ის ქართველია და ესაა მისი უპირველესი გამარჯვება!
AutoSharing Option
22:56 22-04-2016
თავიდანვე ვიტყვი, რომ კითხვა, რომელიც ამ პოსტში დაისმევა, დიდი ხანია მაწუხებდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც მაფერხებდა საჯაროდ დაწერისგან და კითხვისგან, თუმცა რა - არ ვიცი. ალბათ, გარკვეულწილად ისიც, რომ ყოველთვის, როცა პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა და ვიძახდი "არავის ვუყვარვართ", თურქეთში და ესპანეთში გატარებული რამდენიმე დღე მახსენდებოდა, სადაც ძალიან კარგად მიმიღეს, კარგად გამიმასპინძლდნენ - ორივე ადგილას იცოდნენ, საიდანაც ვიყავი.

თურქები შოთა არველაძეს მიხსენებდნენ ხშირად, მისი ქვეყნიდან ხარო? და სიამაყით ვიძახდი, კი-მეთქი... ესპანელები ქართველი ფეხბურთელებიდან კახა კალაძეს ცნობდნენ ყველაზე კარგად, თუმცა გიორგი ქინქლაძეც იცოდა ზოგმა. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ "კალა" ვიცე-პრეზიდენტი და ენერგეტიკის მინისტრია დღეს უკვე...

...მაგრამ ყოველთვის, როცა ქართველ სპორტსმენთა გამოსვლას ვუყურებ, მათი ასპარეზობის უმეტესს შემთხვევაში სწორედ ეს პროტესტი მიჩნდება - რატომ არ უყვართ საქართველო და, ზოგადად, ქართველები არავის? რატომ ვიჩაგრებით ყველგან? რას გვერჩიან?

მთელი ისტორიის, არსებობის მანძილზე გვერჩოდნენ. მართალია, სხვა სახით და სულ სხვაგან, თუმცა ხომ გვერჩოდნენ?!

დღეს ლაშა შავდათუაშვილის ფინალს ვადევნე თვალყური, რომელიც რუსეთში იმართებოდა. გვარიც კი რომ არ სცოდნოდა ვინმეს ამ ბიჭის, მაინც მარტივად შეატყობდნენ, რომ ქართველია - ნამდვილ ქართველად გამოიყურებოდა, ქართული მებრძოლი ხასიათით, როგორიც სხვას არავის აქვს. თავიდან...

ბოლოს კი - დაღონებული... ისევ მსაჯებმა დაჩაგრეს.

რუსეთის ფაქტორს დავაბრალოთ, რომ დაჩაგრეს? ვერა. გაიხსენეთ, ცოტა ხნის წინ თბილისის გრან-პრიზე ბექა ღვინიაშვილს რა გაუკეთეს ნახევარფინალში? ის ხომ საქართველოში ტარდებოდა და აქაც რომ დავიჩაგრეთ, ხომ ფაქტია? რისთვის?

ამბობენ, სპორტი და პოლიტიკა 21-ე საუკუნეში ერთი და იგივე რამ არისო. ასე რომც იყოს, რატომ არ უნდა ვუყვარდეთ არავის? რას გვერჩიან?

ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი დღემდე ვერ ვიპოვე, არადა უკვე 21 წლის ვარ, საკმაო ხანი ვიცხოვრე, მაგრამ... ან ვინ იცის,იქნებ ვიპოვე კიდეც, მაგრამ იმდენად მიუღებელი და არასასიამოვნო პასუხი აქვს ამ კითხვას, რომ თავს ვარიდებ მე თვითონაც? ვინ იცის...

ან იქნებ ვუყვარვართ ვინმეს და მე ვცდები?

ერთი კი ფაქტია: სპორტსმენები მედლით არასდროს ფასდებოდნენ - ისინი თავისი ბრძოლით, ჟინით, თავდადებით ფასდებოდნენ ყოველთვის. რაც არ უნდა იყოს, მედალი მეორე ხარისხოვანია, გულშემატკივრის სიყვარული კი - პირველი!

ლაშა შავდათუაშვილიც ასეთია - მერე რა რომ ის ვერცხლის მედლით ბრუნდება სამშობლოში? მერე რა, რომ მისი ქვეყნის დროშაზე მაღლა დღეს აზერბაიჯანის დროშა აფრიალდა? ის ქართველია და ესაა მისი უპირველესი და უმთავრესი გამარჯვება! ის ქართულ დროშას იცავდა - ესაა მისი სიამაყე! ის ქართველ ხალხს უყვარს, მას ჩემპიონად მიიჩნევენ - აი, რა არის მთავარი. ის, უბრალოდ, ჩემპიონია!
ავტორი  -  ედო
Twitter
10
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (1)
AVATAR
dachi
23 აპრილი 2016 12:31
დიდ პატივს ვცემ ლაშას, მაგრამ ბოლო გაფრთხილება აშკარად ეკუთვნოდა.
ბოლო კომენტარები