მონატრებული სიხარულის ნოსტალგია
AutoSharing Option
10:43 22-05-2016
"სანაკრებო ფეხბურთი არის ომის გაგრძელება, რომელიც სხვა საშუალებებით ხდება" – ჯორჯ ორუელი.

13 მაისი–დღე ,რომელიც აღსანიშნავია,დაუვიწყარია,როგორც ყველაზე დიდი გამარჯვების დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში!დღე,რომელიც საერთოდ საქართველოს ისტორიაშია აღსანიშნავი,როგორც უდიდესი სიხარულის დღე საერთოდ ქართველი ერისთვის! სამწუხაროდ უკვე 35 წელი გავიდა და მის შემდეგ ქართულ ფეხბურთს საერთოდ არავითარი წარმატებისთვის არ მიუღწევი. (იმ დღის შემდეგ კიდევ 10 წელი ვთამაშობდით სსრკ–ის ჩემპიონატში,შემდეგ მივიღეთ დამოუკიდელობა, 1994წლიდან ჩავერთეთ მსოფლიო თასის, ევროპის ჩემპიონატების შესარჩევებში, მაგრამ შედეგი იყო მუდმივად ერთი – ნული.

დაიწყებოდა ახალი შესარჩევი ციკლი, მორიგი ოპტიმისტური განცხადებებით, მაგრამ მე–3, მე–4 ტური შესარჩევის და უკვე ყველაფერი ნათელი ხდებოდა – სამწუხაროდ ჩვენ დანარჩენ თამაშებს სატურნირო პერსპექტივების გარეშე ვთამაშობდით (სამწუხაროდ აბსოლიტურად ყველა შესარჩევს!). საბოლოოდ დავწყნარდით, შევეგუეთ უპერსპექტივობას, რაც რეალობად შევრაცხეთ და უკვე დღეს ჯგუფში მესამე ადგილი ჩაგვეთვლება წარმატებად, მაგრამ ჩავთვლით წარმატებად? ვიქნებით კმაყოფილები?...

მე და ათასობით (სამწუხაროდ დღეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ათასით განისაზღვრება, ესღა შემორჩა პოტენციურად მილიონიან არმიას), არ მინდა შევეგუო ამ აზრს და არც არასდროს შევეგუები! ჩვენ უნდა გვყავდეს მუდმივად, სტაბილურად ძლიერი ნაკრები!ამისთვის მიმაჩნია,რომ უნდა გავაფართოვოთ ნაკრებისთვის ფეხბურთელთა შერჩევის არეალი სხვა ქვეყნებში დაბადებული, აღზდილი ქართველი ფეხბურთელებით! მეზობელ თურქეთში სხვადასხვა მონაცემებით 5–7 მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, ირანშიც მგონი მილიონზე მეტი. დღეს ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებში თამაშობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ფეხბურთელები, ფრანგები ეროვნულ ნაკრებს აყალიბებენ ყოფილი კოლონიების რესურსების სრული გამოყენებით, ინგლისის ნაკრებში იშვიათი ხდება ანგლო–საქსი ფეხბურთელი (გაიხარეს, როცა ანგლო–საქსმა ვარდიმ ნაკრების დონე ანახა!), გერმანიის ნაკრებში თურქები, პოლონელები, არაბები ...დუჩემ ფაშისტური იტალიის სადიდებლად ოთხი იტალიური წარმოშობის არგენტინელით გააძლიერა ეროვნული ნაკრები და იტალიელთა წარმატებაში გადამწყვეტი სწორედ არგენტინელი იტალიელების, ორიუნდის, გოლები აღმოჩნდა...

დღეს სომხეთის ნაკრებში შვიდი სომხეთის გარეთ დაბადებული და აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის თურქეთში დაბადებული ოზბილისი, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა და სომხეთის ნაკრებმა უკვე ჩაატარა რამდენიმე წარმატებული თამაში (სლოვაკეთში 4–0 დაამარცხეს მეტოქე,დანიელები ყავთ დამარცხებული დანიაში...). ადრე ამ შედეგს ზღაპარშიც ვერ წარმოიდგენდნენ. სომხებს ზუსტად ის პრობლემა აწუხებს, რაზეც ქვემოთ, მოგვიანებით უნდა გავამახვილო ყურადღება. სომხებს ყავთ ოთხი საზღვარგარეთ აღზრდილი ძლიერი ფეხბურთელი (მხითარიანი,ოზბილისი,მოვსესიანი,პაცინი),ხოლო დანარჩენი ადგილობრივი სუსტი ფეხბურთელები,დისბალანსია შემადგენლობაში...

