რატომ უნდა დარჩეს ფერნანდო ტორესი
AutoSharing Option
23:27 19-04-2016
ახალი კონტრაქტი
დიეგო სიმეონეს მადრიდის "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, ჩემპიონობისთვის იბრძვის ლა ლიგაშიც. სეზონის დასრულებისთანავე გუნდს არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მათ შორის, გაიბრძოლოს თუ არა ფერნანდო ტორესისთვის, რომლის იჯარა "მილანიდან" სეზონის ბოლოს სრულდება.

მართალია, "ატლეტიკოს" თანაქალაქელ "რეალთან" ერთად ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტრანსფერები აეკრძალა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით ითქვა, 2016 წლის ზაფხულს კლუბებს შეეძლებათ ტრანსფერების განხორციელება, შემდეგ - აღარ. ამიტომ ტორესის საკითხი ჯერაც აქტუალურად რჩება.

თუ თავად ტორესს გუნდში დარჩენა სურს, მას ჯერაც დასამტკიცებელი აქვს, რომ გუნდს სჭირდება. ბოლო რამდენიმე თამაშში ნამდვილად მოუმატა, რაზეც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გატანილი გოლებიც მეტყველებს, თუმცა ტორესს "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ ხშირად ახასიათებს არასტაბილურობა, სიმეონეს "ატლეტიკო" კი ისეთ სიმაღლეზე დგას დღეს, არასტაბილურ ფორვარდებს ვერ დაეყრდნობა.

ტორესს გაუმართლა, რომ კლუბის მიერ ზაფხულში "პორტოდან" შეძენილი ჯექსონ მარტინესი ვერა და ვერ ათამაშდა, ამიტომ სიმეონემ მისი გაყიდვა გადაწყვიტა. გაუმართლა ლუსიანო ვიეტოს ვერ მორგებაშიც, რომელიც, როგორც ჩანს, სიმეონეს სამომავლო გეგმებში ჯდება და არა- აწმოში. ამიტომაც ესპანელ ფორვარდს ბევრად მეტი დრო მიეცა სათამაშოდ, გოლების გასატანად და კრეატიული თამაშით გულშემატკიავრთა გასახარად.

როგორც დიეგო სიმეონემ განაცხადა, ის ტორესის მომავალს არა მისი სტატუსით, არამედ დონით გადაწყვეტს. თუ ესპანელის პერფორმანსით ვიხელმძღვანელებთ, დღეისთვის ის უკვე კლუბის პირველი ფორვარდია!

ტორესის ყიდვა ან იჯარის გახანგრძლივება ფინანსური კუთხიდანაც ლოგიკური იქნებოდა - კლუბს ასეთი ნაბიჯი ძვირი არ უნდა დაუჯდეს.

გამოცდილება და მაგალითი

ტორესი იყო და რჩება მაღალი კლასის ფეხბურთელად, "ატლეტიკოს" შემადგენლობა კი ბოლო წლებში ძალიან გაახალგაზრდავდა, ამიტომ ესპანელს შეუძლია ჯერაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამომჟღავნებაში ხელი შეუწყოს.

ანხელ კორეას და ლუსიანო ვიეტოს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ტორესისგან, რომელიც, როგორც წესი, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარიერის მანძილზე ტორესმა მსოფლიოს თასი მოიგო და "ატლეტიკოს" ლეგენდად ითვლება - ასეთმა ფიგურამ შეუძლებელია ახალგაზრდებზე დადებითი გავლენა ვერ მოახდინოს.

ვერ ავუვლით გზას ტორესის ასაკს. რაც უფრო შორს, მით ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს, მაგრამ ერთი წლის მანძილზე მისი გამოცდილება კორეასა და ვიეტოს უნდა დაეხმაროს, რომლებსაც ჯერაც არ ყოფნით სტაბილურობა და გამოცდილება. ადრე თუ გვიან თავიანთ მენტორს წაართმევენ ძირითად შემადგენლობაში ადგილს, მაგრამ კიდევ ერთი წლის მანძილზე "ატლეტიკო" ახალ თაობაზე გადასვლის პერიოდში იქნება და ისეთი ვეტერანები, როგორიც ტორესია, გუნდისთვის საჭირონი იქნებიან.

მომავალი
ყველა ფეხბურთელს თავისი მიზანი და ამბიციები აქვს, მაგრამ ბევრი დამეთანხმება, რომ ტორესი ამერიკულ "მლს"-ს იდეალურად ჩაეწერება.

მისი ყოფილი გუნდელი დავიდ ვილა მშვენივრად ათამაშდა აშშ-ში და შესამჩნევ ფიგურად იქცა. ყოველწლიურად ამერიკული ჩემპიონატი უფრო ძლიერი და პრესტიჟული ხდება და ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ტორესია, უფრო ფასეულები ხდებიან იქ.

ტორესი აღარაა ის სწრაფი ფეხბურთელი, რომელიც გვახსოვს, მაგრამ მოედანზე კარგად გადაადგილებას კვლავაც ახერხებს და 100%-ზე იხარჯება. ის კვლავაც ცდება მცველებს და შეტევებსაც კარგად ასრულებს. მიმდინარე სეზონში ის თავის ძლიერ მხარეებს ბოლომდე ვერ ამჟღავნებს, აშშ-ში კი კვლავ შეძლებს გაიხსნას და ვარსკვლავად იქცეს.
ავტორი  -  ედო
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები