ისევ ნაკრები, ისევ ფორვარდი!
AutoSharing Option
14:14 11-05-2016
ეროვნული ნაკრები რომ ფეხბურთში ყოველთვის უპირველესია, ამაზე ალბათ არავინ იდავებს. ამას წინათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რამხელა საქმეც არ უნდა გავაკეთოთ ქართული ფეხბურთისთვის, 3 დღეში ნაკრების თამაში რომ იყოს და წააგონ, ის გაკეთებულიც აღარ გამოჩნდებაო...

ყველაფერი აქეთკენ მიდის - ნაკრებისკენ! ნაკრები უმთავრესია, ნაკრები უმნიშვნელოვანესია, ნაკრები უპირველესია!

დავით ყიფიანი, მიხეილ მესხი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ და რეიტინგისთვის ჩაეხედათ, 123-ე ადგილზე ენახათ საქართველო, ალბათ არც დაიჯერებდნენ, რამე შეცდომააო, გაიფიქრებდნენ, მაგრამ დღეს მართლაც ასეთი კატასტროფული რეალობის წინაშე ვდგავართ - რეიტინგში 123-ე ადგილი! ეს კი საგანგაშოა...

რისი ან ვისი ბრალია ყოველივე ეს?! ხშირ შემთხვევაში, ჯოხი მწვრთნელზე ტყდება, მაგრამ მარტო მწვრთნელის ბრალია? არა, რა თქმა უნდა და კარგია, რომ ნაკრებში მოიძებნება რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, ვინც თავის წილ პასუხისმგებლობას ხედავს, გრძნობს, იღებს და ხელებს სხვისკენ არ იქნევს. ამიტომ, მოდით დღეს ათასიდან ერთ-ერთ პრობლემაზე ვისაუბროთ - ფეხბურთელები და, უმთავრესად, ფორვარდი!

სამწუხაროა, რომ ვერ ვიტყვი, ოდესმე სტაბილურად ძლიერი საქართველოს ეროვნული ნაკრები მინახავს ამ 21 წლის მანძილზე-თქო... გუნდში ხან მეკარის პრობლემა იყო, ხან - მცველის, ხანაც - ნახევარმცველის, ფორვარდის კი - სულ! მეკარის პრობლემა რომ გამოსწორდა, ნამდვილად ფაქტია. ეს დიდი პრობლემა იყო...

აი ფორვარდი კი... ფორვარდის პრობლემა ნაკრებში ბოლო წლებია სულ დგას. სულ მიდის საუბარი/დავა იმაზე თუ ვინ შეიძლება მოირგოს ნაკრების მაისური და არაერთი გოლი გაიტანოს.

წლების მანძილზე სხვადასხვა ფორვარდები გვყავდა, ზოგჯერ მწვრთნელებს ნახევარმცველების ფორვარდად მოსინჯვაც უწევდათ. სამწუხაროა, მაგრამ ყოველთვის ერთი სტილის ფორვარდი გვყავდა - წინ მდგომი, შემსრულებელი, რომლამდეც ბურთის მიტანა იყო საჭირო, მას კი შეტევა უნდა დაესრულებინა. ყოველთვის ჩანდა ეს პრობლემა, მაგრამ არცერთ მწვრთნელს არ უცდია მისი გამოსწორება.

მაგალითისთვის... "ატლეტიკოს" გულშემატკივარი ვარ და მის მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს გუნდში რადამელ ფალკაო, დიეგო კოსტა, მარიო მანჯუკიჩი ჰყავდა, ახლა - ფერნანდო ტორესი, ანტუან გრიზმანი. ნახეთ ჩანაწერები, უყურეთ ახლანდელ თამაშებს - აბსოლუტურად ყველა ფორვარდი როგორც წინ იყო აქტიური, ისე უკან, ნახევარდაცვას ეხმარებოდა, ხშირად - დაცვასაც. ყველა ფორვარდი მოძრავი ჰყავდა სიმეონეს და ეს მოძრაობა, საბოლოოდ, შედეგს აღწევდა. მას არასდროს ჰყოლია ისეთი ფორვარდი, როგორიც საქართველოს ნაკრებს ჰყავს - წინ მდგომი, რომელსაც უკან ჩამოსვლა, მკაცრად რომ ვთქვათ,"არ ეკადრება". ადრე მეკარისთვის უკან პასის მიცემაც "არ ეკადრებოდათ", მაგრამ ხომ ისწავლეს?!

ბევრი მეტყვის, რა ვქნათ, რომ ასეთი არავინ გვყავსო და, შეიძლება, მართალიც იყოს. თითქმის ყველა ფორვარდი, ვინც კი გვყავს, ასეთი სტილისაა, მაგრამ... პირადად მე, სხვა სტილის ფორვარდად გიორგი ქვილითაიას მივიჩნევ. ვერ დავიტრაბახებ, "დინამოს" თამაშებს ხშირად ვუყურებ-თქო, თუმცა რასაც ვუყურებ, ის მოძრავი, ელასტიური ფორვარდია და ჩემი აზრით, სწორედ ისაა, ვინც გვჭირდება - სწორედ მისნაირ ფორვარდს საჭიროებს გუნდი. სწორედ მისნაირ ფორვარდს საჭიროებს წინ ჯანო ანანიძე, რომელიც "სპარტაკში" კარგი პასებით გამოირჩევა... არადა, ჯანოზე ხშირად ხუმრობენ, მუდმივ პერსპექტიულ ახალაგზრდად დარჩაო, მაგრამ ისიც იზრდება ნელ-ნელა, ბევრად იხვეწება...  დარწმუნებჰული ვარ, ეს ტანდემი კარგად შეეწყობა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ქვილითაიას შეუძლია "შავი სამუშაოს" შესრულება უკანაც და ნაკრები არა 4, არამედ 5 კაცით ცდილობდეს მეტოქისთვის ბურთის ართმევას მოედნის ცენტრში.

ქვილითაიას პირველ ბურთზეც შეუძლია თამაში, მეკარის ამოტანილ ბურთზე ჰაერში ორთაბრძოლის მოგება. ის თავის სიმაღლესთან შედარებით სწრაფი და ტექნიკურიცაა. ასევე, რასაც დავაკვირდი, ადვილად შეუძლია მეტოქეს ჯარიმა აჰკიდოს. ბევრი პლუსი აქვს ამ ფეხბურთელს...

მისნაირ მეორე ფორვარდს მე დღეს ვერ ვხედავ, სამწუხაროდ. თანამედროვე ფეხბურთის ტაქტიკურ სქემებში 1-დან 3 ფორვარდამდე იყენებენ მწვრთნელები, როგორც წესი, მაგრამ ჩვენს ნაკრებს 1 ეყოფა, ოღონდ 1 ისეთი, რომელიც წინაც ირბენს, უკანაც მოეხმარება გუნდს და "ვიზის გამო ვერ ჩამოვდივარო" არ გეტყვის. ვიმედოვნებ, რომ ვლადიმირ ვაისი მისცემს შანსს ამ ფეხბურთელს ნაკრებში თამაშის და, რაც მთავარია, სწორად გამოიყენებს ანანიძე-ქვილითაიას ტანდემს.

არ გვჭირდება წინ მდგომი ფორვარდი, გავიგოთ ბოლო-ბოლო ეს - გოლებს მცველებიც გაიტანენ, თუ საჭირო გახდა სტანდარტული მდგომარეობიდან, მთავარი უკან გაწეული სამუშაოა და არა - წინ. "ატლეტიკოს" მაგალითი იდეალურია საამისოდ - წინა სეზონში გუნდის გოლების 90% სტანდარულებიდან გავიდა. ამ გატანილი გოლების 90%-ის 40% კი მცველების ანგარიშზე იყო!

ფორვარდი, რომელზეც მე ვწერ, ფიზიკურად უნდა იყოს ძალიან ძლიერი, რისი პრობლემაც დღეს თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელს აქვს... ამასაც ეშველება - გვჯეროდეს, მეტი რაღა დაგვრჩენია?!
ავტორი  -  ედო
Twitter
3
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (1)
AVATAR
ბექა
12 მაისი 2016 13:43
ედო მაინტერესებს ერთობი თუ პრეტენზია გაქვს, რომ ფეხბურთი გაგეგეგბა და შენს აზრებს გვიზიარებ, რათა უფრო პროფესიონალურად შევხედოთ გულშემატკივრებმა სხვადასხვა საკითხებს?
ბოლო კომენტარები