13 მაისს ერთადერთ წარმატებას მივაღწიეთ საერთაშორისო დონეზე(შეიძლება კიდევ გავიხსენოთ "კოლუმბის თასის" მოგება ესპანეთში ოთხთა ტურნირზე - 1973წ). სსრკ ჩემპიონატებში ორჯერ მივაღწიეთ ჩემპიონობას (1964 და 1978წწ–ში) და ორჯერ მოვიპოვეთ სსრკ–ის თასი (1976,1979). საერთოდ სსრკ–ის ჩემპიონატში თბილისის "დინამო"(პრაქტიკულად საქართველოს ნაკრები) სტაბილურად კარგად ასპარეზობდა. ერთადერთი გუნდი იყო 1983 წლამდე,რომელიც სატურნირო ცხრილში მე–9 ადგილზე დაბლა არ დაშვებულა (1983წელს მე–16ადგილი), მაგრამ ძლიერი "დინამოს" ჩამოყალიბებას მაინც 10–15 წელი ელოდებოდა გულშემატკივარი.

პირველად ძლიერი გუნდი გვყავდა 30წწ–ის ბოლოს, ბორის პაიჭაძის "დინამო", რომლის უმაღლესი მიღწევა იყო მე–2 ადგილი 1939წელს (საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს იშვიათად ატარებდა ,1937წელს გვეწვია ბასკების ნაკრები, დავმარცხდით–0–2).

მეორე ძლიერი თაობა 50წწ–ის დასაწყისში გვყავდა, რომლის ლიდერი იყო "ბასა" ღოღობერიძე – საუკეთესო შედეგებს გუნდმა მიაღწია 1951 და 1953 წლებში,როცა ვერცხლის პრიზიორები გახდნენ (1953–ში ჩემპიონობა შესაძლებელი იყო, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო წაგვაგებინეს უკვე ერთხელ მოგებული მატჩი გადათამაშებაში). საერთაშორისო მნიშვნელოვანი მატჩები არ გვქონია, თუ არ ჩათვლით რუმინეთის ნაკრებთან დამარცხებას (1–2).

შემდგომში ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა 60–იან წლებში ,რომელმაც შეძლო 1964 წელს სსრკ–ის საფეხბურთო ოლიმპის დაპყრობა!გუნდის ლიდერები იყვნენ მესხი და მეტრეველი, რომელიც არ იყო დაბადებული საქართველოში და მოსკოვის "ტორპედოდან" მეცენატების(ძმები ლაზიშვილები, ე.წ. "ცეხოვიკები" არალეგარული მილიონერები საბჭოთა ეპოქაში) მეშვეობით გადმოვიყვანეთ!სპეციალისტების მოსაზრებით მაშინ თბილისის "დინამოს" ჰყავდა ერთ–ერთი საუკეთესო გარემარბები მსოფლიოში მესხი და მეტრეველის სახით!ამ გუნდს პრაქტიკულად არ უთამაშია ამხანაგური შეხვედრები ძლიერ ევროპულ კლუბებთან (გამონაკლისი–1959წ საფრანგეთის "რეიმსთან" მატჩი, რომელიც დავთმეთ 0–1 ანგარიშით; "რეიმსი" იმ წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალისტი იყო). ევროპულ ტურნირებზე ჯერ სსრკ–ის კლუბები არ მონაწილეობდნენ, 1965წლიდან უნდა ჩართულიყვნენ, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა თასზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ სსრკ–ის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი წლით გადადო საბჭოთა კლუბების დებიუტი ევროტურნირებზე (არ მოეწონათ "დინამოს" ჩემპიონობა?).

აღსანიშნავია,რომ მოსკოვის "ტორპედოსთან" ჩემპიონობისთვის დამატებითი მატჩის ლატვიელ არბირტს შედგომში კარიერაში პრობლემები შეექმნა.

შემდგომი ძლიერი თაობა უკვე 70–იანი წწ–ის მეორე ნახევარში გვყავდა ნოდარ ახალკაცის ხემძღვანელობით! მახსოვს ინტერვიუ იუპ დერვალთან (გფრ–ის ნაკრების მთ.მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონი 1980წ), რომელმაც განაცხადა,რომ ნოდარ ახლკაცი საუკეთესო იყო გერმანიაში მწვრთნელთა კურსებზე! დავით ყიფიანი,ალექსანდრე ჩივაძე, გუცაევი, დარასელია, შენგელია, სულაქველიძე, ხინჩაგაშვილი, კოსტავა, მაჩაიძე... 1978წ სსრკ–ის ჩემპიონობა, 1976–79წწ–ში სსრკ–ის თასი... საბოლოოდ დიდი წარმატება 1981წ ევროპის თასების თასის გათამაშებაში!აღსანიშნავია 1980წელს მატჩი ბრაზილიის "ფლამენგოსთან" ესპანეთის ქ.კადისში, ოთხთა ტურნირზე (2–2). ფლამენგო 1981წელს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო, ტოკიოში საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში დაამარცხა ლივერპული(3–0).ფლამენგოს შემადგენლობაში თამაშობდა იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი – ზიკო("თეთრ პელედ" მოიხსენიებდნენ)და ბრაზილიის ნაკრების კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. მნიშვნელოვანია,რომ დინამოს
ფლამენგოსთან შეხვედრაში ტრამვების გამო აკლდნენ ჩივაძე და გუცაევი.

ბოლოს მაღალი დონის ფეხბურთი დინამოს შესრულებით ვიხილეთ 1982წელს "ნაპოლის" წინააღმდეგ უეფა–ს თასზე (2–1,0–1), როცა პრაქტიკულად ორივე შეხვედრაში "ნაპოლის" ბურთი "დავუმალეთ". ნეაპოლში მსაჯმა გაუგებარი მიზეზებით არ ჩათვალა ჩივაძის მიერ გატანილი საჯარიმო...და აგერ უკვე გავიდა სამ ათეულ წელიწადზე მეტი და....

ქართული ფეხბურთი... თბილისის "დინამო," იზრდებოდა საბჭოთა ფეხბურთში მაღალი კონკურენციის პირობებში, საბჭოთა საფეხბურთო სისტემაში, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შესაბამისად ბავშვებსაც გააჩნდათ მოტივაცია საფეხბურთო ოსტატობის დახვეწის სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკების გუნდებთან პაექრობაში, ტრიბუნებიც მუდამ სავსე იყო გულშემატკივრებით, ყურადღება საბჭოთა საქართველოს ორგანოების მხრიდან იყო მაღალი, შესაბამისად მოთხოვნებიც მაღალი, პასუხისმგებლობა. სპორტული კარიერის შემდეგ გამოჩენილ ფეხბურთელებს ასაქმებდნენ მატერიალურად ანაზღაურებად სამუშაობებზე (მაგ: მეტრეველი რესტორნის დირექტორად,ზოგს შსს–ში,პროკურატურაში და ა.შ.)...

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ჩვენ 10–15 წელი ველოდებოდით ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას, თაობათა ცვლა გუნდში ხშირად მძიმედ მიმდინარეობდა და დროში იწელებოდა (10–15 წელი დღეს უკვე, თუ ნაკრებთან დაკავშირებით განვსაზღვრავთ, არის 5–8 შესარჩევი ტურნირი, ე.ი.თუ ჩვენ მაინც, მხოლოდ ჩვენი რესურსებით მხოლოდ 10–15წელიწადში ვახერხებდით ძლიერი გუნდის შექმნას.)

დღეს? დღეს საქართველოს ჩემპიონატი გულშემატკივართა მცირე ინტერესს იწვევს, შესაბამისად არც ბიზნესი ინტერესდება, საბოლოოდ პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს ჩემპIონატში გაიზარდოს ეროვნული ნაკრების შესატყვისი დონის ფეხბურთელი. ერთადერთი შანსი, რომ ეროვნულ ნაკრების მაღალი დონის შემსრულებლებით დაკომპლექტების არის ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპულ კლუბში გაშვება, სადაც შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს ნაკრებისთვის საჭირო დონის ფეხბურთელად, მაგრამ აქ უკვე ერთ პრობლემას ვაწყდებით – სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებს მთელი თავის ისტორიის მანძილზე არავითარ წარმატებას არ მიუღწევია, შესაბამისად ახალგაზრდა ქართველებზე მოთხოვნა თითქმის არ არის,დაბალი სანაკრებო შედეგების გამო არც სატრანსფერო ღირებულებაა მაღალი და...

გვქონდა იმედი, რომ მაისურაძის 17წ. ასაკობრივი და ცეცაძის 19წ. ასაკობრივი ნაკრებებიდან თუნდაც ახალგაზრდული ნაკრები გვეყოლებოდა ძლიერი, მაგრამ ესპანელებმა "ცივი შხაპი" გადაგვასხეს (2–5,0–5), როცა ორ თამაშში 10–ჯერ აიღეს ჩვენი კარები...

90წწ–დან საერთოდ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო – უკვე ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში, დღეს თითქმის ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრები ანგარისშგასაწევი ძალაა, თითქმის ყველგან გაიზარდა დაფინანსება, სამწუხაროდ გაიზარდა სხვაობა კლუბების ფინანსურ შესაძლებლობებში, თამაშების რაოდენობის ზრდასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ მომზადებას (რაც პირდაპირ დამოკიდებულებაშია ქვეყანაში მედიცინის განვითარებასთან)....

ფინანსების მოზიდვისთვის, კონკურენტულ გარემოში ოსტატობის ამაღლებისთვის აუცილებელია ძლიერ ჩემპიონატში ასპარეზობა... ყოფილი სსრკ–ის ტერიტორიაზე საერთო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია ჯერ ელცინის, მერე პუტინის მტრული, აგრესიული პოლიტიკის გამო მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჯერ კიდევ ვერ შეგუებულა კრემლი, რომ ჩაბარდა საბჭოთა იმპერია ისტორიას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ქმნის საერთოდ ნებისმიერ ურთიერთობას, მათ შორის სპორტში!

რამდენიმე წლის წინ ვალერი გაზაევის მხრიდან იყო გაჟღერებული იდეა საერთო საფეხბურთო ჩემპიონატზე, თითქოს უკვე სპონსორებიც გამოჩდნენ, მაგრამ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა, ყირიმის ანექსიამ საბოლოოდ დაასამარა...

საკმაოდ ძლიერი საფეხბურთო ჩემპიონატია თურქეთში, მე–6–მე–8 ევროპაში. ალბათ ჩვენი მხრიდან გაცილებით მეტი ინტერესი უნდა გამოვიჩინოთ თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ეთნიკურად ქართველი ფეხბურთელების მიმართ! თურქეთის სუპერლიგის ფეხბურთელის დონე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების წარმატებით დაძლევისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. ჩემი აზრით, აუცილებელია შეიქმნას ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად იმუშავებს ამ მიმართულებით. უნდა ჩავიდნენ თურქეთში, კონკრეტულად გაირკვეს თუ რამდენი ეთნიკურად ქართველი თამაშობს სუპერლიგაში, რომელთა დონე დამაკმაყოფილებელია ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის. აუცილებელია თითოეულ პოტენციურ ნაკრებისთვის შესატყვის ფეხბურთელთან კონკრეტული ფინანსური წინადადებები, კონკრეტული თანხა თითოეულ თამაშზე გამოძახებისთვის, ბონუსები შედეგისთვის და ა.შ.(საერთოდ ნაკრების თითოელი ფეხბურთელზეც უნდა იყოს გათვალისწინებული პრემია ,ბონუსი შედეგისთვის) მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთებით ფეხბურთელის დაინტერესება რთულია.

ალბათ თითოეულისთვის შესაძლებელია შეიქმნას პრობლემები საკლუბო კარიერაში საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში თურქეთის სუპერლიგაში ლეგიონერის სტატუსით თამაშისთვის, გასათვალისწინებელია შესაძლო ტრავმა (ასევე დავინტერესდეთ ირანის ჩემპიონატით. ჩემი ინფორმაციით, ირანის საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშობენ ფერეიდნელი ქართველები. ახლახანს გამართულ საქართველოს თასის გათამაშებაში სამთო–სათხილამურო სპორტში მონაწილეობა მიიღო ორმა ფერეიდნელმა ქართველმა გოგონამ) არამარტო სპორტული თვალსაზრისითაა საჭირო თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში აუცილებელი...

საერთოდ რა გააკეთა საქართველოს სახელმწიფომ დამოუკიდებლობის 25წლის განმავლობაში თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის?...ფინანსები? ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ ფინანსდება 53მლნ ლარით და რატომ არ უნდა მოხმარდეს თანხის სულ მცირე 10% ქვეყნის #1 გუნდს? რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რესურსი ეროვნული ნაკრებისთვის? თითქმის ყველა ევროპული ნაკრები ეთნიკური წარმომავლობის უგულვეყოფით ყალიბდება: საფრანგეთის ნაკრებში თამაშობენ ფეხბურთელები საფრანგეთის ყოფილი კოლონიებიდან, ინგლისის ნაკრებში – ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებიდან, გერმანიის ნაკრებში–თურქები, პოლონელები, არაბები, განელები.

90წწ–ის დასაწყისში რუსულ "სპორტ–ექსპრესში" რუსი ჟურნალისტი (რაბინერი თუ ტრახტენბერგი ვერ ვიხსენებ) წერდა: მალე ვიხილავთ ჩვენს (რუსეთის) ნაკრებში მესხებს, მეტრეველებს, ოჰანესიანებს... და ამ დროს ჩვენ სრულიად უგულველყოფილი გვყავს თურქეთში და ირანში მცხოვრები რამდენიმე მილიონი ქართველი. თურქეთში და ირანში მეტი ქართველი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში! დღეს საქართველოს მოსახლეობა 3.8მლნ–ია, 1979 წლის აღწერით საქართველოში 5.4 მლნ იყო მცხოვრები. მოსახლეობის რაოდენობის კლება ფეხბურთზეც აისახა,დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო... კი, არსებობს მაგალითები მოსახლეობით მცირერიცხოვანი ქვეყნები წარმატებული ეროვნული ნაკრებით, მაგრამ ურუგვაი საერთოდ ფენომენია და ყოველთვის წარმატებული იყო (მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი! სამხ.ამერიკის 15(!)გზის ჩემპიონი, ურუგვაული კლუბები –პენიაროლი და ნასიონალი 5–5–ჯერ ლიბერტადორესის თასის მფლობელები!).ურუგვაელთა დონეზე ფეხბურთის განვითარებისთვის ჯერ ალბათ ეკონომიკაა საჭირო ურუგვაის დონესთან მიახლოებული, ქვეყნის ბიუჯეტი 2-ჯერ მეტი, შმპ 350%–ით მეტი ერთ მოსახლეზე. ბოლო წლების ქვეყნის ეკონომიკის 2–დან 3.6%–მდე ზრდით (და თან როცა ამ დროს მეზობელი თურქეთის გაცილებით დიდი ეკონომიკა 5%––ით იზრდება) ჩვენ ვერასდროს ვერ მივაღწევთ ეკონომიკის საჭირო დონეს.

დღეს ბრენდი "ქართული ფეხბურთი" პრაქტიკულად არ არსებობს, შესაბამისად ქართველი ფეხბურთელების სატრანფერო ღირებულებები მიზერულია. წარმატებული ეროვნული ნაკრების შემთხვევაში პარალელურად საქართველოში აღზრდილ ქართველ ფეხბურთელების მიმართ გაიზრდება ყურადღება, გაიზრდება სატრანსფერო ფასი (1995წელს ქინქლაძის ტრანსფერი 3 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი თანხა იყო, მაგრამ ქინქლაძე საბჭოთა საფეხბურთო სისტემაში იყო აღზრდილი. დღეს? დღეს როცა ტრანსფერები ახალგაზრდა 18–19წ ფეხბურთელებზე ათეულ მილიონებს შეადგენს, ჩვენ დღეს პრაქტიკულად ლამის უფასოდ ვეხვეწებით, რომ წაიყვანოს ქართველი ევროპულმა კლუბმა, რომ შემდგომში იქნებ ეროვნული ნაკრებისთვის შესაბამის დონეზე აღზარდონ).

ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა, პრესტიჟია! ვერავითარი რეკლამები სნნ–ზე და ბბს–ზე ვერ შეცვლის ქვეყნის ცნობადობის ზრდისთვის მუნდიალებზე და ევროებზე წარმატებული ეროვნული ნაკრების მიერ გაწეულ რეკლამას!

სექტემბერში მორიგი შესარჩევი იწყება 2018წ. მუნდიალისთვის.ძალიან არ მინდა, როგორც უკვე სამწუხარო ტრადიციადაა ქცეული, მე3–მე–4 ტურის შემდეგ დავკარგოთ სატურნირო მოტივაცია და წელსვე დავამთავროთ შესარჩევი. გასათვალისწინებელია,რომ შესარჩევ თამაშებს შორის ინტერვალი 2–3 დღეა ხშირად და თუ გავითვალისწინებთ პრობლემებს ფიზიკაში, მაშინ უბრალოდ აუცილებლობაა 20–22 ფეხბურთელი მაღალი დონის...

პ.ს.10–11 წლის ბავშვი ვიყავი, როცა წავიკითხე გოგოლაშვილის "ნიკეს ცხრა გაზაფხული" (მსოფლიო თასის 1930–1970წწ–ის პირველ ცხრა გათამაშებაზე) და ჩემს ცნობიერებაში აღვითქვი ურუგვაი–პატარა,მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფო!
ავტორი  -  zaza akhalaia
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები