უკანასკნელი მოჰიკანი
AutoSharing Option
21:15 23-05-2016

22 მაისს დინამო არენაზე იაშკა დიდი ფეხბურთიდან წავიდა. ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში დინამომ შუქურა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და სეზონიც ტრიუმფით დაასრულა. თბლისურ კლუბს ჩემპიონობა ბოლო ტურამდე უკვე განაღდებული ჰქონდა, თუმცა ამ შეხვედრას სხვა უფრო დიდი ხიბლი ჰქონდა. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ალექასნდრე იაშვილმა კარიერის უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა. მატჩის დასრულების შემდეგ იყო ემოციები, ცრემლები, ნოსტალგია და ბევრი არეული გრძნობა, მაგრამ...

იაშკა უფრო მეტს იმსახურებდა, ქართველი ერისგან იგი მეტ დაფასებას, მეტ ტაშს, მეტ შეძახილს და ყველაფერს მეტს იმსახურებდა ვიდრე 500 ამდე გულშემატკივარია. იაშვილს საქართველოს სახელი ევროპულ ასპარეზზე ღირსეულად აქვს გატანილი. მას აფასებენ და უყვართ გერმანიაში. ვინ იცის მას კარიერა რომელიმე გერმანულ კლუბში რომ დაესრულებინა რა მოხდებოდა. მთელი სტადიონი ერთხმად ადგებოდა მრავალჯერ შესძახებდა მის სახელს, არ დაიშურებდნენ არც აპლოდისმენტებს სტადიონზე მისვლაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

იაშვილის საფეხბურთო კარიერა 1993 წელს თბილისის დინამოში დაიწყო, საიდანაც იგი 1997 წელს გერმანულ ფრაიბურგში გადავიდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 10 წლიანი ეპოქა შექმნა. იაშკა ფრაიბურგში კობიაშვილთან და ცქიტიშვილთან ერთად თამაშობდა. 255 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივრების უსაყვარლეს ფეხბურთელად იქცა. 2007 წელს იაშვილი კარლსრუეში გადავიდა, სადაც ასევე ფანების საყვარელი ფეხბურთელი და გუნდის კაპიტანი იყო. მისი გერმანული კარიერის ბოლო კლუბი ბოხუმი იყო, საიდანაც იგი ბაქოს ინტერში გადავიდა. მან აზებაიჯანში 1 წელი გაატარა და საქართველოს დაუბრუნდა, სამტრედიის შემადგენლობაში. 2015 წელს კი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იაშვილმა 67 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი შორეულ 1998 წელს შედგა. როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე იაშვილი თითოეულ თამაშში ბოლომდე იხარჯებოდა. სწორედ ამ თვისების გამო უყვარდათ გულშემატკივრებს ასე ძლიერ ალექსანდრე იაშვილი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბევრჯერ გაუნაწყენებია თავისი გულშემატკივარი უსახური თამაშით, ცუდი შედეგით, მძიმე მარცხებით, ასეთი ნაკრების ერთ-ერთი დიდი ნათელი წერტილი კი იაშკა იყო. იგი მზად იყო ყველა თამაშში მომკვდარიყო ნაკრებისთვის, საქართველოსთვის, იმ გერბისთვის და ჰიმნისთვის რომლისთვისაც ფეხბურთს თამაშობდა.
ქართველებს აქაც მაგრად შეგვეშალა, წარუმატებელი ნაკრების წარმატებული კაცი ნაკრებიდან უცერემონიოდ და ცუდად გავუშვით, გავაგდეთ. ნაკრებისთვის "ბებერი" იაშვილის შეცვლა ბევრმა ახალგაზრდამ ცადა. ცდა ერთია აი როგორ გამოგივა კი მეორე. არ ვამტკიცებ, რომ იაშვილს ნაკრებში ყველა თამაში 90 წუთი უნდა ეთამაშა, ან მის გარშემო ყოფილიყო ნაკრების ახალი ბირთვი ჩამოყალიბებული, მაგრამ ახალგაზრდა თაობისთვის მის გვერძე ვარჯიში ყოფნა დიდი მოტივაცია იქნებოდა. გავიხსენოთ თუნდაც უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც გერმანიამ მიროსლავ კლოზე პატივისცემისა და დაფასების გამო წაიყვანა და არა მისი ბოლო ფორმიდან და შედეგებიდან გამომდინარე. ასეთი მაგალითები მსოფლიო ფეხბურთში ბევრია, თუმცა ჩვენ მათი სწავლა ჯერ ვერ გამოგვდის და იმედი დავიტოვოთ გამოგვივა.

ვინ იცის კიდევ როდის დაიბადება ახალი იაშვილი, მისნაირი მონდომებული, შრომისმოყვარე და ნაკრებისთვის თავდადებული ფეხბურთელი. იაშკა ბოლო წარმომადგენელი იყო იმ თაობის, რომელმაც ქართული ფეხბურთი ამაყად წარმოადგინა ევროპაში. სამწუხაროა მაგრამ დღეს აღარ გვყავს კალაძის, კობიაშვილის, ცქიტიშვილის, ქინქლაძის, ხიზანიშვილის, არველაძეების დონის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში თამაშობენ. ამ ყველაფრის ფონზე კი იაშვილისთვის მეტი სითბო, სიყვარული და პატივისცემა უნდა გამოგვეჩინდა, თუნდაც ერთი გამოსამშვიდობებელი თამაში ეროვნულ ნაკრებში, რომლისთვისაც იგი ყველაფერს აკეთებდა, დინამო არენაზე უფრო მეტი ხალხი უნდა მისულიყო და უფრო მეტ ხალხს უნდა ეთქვა იაშვილისთვის "გმადლობ იაშ!"

ავტორი  -  Giorgi Sanadiradze
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები