გაბრაზებული კაცის წყევლა თუ უიღბლობა ?! - ”ბენფიკას” წარუმატებლობის მიზეზი ფინალებში
AutoSharing Option
22:00 02-05-2016
21:56 02-05-2016
უიღბლობა და სპორტი, შეიძლება ერთმანეთთან ახლოს იყოს, მაგრამ წყევლა და სპორტი ეს თითქმის წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, როცა "ბენფიკასა" და ბელა გუტმანის ისტორიაზე ჩამოვარდება საუბარი, ეს ორი რამ ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელი ხდება...

"100 წელი არ ეღირსოს "ბენფიკას" ევროპული ტიტული", - ეს სიტყვები გუტმანმა 1962 წელს თქვა და ლისაბონური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ახლა კი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, 52 წლისა და 8 ევროპული ფინალის უტიტულოდ დასრულების შემდეგ, მისი ეს სიტყვები მართლდება და ხშირად ახსენებს თავს "ბენფიკას" გულშემატკივრებსა და ფეხბურთის ქომაგებს.

ვინ იყო ბელა გუტმანი?

გუტმანი 1899 წლის 27 იანვარს დაიბადა. წარმოშობით უნგრელი ებრაელი, რომელიც ნახევარმცველად თამაშობდა უნგრეთის ჩემპიონატში, თავის ნაკრებში და სხვადასხვა ამერიკულ კლუბებში. ის თავისი დროის ფეხბურთის ვარსკვლავი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ყველასგან გამორჩეული და ერთ-ერთი უტიტულოვანესი მწვრთნელის სახელი ნამდვილად დატოვა.

32 წლის ასაკში გუტმანმა ფეხბურთელობას თავი დაანება და ფეხბურთელების დამრიგებლის რანგში გადაინაცვლა. 32 წლიან სამწვრთნელო კარიერაში მან 21 კლუბისა და ერთიც ნაკრების (ავსტრია) გამოიცვალა მოასწრო. იფიქრებთ, შედეგინი ვერ იქნებოდაო, თუმცა მიზეზი ეს სულაც არ იყო, რადგან, როგორც მოგახსენეთ, მწვრთნელობისას საკმაო რაოდენობის ტიტულებს მოუყარა თავი.

Sportall.Ge


რა შედეგი ჰქონდა როგორც მწვრთნელს? ახლავე მოგახსენებთ: "უიპეშტი" უნგრეთის ჩემპიონატში ორჯერ აპირველა და ამავე გუნდში მოიგო მიტროპას თასი; შემდეგ ბრაზილიაში წავიდა და "სან პაულუ" პაულისტას ჩემპიონი გახადა; ევროპაში დაბრუნებული კი სამჯერ ზედიზედ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა - ერთხელ "პორტუში" მუშაობისას და ორჯერაც - "ბენფიკაში", ამ უკანასკნელს კი ქვეყნის თასიც მოაგებინა; რაც ყველაზე მთავარია, ორჯერ ჩემპიონთა თასიც აქვს მოგებული იმავ "ბენფიკაში"; მისი კარიერის ბოლო მიღწევა კი "პენიაროლის" ურუგვაიში გაჩემპიონება იყო.

გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ 21 კლუბიდან ერთ-ერთი იტალიური "მილანიც" იყო, სადაც 2 სეზონი გაატარა და როცა "როსონერიდან" დაითხოვეს, დაიჩივლა, ვერ გამიგია, რას მერჩოდნენ, არც ბოროტმოქმედი ვარ და არც ჰომოსექსუალისტიო. მიზეზი ეს მართლაც არ იყო, თუმცა ხასიათით ვერავის ეწყობოდა და ამიტომაც უშვებდნენ კლუბების მეპატრონეები წარამარა.

გუტმანმა სულო ეშმაკს მიჰყიდაო...
ცნობილი ადამიანების ცხოვრება, როგორც წესი, გადაშლილი წიგნივითაა, ბელა გუტმანი კი ამაშიც სხვანაირი იყო. არავინ იცის, რას აკეთებდა ის 1939-დან 1945 წლამდე. ეს ის პერიოდია, ფაშისტები ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებში რომ ისტუმრებდნენ და როგორც ამბობენ, გუტმანმა ბრაზილიაში გაქცევით უშველა თავსო. ეგებ ბრაზილიაშიც იყო, მაგრამ რას აკეთებდა, აბსოლუტურად უცნობია. ზოგი იმასაც ამბობს, იმ ბურუსით მოცულ წლებში ეშმაკს მიჰყიდა სული და ამის წყალობით გახდა დიდი მწვრთნელიო. თუმცა ამას, აბა, ვინ დაამტკიცებს...

მიჰყიდა თუ არა, ფაქტია: 1962 წელს ჯამაგირის გაზრდა რომ მოითხოვა და უარი მიიღო, "ბენფიკადან" წავიდა და გაბრაზებულმა გუნდს ის სიტყვები მიაძახა.

რომელიც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ამ სიტყვებმა კი მომდევნო წელსვე გამოიღო შედეგი, როდესაც "ბენფიკა" ჩემპიონთა თასის ფინალში "მილანს" დუპირისპირდა. მატჩმა იტალიელებისთვის არც ისე სახარბიელოდ აიღო სტარტი - პირველ ნახევარში ეუსებიომ "ბენფიკა" წინ გაიყვანა, თუმცა "მილანი" არ დანებდა და ალტაფინის 2 გოლის წყალობით (და ალბათ გუტმანის წყალობითაც) მათ დიდებული გამარჯვება მოიპოვეს "უემბლიზე". თასი საბოლოოდ "სან სიროზე" წაიღეს.

Sportall.Ge


963 წლის შემდეგ "ბენფიკამ" ევროტურნირებზე კიდევ 7 ფინალი ითამაშა (1965, 1968, 1983, 1988, 1990, 2013 და 2014 წლები) და ვერც ერთში ვერ შეძლო წარმატების მიღწევა. უკანასკნელ ორ ფინალშიც (ჯერ "ჩელსისთან”, შემდეგ კი "სევილიასთან"), სრულ სათამაშო უპირატესობას პორტუგალიელები ფლობდნენ, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერა და ვერ მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ 1990 წლის ფინალი, რომელშიც პორტუგალიელები ისევ "მილანს" შეხვდნენ, ვენაში ჩატარდა - ქალაქში, რომლის ებრაელთა სასაფლაოზეც ბელა გუტმანია დაკრძალული. ფინალის წინ, პორტუგალიული კლუბის ლეგენდა, ეუსებიო (რომელიც სწორედ ებრაელი მწვრთნელის აღმოჩენილი იყო) გუტმანის საფლავზე მივიდა და ღმერთს თხოვდა, რომ წყევლა მოეშორებინა, მაგრამ ის ფინალი "ბენფიკამ" მაინც წააგო.

"ყოველთვის, როცა ლისაბონელები გუტმანის სასაფლაოსთან ახლოს თამაშობს, მის საფლავსყვავილებით ამკობენ, მაგრამ ამას შედეგი არ მოქვს", – ასეთი რამ განაცხადა CNN -ს პორტუგალიელმა ჟურნალისტმა, ხოსე სოარეშმა.

და ბოლოს, მართლაც ჯადოსნური ძალა აქვს თუ არა უნგრელი ებრაელი მწვრთნელის წყევლას, ეს თქვენ შეაფასეთ, თუმცა ის კი ნამდვილად ცხადია, რომ ბელა გუტმანმა "ბენფიკას" ისტორიაში დიდი კვალი დატოვა და მისი სახელი კლუბის გულშემატკივრებს ყოველთვის ახსოვთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი საყვარელი კლუბი ევროტურნირზე ფინალს თამაშობს და ლოცულობენ, რომ ამ გადამწვეტ მატჩსაც ისეთი დასასრული არ ჰქონდეს, როგორიც ქვემოთ მოცემულ ფოტოებზეა აღბეჭდილი...

Sportall.Ge

Sportall.Ge
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები