მოთხოვნილება საშუალოა, მიუხედავად ამისა ადამიანი, რომელიც სპორტსმენთა მომზადებით არის დაკავებული, ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში. ის მომავალ ჩემპიონებს ამზადებს.

მწვრთნელის პროფესია იყო და რჩება პატივსაცემ პროფესიად. გუნდის და კონკრეტული სპორტსმენის წარმატება ყოველთვისაა დამოკიდებული მწვრთნელის პროფესიონალიზმზე. მწვრთნელის მთავარი მიზანია გამოამჟღავნოს და გახსნას სპორტსმენის ყველა შესაძლებლობა, ასევე ასწავლოს მას საკუთარი რესურსის გამოყენება. იმისთვის, რომ ვარჯიშები უფრო ნაყოფიერი იყოს, სწორი სავარჯიშოები უნდა შეარჩიოს. მწვრთნელი სპორტსმენს არამხოლოდ მისი ტანის, არამედ ემოციების კონტროლსაც ასწავლის. ის სპორტსმენს ფსიქოლოგიურადაც ამზადებს!

21 წლის ვარ და მთელი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ნახევარ ცხოვრებაზე მეტი მაინც ვუყურებ ფეხბურთს, ვიღებ იმ ემოციას, სიამოვნებას, რომელიც სპორტის ამ სახეობას მოაქვს. გუნდის წარმატებას ყოველთვის მწვრთნელში ვხედავდი და პრობლემას - ასევე მასში. უნდა ითქვას, რომ მწვრთნელები, რომლებიც ადრე, ჯერ კიდევ ჩემს პატარაობაში სათანადო წარმატებას აღწევდნენ, დღეს დიდად ვეღარ აღწევენ კარგ შედეგებს. ჩნდება კითხვა: რატომ? პასუხი შეიძლება ბევრი იყოს, მე კი ერთ მიზეზს გამოვყოფ: თანამედროვეობა მწვრთნელ-მოტივატორს მოითხოვს! ავხსნი რასაც ვგულისხმობ...

მოდით, დიეგო სიმეონეთი დავიწყებ, რადგან პირადად ჩემთვის, ის დღეს საუკეთესო მწვრთნელია. სიმეონე, თავის დროზე, არც თუ ისე ძლიერ "ატლეტიკოში" მივიდა. მას არც სათანადო გამოცდილება ჰქონია - არგენტინაში გატარებული კარიერა ევროპაში დიდ გამოცდილებად ვერ ჩაითვლება - ევროპაში სხვა ფეხბურთია! მართალია, ის ჯერ კიდევ"უეფას თასის" გამარჯვებულ გუნდში მივიდა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა, რადგან გუნდს ყოველწლიურად ლიდერები ტოვებდნენ. ვერ მოასწრებდა მწვრთნელი გუნდის სათანადო "ფორმაში" შეყვანას, სრულდებოდა სეზონი და ახალი შემადგენლობა იყრიდა თავს.

დღეს სიმეონე ის მწვრთნელია, რომელმაც "ატლეტიკოსთან" ერთად ყველა ტიტული მოიგო, გარდა ერთის - ჩემპიონთა ლიგა! რის ხარჯზე შეძლო ეს ასე მალე, ერთი შეხედვით გამოუცდელმა მწვრთნელმა? რატომ მიიყვანა გუნდის ხელმძღვანელობამ ის გუნდში? იმიტომ რომ საფეხბურთო კარიერის დროსაც და სამწვრთნელოსიც, მან კარგად იცოდა ფეხბურთელთა მოტივაცია! მან ფეხბურთელებში რწმენა გააღვიძა - რწმენა საუკეთესობისა. დააჯერა, რომ მათ შესწევთ ძალა მსოფლიოში პირველობის. შესწევთ იმ ჩემპიონატში პირველობა, სადაც ორი გიგანტი, კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" ასპარეზობენ. ის თითქმის არასდროს ჯდება სკამზე, თამაშშია ჩართული, გოლების დიდ ნაწილს კი ფეხბურთელები მასთან მირბენით აღნიშნავენ - მან დიდი ოჯახი შექმნა! ოჯახი, სადაც მას ვერავინ გადაახტება, სადაც ის ლიდერია, მის სიტყვას დიდი ფასი აქვს, სადაც ის უბრალოდ - მოტივატორია. ის არასდროს ნებდება და არც ფეხბურთელებს აძლევს დანებების საშუალებას - ყოველთვის პოულობს სიტყვებს, ემოციას, რომლითაც გონს მოყავს გუნდი და ის გუნდი შემდეგ მთელ მსოფლიოს აოცებს! დრო და დრო მწვრთნელ-ტაქტიკოსადაც ჩამოყალიბდა და ესეც მოქმედებს მის გუნდზე - ნებისმიერ შედეგზე იცის როდის როგორ უნდა ითამაშოს!

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას იურგენ კლოპზეც. იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც დორტმუნდის "ბორუსიაზე" ბევრი არაფერი იცოდა. მახსოვს, პატარაობაში"ფლეისთეიშენს" რომ ვთამაშობდი და ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ხშირად მხვდებოდა ეს გუნდი, მხოლოდ იან კოლერით ვიმახსოვრებდი, 2-მეტრიანი ფეხბურთელით, სხვა არაფრით, სამწუხაროდ. ისტორიისთვის არასდროს გადამიხედავს, ამწყოთი ვცხოვრობდი.

თქვენ იურგენ კლოპს მწვრთნელად თვლით? მე არა! ის ნამდვილი გიჟია! გიჟი, რომელიც ამ სიგიჟეს დღევანდელ ფეხბურთში ძალიან კარგად იყენებს. არ ვიცი, 10-20 წლის წინ ეს სიგიჟე რაში გამოადგებოდა, თუმცა დღეს ამ სიგიჟით ის გიჟობს! დღეს მის სიგიჟეს საჭიროებს ფეხბურთი. ერთ-ერთი ბოლო თამაში გავიხსენოთ მისი: "დორტმუნდთან" გუნდი მარცხდებოდა 0-2, ის კი იდგა და იცინოდა, ხმას არ იღებდა, არაფერს ცვლიდა ტაქტიკური კუთხით, მსაჯის სასტვენის შემდეგ კი გასახდელში გაიქცა - მეორე ტაიმში წამითაც არ გაჩერებულა. რამ ჩაადენინა "ლივერპულს" სასწაული მეორე ტაიმში? კლოპის სიგიჟემ. რამ ჩაადენინა "დორტმუნდს" ის სასწაული, რასაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ერქვა და ისეთი გუნდის ბარიერის დაძლევა, როგორიც "რეალია"? კლოპის სიგიჟემ! ის არაა მწვრთნელი, ის გიჟია, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთიც სიგიჟეა დღეს!

ინგლისში დღე-დღეზე, ალბათ, "ლესტერი" გაჩემპიონდება და ეს ის გუნდია, რომელიც წინა წელს გასავარდნ ზონას დააღწია თავი. ეს ის გუნდია, რომელზეც უკვე ფილმის სცენარს წერენ, არადა სეზონი დასრულებული არაა... ამ კლუბს სათავეში კლაუდიო რანიერი უდგას. რანიერი არ არის მოედანზე სიმეონესავით მოტივატორი და კლოპისავით გიჟი, ის კარგი ტაქტიკოსია! მან იცის, ვისთან როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მატჩის მსვლელობისას, ასე თუ ისე, მშვიდია, მაგრამ... ჩვენ არ ვიცით როგორია ის გასახდელში! ჟურნალისტებთან საუბრისას ის ფეხბურთელებს სულ ერთი და იმავეს ეუბნება: მიზანი პრემიერლიგაში დარჩენაა, არადა აგერ 1-2 გამარჯვებაც და გუნდი ჩემპიონდება. მთელი სეზონის მანძილზე წამითაც არ მისცა ფეხბურთელებს უფლება მოშვების, დანებების... ეს სიტყვებიც მოტივაციაა მათთვის - "ჯერ არაფერია დასრულებული!" რანიერი როგორც მწვრთნელი, ისევე კარგი ტაქტიკოსიცაა და რადგან კარგი მოტივატორია, შედეგიც აქვს უკვე საოცარი.

და მოურინიო? და ბენიტესი? და ვან გაალი? ეს ხომ ის მწვრთნელები არიან, რომლებსაც წლების წინ კარგი მიღწევები ჰქონდა? დიახაც, მეგობრებო, ისინი ყოველთვის ტაქტიკოსები იყვნენ და არასდროს - მოტივატორები! 2005 წელს "ლივერპულმა" სიგიჟე რომ ჩაიდინა და 0-3-დან მეორე ტაიმში ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ამოუტრიალა" "მილანს", მაშინ მე ბენიტესი საქმეში არ მინახავს - "ლივერპულს" გაუმართლა, რომ გუნდს სტივენ ჯერარდი კაპიტნობდა! ის იყო მოტივატორი მაშინ, მან მოაგებინა გუნდს ფინალი, მან მოიყვანა ბიჭები გონს და დააჯერა, რომ ჯერ არაფერია დასრულებული. ჩვენს ენაზე, დღეს, ჟარგონალ ადიტყვიან, "მოხოდა". დიახაც, "მოხოდა" გუნდი.

მოურინიოს "პორტოც" სრული სიგიჟე იყო და ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრებიც, მაგრამ დღეს? ერთი "ჩელსიდან" გააგდეს, მეორეს "მანჩესტერ იუნაიტდიდან" აგდებენ...  თანამედროვე ფეხბურთი მწვრთნელ-ტაქტიკოსებს არ საჭიროებს!

საქართველოში როგორი სიტუაციაა? დავიწყოთ თემურ ქეცბაიათი... ქეცბაია როცა მოვიდა ნაკრებში, 1 წლის მანძილზე თამაში არ წააგო - საუცხოო შედეგი ჰქონდა, მართლაც, თანაც რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფი ხორვატია დავამარცხეთ... შემდეგ რა მოხდა? მცირე კონფლიქტი შიგნით, გუნდში და აშენებული კოშკი თავზე ჩამოენგრა, რომლის აშენებაც ვეღარ შეძლო, ვეღარ დაუბრუნა ფეხბურთელებს რწმენა. რატომ ვერ შეძლო? იმიტომ რომ ქეცბაიაც ტაქტიკოსია. მას დადებითი შედეგი ნებისმიერ გუნდსა და ნაკრებში ექნება, სადაც სიმშვიდეა, სადაც ფეხბურთელებს მოტივაცია აქვთ, მაგრამ თუ მცირე კონფლიქტი გაჩნდა გუნდში, ვერასდროს მოაგვარებს. სამწუხაროდ, ვერც ეროვნულ ნაკრებში მოაგვარა!

მოვიდა კახა ცხადაძე... კახა შედარებით ემოციური მწვრთნელი იყო და ეს ემოციურობა ნაკრებს კარგად გადაედო. მან შეძლო შეეკრა ბიჭები, დაესვა, სათანადო ენით მიეტანა მათთვის ის, რომ შეუძლიათ საუკეთესობა! ისინი საქვეყნოდ დაიცვა, როცა განაცხადა "ჩემი ფეხბურთელების ლანძღვის უფლებას არავის მივცემო"! ძალიან დიდი მოტივაციაა ეს... ძალიან! კახა, გარდა იმისა, რომ კარგი ტაქტიკოსიცაა, კარგი მოტივატორიცაა, ეს კი ორმაგად და ძალიან კარგად მოქმედებს დღეს ნებისმიერ გუნდში.

დღეს ნაკრებს ვლადიმირ ვაისი წვრთნის. ვაისში, ჯერ განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე, სამწუხაროდ. ჩემთვის უმნიშვნელოა ყაზახეთში რა ქნა ვაისმა - ჩემთვის მნიშვნელოვანი ჩემი ნაკრებია! ერთ თამაშში მე ის ვერც ტაქტიკოსად დავინახე, ვერც - მოტივატორად. ვიმედოვნებ, ვაისი იმ სახის მწვრთნელი გამოდგება, როგორზეც ვწერ - მწვრთნელი-მოტივატორი, სხვა შემთხვევაში ეს ნაკრები ვერაფერს მიაღწევს. ტაქტიკოსი ტოპმიოლერიც გვყავდა, კუპერიც, ქეცბაიაც...

თანამედროვე ფეხბურთი მწვრთნელ-მოტივატორს საჭიროებს. ჩვენც ასევე!
ავტორი  -  ედო
Twitter
4
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები