ბევრი რამ წარსულს მიეცემა, მაგრამ არა დავით ყიფიანის სახელი!
AutoSharing Option
22:27 13-05-2016
მას ჯადოქრად, პროფესორად, ფეხბურთის მაესტროდ მოიხსენიებდნენ. და ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამებოდა. გავა წლები. ბევრი რამ საქართველოში დავიწყებას მიეცემა, მაგრამ დავით ყიფიანის სახელს არასდროს დაივიწყებენ. ინგლისური გაზეთების ძველი სტატიების ფოტოები მინახავს, სადაც მისი თამაშების შემყურე ყოველთვის წერდნენ, რომ მოედანზე ყიფიანი ისე გამოიყურება, როგორც მეფე ტახტზე.

რეალურად კი გახსოვთ ყიფო? მე არა, ან როგორ მემახსოვრება?! მაგრამ, საბედნიეროდ, არაერთი კადრი შემოგვრჩა მისი... მოედნის ცენტრში ბურთის მიღებისას საოცრებების კეთებას რომ იწყებს და აკეთებს ისეთ რამეს, რასაც სხვები ვერ აკეთებენ... ხოლო ბრწყინვალე გოლის, პასის ან თუნდაც ფინტის შემდეგ ტრიბუნას უყურებს: სიამოვნებას იღებდა ქართველი ხალხის სიხარულით. საოცარია....

ამბობენ, იმ წლებში ქართველი მატჩიდან მატჩამდე ცხოვრობდაო. კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ შეუძლებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყიფიანიც იმავე სტატუსს მიიღებდა ევროპაში, რაც, თუნდაც მიშელ პლატინიმ.

ყიფიანს ქართველები ნამდვილ ჯადოქრად თვლიდნენ, ამიტომ როცა ნაკრებში არ იძახებდნენ, გულშემატკივარი ჯავრს უდანაშაულო გავრილოვზე იყრიდა. დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ 1982 წელს "სსრკ"-ს ნაკრებში ყიფიანის მონაწილეობის შემთხვევაში, ნაკრები მედლებს დაეუფლებოდა. ვინ იცის...

მას შემდეგ, რაც ყიფიანმა კარიერა დაასრულა და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, მან თბილისის "დინამო" მწვრთნელის რანგში ჩაიბარა. იმ წელს "დინამო", რომელმაც 1 წლით ადრე მე-16 პოზიცია დაიკავა, მე-7 პოზიციაზე გავიდა და მედლებისთვის ბრძოლაც შეეძლო რომ არა ლენინგრადულ "ზენიტთან" წაგებული მატჩი. ამ თამაშის შემდეგ ქუჩაში ყველა ფეხბურთელებს ლანძღავდა, ყიფიანზე კი ერთი სიტყვაც არ უცდებოდათო...

1990 წელს, როცა საქართველომ საკუთარი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა, ყიფიანმა განაცხადა: "მე გუნდის უფროსი მწვრთნელი ვარ. რამდენიმე დღეში სათასო შეხვედრა გვაქვს კიევის "დინამოსთან". არასწორად მიმაჩნია ამ ჩემპიონატის მიტოვება, მაგრამ საკუთარი ერის წინააღმდეგ არ წავალ. რადგან წასვლა გადაწყვიტეთ, მეც თქვენთან ერთად ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართული ფეხბურთისთვის კარგი იქნება ჩვენი კიდევ 1 წლით დარჩენა.

იმ წელს ყიფიანმა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველ გამარჯვებულად აქცია, შემდეგ კი ავარიაში მოყვა. შედეგად ტრეპანაცია გაუკეთდა და 1 ლიტრამდე სისხლი დაკარგა. მძიმე ტრავმის შემდეგ საბერძნეთში გაემგზავრა და "ოლიმპიაკოსს" საბერძნეთის ჩემპიონატში დარჩენაში დაეხმარა, მაგრამ უცხოეთში ცხოვრება არ იყო მისი საქმე და მალევე თბილისში დაბრუნდა.

2001 წლის 17 სექტემბერს, 18:45 საათზე, თბილისიდან 20 კმ-ის დაშორებით დავით ყიფიანი ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

დიახ,სამწუხაროდ  ასეა. ლეგენდა აღარ არის. ჩვენთან თვლიან, რომ ქართული ფეხბურთი უკვდავია. უკვდავია დავით ყიფიანიც.

ავტორი  -  ედო
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები