როცა ქართულ ფეხბურთს პოლიტიკაზე მეტად სჭირდები
AutoSharing Option
23:15 17-05-2016
კოლექციონერი ვარ. ძალიან მიყვარს სპორტსმენთა მაისურების შეგროვება, განსაკუთრებით - ფეხბურთელების. შეიძლება ითქვას, რომ უკვე საკმაოდ ბევრი მაისური მაქვს ნაყიდი, მაგრამ დამეთანხმებით, ფეხბურთელის მიერ ნაჩუქარი ნაყიდს ვერ შეედრება - ის შენთვის განსაკუთრებული ხდება.

დღეს გადავწყვიტე მცირე დრო მათთვის დამეთმო. ამოვალაგე, გადავხედე, გავიხსენე ბევრი რამ. ერთ-ერთი მაისური საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის კახა კალაძისაა. არა, ის მხოლოდ ნაკრების კაპიტანი არაა, ის ჩემთვის ნომერ პირველი ქართველი ფეხბურთელია.

მისი თამაშების ყურება ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, გარკვეულწილად, მის გამოც დავდიოდი ნაკრების საშინაო მატჩებზე, ის მაგალითი იყო ჩემთვის. და დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ჩემთვის! კალა რომ დიდი ფეხბურთელი იყო და არაერთი ტიტული მოუგია, ამაზე ბევრი დაწერილა, ბევრი თქმულა და ბევრი აპლოდისმენტიც მიუღია მას, ამიტომ ამაზე აღარ დავწერ, ყველამ ყველაფერი იცით...

კარგი მეხსიერება მაქვს-მეთქი, რომ ვთქვა, ალბათ მოვიტყუები - სამწუხაროდ ამით ვერ ვიტრაბახებ, მაგრამ ნამდვილად მახსოვს, რომ 2003 წელს, როცა ფეხბურთის აქტიური გულშემატკივარი გავხდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მილანი" "იუვენტუსს" ხვდებოდა, იმ თამაშს ვუყურე... გამარჯვებული პენალტების სერიაში უნდა გარკვეულიყო. კალაძეს არ ვიცნობდი, ჯერ მაინც ახალბედა ვიყავი. ბურთთან მისი მისვლისას გვარი რომ ამოვიკითხე და ქართველია-მეთქი, გამიხარდა. თუმცა ააცილა ის პენალტი, სამწუხაროდ...

დაახლოებით 1-2 თვეში ახალი სასწავლო წელიც იწყებოდა და, ტრადიციულად, სწავლამდე რამდენიმე დღით ადრე დედას საყიდლებზე გავყევი. ან, უფრო სწორად, ის გამომყვა. თვალში "მილანის" მაისური მომხვდა წარწერით "კალაძე". იმწამსვე ვთხოვე დედას მისი ყიდვა. მართალია, პირველივე დღეს არა, მაგრამ არაერთხელ მცმია შემდგომ ეს მაისური სკოლაში, ძვირფასად იქცა ჩემთვის.

კალაძით სწორედ მას მერე დავინტერესდი, რაც მისი მაისურით დავიწყე სიარული. მისი გულშემატკივრობა ამ პერიოდიდან დაიწყო - 2003 წლის აგვისტო. შემდეგ მისი ნახვაც ვისურვე, მასთან საუბარი. დედა მეკითხებოდა, რომ ნახავ, რა უნდა უთხრაო? ვჩუმდებოდი, არ ვიცოდი... აი, რომ გეცოდინება, მერე შეგახვედრებო დიდი ხანი გაგრძელდა ეს ყველაფერი. კალას მხოლოდ ტრიბუნიდან და ეკრანიდან ვუყურებდი. ვცდილობდი მიმებაძა, ეზოში ბურთსაც ვაგორებდი და მის ვიდეოებს ვუყურებდი.

წლების შემდეგ, ერთ-ერთი სანაკრებო მატჩის დასრულების შემდეგ, როცა სტადიონიდან გამოვდიოდით, გიორგი ქინქლაძე დავინახეთ ჩვენდა უცნაურად. იმ პერიოდისთვის უკვე ვიცოდი ვინ იყო ის, ვიცანი კიდეც. დედას ვეუბნებოდი "დე, ეს გიორგი ქინქლაძე არაა?" ქინქლაძემ გაიგო ეს და შემომხედა, კი, მე ვარო, გამომესაუბრა, ოღონდ დიდხანს არა. მე კალას მაისურით ვიყავი... კალა გიყვარსო? კი-მეთქი. გინდა ნახვაო? ჰო... კარგიო.

დედასთან ერთად ნაკრების ავტობუსთან მოვხვდით მასთან ერთად,. კალა როცა გამოვიდა, მიესალმა, ჩემზე კი შენი გულშემატკივარიაო, რაზეც კაპიტანმა მაისური ამოიღო ჩანთიდან და მომცა, მადლობაო. მერე წავიდა, მალე... მადლობა ვერ ვუთხარი მაისურისთვის, ისე გამიხარდა, ამის მერე დავიწყე მაისუების შეგროვება.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მის თამაშებს ვუყურებდი, ვგულშემატკივრობდი, იტალიის ნაკრებთან გატანილი ორი ავტოგოლის მერე ვიცავდი, ვამართლებდი, სპეციალურად არ იზამდა-მეთქი, მაგრამ პირადად აღარ შევხვედრილვარ. გამოსამშვიდობებელ მატჩზე კი იმდენი ვიტირე... არ მინდოდა წასულიყო, თანაც პოლიტიკაში. მე ჩემი კაპიტნის ხილვა არა კაბინეტში, არამედ სტადიონზე მსურს!

კალა ჩემთვის პირველია!
სანამ ნაკრების მნიშვნელობას გავითავისებდი, კალას გამო დავდიოდი სტადიონზე!
კალამ ბევრი რამ მასწავლა, როგორც ადამიანს!
კალა მაგალითია ჩემთვის!
კალა პირველი ფეხბურთელია, ვინც მაისური მაჩუქა და ნაცვლად იმისა მე მეთქვა მადლობა, მან მითხრა.
კალა ლიდერია!

მე კი, როგორც პატარაობიდანვე მისი პირადი გულშემატკივარი, ვიმედოვნებ, რომ მწვანე ბალახს თუ ვეღარ, სტადიონს მაინც დაუბრუნდება ადრე თუ გვიან. კალას ქართული ფეხბურთი საჭიროებს და არა - პოლიტიკა. კალას პროფესიონალიზმს არ ვუჩივი, მაგრამ ქართულ ფეხბურთში უფრო მეტის კეთება შეუძლია, ვიდრე - პოლიტიკაში. ქართველი ხალხის გახარებას ფეხბურთში დაბრუნებით და რომელიმე პოზიციის დაკავებით უფრო შეძლებს, ვიდრე - მინისტრობით....

ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, როგორც ქართული ფეხბურთის და კახა კალაძის ერთი რიგითი გულშემატკივრის! მინდა დაბრუნდეს და ლევან კობიაშვილთან ერთად გამოიყვანოს ქართული ფეხბურთი ჭაობიდან. ორმა კაპიტანმა ბევრი ცუდი ნახა კარიერის მანძილზე საქართველოში და ბევრი კარგი - საზღვარგარეთ. მათ შეუძლიათ ერთიანად ის კარგი გადმოიტანონ ჩვენთან, მჯერა...

მე კი დღესაც არ ვიცი, თუკი ვნახავ მას, რას ვეტყვი... დედას ალბათ ახსოვს პირობა, რომ როდესაც მეცოდინება, აუცილებლად შემახვედრებს მასთან! ალბათ, მაისურისთვის მადლობას გადავუხდი, მაგრამ მერე?! ვინ იცის...
ავტორი  -  ედო
Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები: კახა კალაძე
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები