დიეგო სიმეონე - მწვრთნელი, რომელიც ტრანსფერს ზოდიაქოს ნიშნით აკეთებს
AutoSharing Option
22:36 15-05-2016
მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი რომ არის, ამაზე ალბათ დავა არ ღირს. მართალია, ის ბევრს მოსწონს, ბევრსაც - არა, მაგრამ მისი პროფესიონალიზმი მიუხედავად ანტიპატიებისა, ხელშეუხებელია...

ამას წინათ, ესპანურმა გამოცემა "მარკამ" სიმეონეზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მისი წარმატების 10 საიდუმლო იყო ჩამოთვლილი. ერთ-ერთი კი ასე იწერებოდა: "დიეგო სიმეონე - მწვრთნელი, რომელიც ტრანსფერებს ზოდიაქოს ნიშნით აკეთებს". რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, საინტერესოდ მომეჩვენა და ვცადე გამერკვია, რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი რეალობას ექვემდებარებოდეს.

ვცადე და აი ასეთი შედეგი მივიღე...

დიეგო სიმეონეს ყველაზე მეტად გუნდში "თხის რქები" ჰყავს. თუ ზოდიაქოს ხასიათებს ჩამოვუვლით, გავიგებთ, რომ "თხის რქები" ერთი შეხედვით რბილი ხასიათისა ჩანან, თუმცა ისინი ზოდიაქოს მე-10 ნიშანნი არიან, 10 კი ასტროლოგიაში იღბალის ამსახველი რიცხვია. აქედან გამომდინარე თხის რქებს ხშირ  შემთხვევაში იღბალი სწყალობთ... მათ ახასაიათებთ დაუოკებელი შრომა წარმატების მისაღწევად. მათთვის არაა მთავარი შეამჩნევს თუ არა სხვა მის შრომას. მთავარია თავად იყოს დარწმუნებული, რომ საქმეს გულმოდგინედ და ხარისხიანად აკეთებს.

სიმეონეს წინა სეზონში გუნდში 7 "თხის რქა" ჰყავდა, წელს - 5. ეს ხუთნი არიან იან ობლაკი, ხოსე ხიმენესი, სტეფან სავიჩი, ხუანფრანი და კოკე. ხუთივე ზუსტად ისეთია, როგორიც ახასიათებთ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს, ასეთების ყოფნა კი სიმეონეს გუნდში აუცილებლია.

აქვე ერთი საინტერესო ფაქტი: ორი სხვადასხვა სქესის კირჩხიბი ერთმანეთს ხშირ შემთხვევებში მარტივად უგებს, მაგრამ ორი ერთი ერთი სქესის კირჩხიბი - დიდი პრობლემაა. სიმეონეს გუნდში ერთადერთი კირჩხიბი ჰყავს და ისიც გუნდის კაპიტანია - გაბი ერნანდესი! ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ატლეტიკოში" მექსიკელი მეკარე გილიერმო ოჩოა გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, წარმატებითაც გაიარა და უფასოდ ირიცხებოდა კლუბში... საუცხოო ფორმაშიც კი იმყოფებოდა მექსიკელი, მაგრამ... სამედიცინო შემოწმების შემდეგ მასზე უარი სიმეონემ თქვა, არ მჭირდება მე ოჩოაო და "ბენფიკადან" 30 მილიონად იან ობლაკი მოიყვანა , რაც კლუბის ისტორიაში მეკარეში გადახდილი სარეკორდო თანხა იყო. სიმეონეს ერთი კირჩხიბი ჰყოფნის, მეორე - წესით არევს სიტუაციას.

"ატლეტიკოს" ორი მერწყული ჰყავს, ორივე ცენტრალური მცველია. მერწყულს ენერგია, აქტიურობა ახასიათებს. მერწყულის მწყობრიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელია, ასე რომ მერწყული დიეგო სიმეონეს დაცვაში სჭირდება - საიმედო, დამაჯერებელი... გოდინი ნამდვილად ასეთია, ლუკასი კი ჯერ 20 წლისაა და ნელ-ნელა ისიც ასეთად ყალიბდება.

თევზებს, ზოგადად, დეპრესიულებად გვახასიათებენ (მეც თევზი ვარ). ჩვენ ნებისმიერს შეგვიძლია გავუგოთ, მაგრამ საკუთარ თავს ვერასდროს გავუგებთ. თევზები სუსტი არსებები ვართ, ჩვენზე ნებისმიერი ტკივილი, სიცხე, სიცივე მოქმედებს, მაგრამ... ამავე დროს ძალიან ნიჭიერებიც. უბრალოდ, თუ ზოდიაქოს დავუჯერებთ, გვერდით "კუროს" ვსაჭიროებთ. სწორედ "კურო" გვეხმარება საკუთარი ძალების რეალიზაციაში მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გვიჭირს, ის გვეხმარება "ცურვაში". "ატლეტიკოში" სამი თევზია, სამივე ფორვარდი - ფერნანდო ტორესი, ანტუან გრიზმანი და ანხელ კორეა. თუ კორეა და გრიზმანი ჯერ კიდევ ახალაგზრდები არიან და ე.წ ცუდი პერიოდი არ ჰქონიათ, მაშინ ტორესს ასეთი პერიოდი ჰქონდა. თუმცა, აქ მეორე მხარეა: დიეგო სიმეონე თავადაა "კურო"! "თევზი" კი მძიმე დროს გვერდით "კუროს" საჭიროებს... კუროებს ერთმანეთის ესმით! ალბათ, როცა ყველას დიდი რისკი ეგონა სიმეონეს მხრიდან ტორესის "ატლეტიკოში" დაბრუნება, არგენტინელმა იცოდა, რასაც აკეთებდა და დღეს ფაქტი სახეზე გვაქვს - ტორესი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია! მას კარგად ესმის მწვრთნელის მოთხოვნის, არადა არასდროს უთამაშია ასეთი სტილის ფეხბურთი... თუ გრიზმანს და კორეასაც ექნებათ ჩავარდნა, მათ გვერდით კვლავ "კურო" დადგება სიმეონეს სახით.

კურო თავისი ბუნებით შეიძლება ყველაზე ემოციურიც იყოს, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალი. გარდა იმისა, რომ სიმეონე თავადაა "კურო", მას გუნდში კიდევ ერთი ჰყავს ამ ზოდიაქოს წარმომადგენელი, რომელიც მას ძალიან უყვარს. მასზე ხშირად უთქვამს, როცა ვუყურებ, ჩემი თავი მახსენდებაო... სხვანაირად განა შეიძლება? ერთადერთი კურო-ფეხბურთელი გუნდში ტიაგო მენდესია - სიმეონესავით შრომისმოყვარე, ემოციური, ბრძოლისუნარიანი...

თუმცა თუ წარსულს გადავხედავთ, "ატლეტიკოს" კარებს ობლაკამდე ტიბო კურტუა იცავდა, რომელიც თავის "მოღვაწეობას" მადრიდულ გუნდში არც თუ ისე კარგად იწყებდა, მაგრამ სიმეონეს არასდროს უცდია მისი სკამზე დასმა. ის მას აცდიდა, ისიც ხომ მისნაირი "კურო" იყო და იცოდა?! ვინ იცის...

ვერძის დადებით მხარეებზე თუ ვისაუბრებთ, ესენი უპირველეს ყოვლისა გამბედაობა, უშიშრობა, ხელგაშლილობა, ენერგიულობაა... მათ საკუთარი თავის რწმენა აქვთ და მზად არიან საჭირო დროს საჭირო ადგილას, ასე ვთქვათ, მაგრად დადგნენ. ვერძების დიდი ნაწილი ყველაფერს ითმენს, თავშეკავებელიცაა, იშვიათად ღიზიანდება... ალბათ ამიტომაც ვერძი-ფეხბურთელი მადრიდულ გუნდში სამია და სამივე სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელია, რომლებიც ყოველთვის თავის შანსს ელიან, პრეტენზიებს კი არასდროს გამოთქვამენ, მწვრთნელს კი ხომ სწორედ ასეთი ფეხბურთელები სჭირდება, ვინც მიიღებს იმას, რაც არის და არ ექნება პროტესტის გრძნობა? ასეთ დროს გუნდი ერთიანია... სისტემა ძლიერია. ესენი  ანხელ მოია, ხესუს გამესი და აუგუსტო ფერნანდესი არიან.

ვერძის ანალოგიურად, მრავალმხრივნი, მსუბუქნი, თავაზიანები, ტაქტიანები არიან ტყუპები. ისინიც მოთმინებით ეკიდებიან საქმეს. რაც მთავარია, მათ საოცარი ინტუიცის გრძნობა აქვთ. ინტუიცის მქონე ფეხბურთელს კი სად საჭიროებს მწვრთნელი? რათქმაუნდა, ე.წ გამთამაშებლის პოზიციაზე! გამთამაშებელი უნდა გრძნობდეს სად გააკეთოს პასი, ინტუიციურადაც ხშირად უნდა უდგებოდეს ამ საქმეს... სიმეონეს ორი ვერძი ჰყავს და ორივე გამთამაშებელია - მატიას კრანევიტერი და ტომასი. მართალია, დღეს არცერთი არაა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, მაგრამ ნუ დავივიწყებთ მათ ასაკსაც... გაიზრდებიან...

სამაგიეროდ, სანამ ვერძები გაიზრდებიან, სიმეონე მათ მორიელებით ანაცვლებს. მორიელი ემოციური, მაგრამ ინტელექტუალური, გონიერი და დინჯია. გასაოცარი ნებისყოფის მქონე მორიელს მებრძოლი ხასიათი აქვს, მიზანსწრაფული და მამაცია, ამასთანავე ფრთხილი და დაკვირვებული. იგი მეტოქეს გამჭოლს ხედავს და მუდამ ბოლომდე ანადგურებს მას. ამას აკეთებს არა სპონტანურად, არამედ დინჯად და გააზრებულად, ყოველგვარი ხმაურისა და მღელვარების გარეშე. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია მორიელმა-ფეხბურთელმა გამთამაშებლის პოზიცია მოირგოს. გუნდში ორი მორიელია, ორივე გამთამაშებელი - საული და ოლივერ ტორესი.

არის ორი "ლომიც". ლომი რომ ხასიათით მებრძოლია, ამაზე საუბარიც ზედმეტია ალბათ, მაგრამ სხვა რამეზე კი არის ყურადღება გასამახვილებელი: თუ თევზები ყველას უგებენ საკუთარი თავის გარდა, მაშინ ლომებს სხვისი გაგება, მეტწილად, უჭირთ - მათ ერთმანეთის ესმით კარგად. ცალ-ცალკე ლომი საშიშია, მაგრამ ორი ლომი ერთად - უფრო დიდი ძალაა. სიმეონეს ორი ლომი ჰყავს: ერთი მცველი, ერთი ნახევარმცველი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორივე მეტოქეს მარცხენა ფლანგიდან ერთობლივად უტევს - ფილიპე ლუისი და ფერეირა კარასკო. ორივე მეტოქეს ფლანგიდან დიდ პრობლემებს უქმნის...

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ სიმეონეს ბოლო 2 სეზონის მანძილზე გუნდში არ ჰყოლია "ქალწული" და "სასწორი". "ქალწულებს" მორიდებულობა, უშუალობა, სიმშვიდე ახასიათებთ, სიმეონეს "ატლეტიკო" კი ვიცით როგორი სტილის მოთამაშე გუნდიცაა - მას ასეთი ხასიათის მქონე ფეხბურთელები გუნდში არ სჭირდება, ის მათთან ვერასდროს იმუშავებს. "სასწორი" კი გაუბედავი, გაუწონასწორებელია, საჭირო დროს ხშირად ქმედების უნარს კარგავს, ხშირად წვრილმანების გამოც ფორიაქობს... და ვინც "ატლეტიკოს" და დიეგო სიმეონეს იცნობთ, ვინმე იკითხავთ რატომ არ ჰყავს უკვე ორი წელია ამ ზოდიაქოს წარმომადგენელი არგენტინელს გუნდში?

და ბოლოს, "მშვილდოსანი"... ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები, მეტწილად, პასუხისმგებლიანი, მოაზროვნე, ენერგიულები არიან. სიხალისეც ახასიათებთ. ამიტომ ერთი "მშვილდოსანიც" საჭიროა გუნდში და ვინ, თუ არა შენივე აღზრდილი - ლუსიანო ვიეტო.

ასეა თუ ისე, ამ ყველაფრის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მთლად შორსაც არ დგას აღნიშნული ვარაუდი სიმართლისგან. და თუ რეალურად ასეაა, ეს სიმეონეს გენიოსობის კიდევ ერთი არგუმენტია! შეიძლება ეს ყველაფერი დიდ სისულელედ ჩანდეს, მაგრამ ვინ იცის... ფაქტები ფაქტებად რჩება.
ავტორი  -  ედო
Twitter
6
2
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (2)
AVATAR
batman
16 მაისი 2016 13:20
ატლეტიკო არ მევასება, მაგრამ პოსტი კარგი იყო, ავტორ ჯიგარი ხარ ))
AVATAR
ბექა
16 მაისი 2016 12:59
კაია ედო ესეთი სტილის პოსტებს მიაწექი, ნაშრომი ჩანს. ძაან კარგია რო აქტიურად წერ, მაგრამ სხვა რაღაცეებზე წერა ჯერ ადრეა შენთვის. გულახდილად გეტყვი რა აზრიც შემექმნა შენზე შენი ბლოგიდან - ჭკვიანი ბიჭი ხარ მაგრამ, საკითხების უფრო ღრმად შესწავლა გჭირდება, ან მწვრთნელის ლიცენზიის კურსები რო გაიარო, ან რაიმე მსგავსი ძალიან დაგეხმარება. შენნაირი ახალგაზრდა და აქტიური ბიჭები გვჭირდება, შენი ერთგული მითხველი :)
ბოლო კომენტარები