მოურინიო, კლოპი, გუარდიოლა და სხვები - მალე "ნისლიან ალბიონზეც" დაცხება!
AutoSharing Option
20:17 01-06-2016
რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო. მოდით, ამ ადამიანზე ვისაუბროთ და მომავალ  სეზონში მისი გუნდის გამოსვლის პროგნოზირება ვცადოთ... მაშ ასე, დავიწყოთ.

მოურინიოს სახელი ნებისმიერ გუნდში რომ ჩემპიონობასთან ასოცირდება, ეს ცხადზე ცხადია და გასაკვირი სულაც არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ "იუნაიტედი" პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება. ინგლისში ბევრმა კარგმა სპეციალისტმა მოიყარა თავი, მაგრამ მოურინიომ პრემიერლიგა ყველა მათგანზე კარგად იცის. მან ყველა გუნდის ძალა და შესაძლებლობები იცის, იცის მსაჯების მუშაობა, რაც ინგლისში ერთ-ერთი მთავარი რამაა. მოურინიო წლების მანძილზე სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდა და ტიტული ყველა გუნდს მოუპოვა, მილანის "ინტერთან" "ტრიპლეტიც" კი განახორციელა - წესით, არც "მანჩესტერი" უნდა იყოს გამონაკლისი ტიტულების კუთხით. თუ არ ჩავთვლით 2015-16 წლების სეზონს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მწვრთნელი-გამარჯვებულია, ეს კი სწორედ ისაა, რაც ფერგიუსონის წასვლის შემდეგ აკლიათ მანკუნიანელებს.

მოურინიოს დამოკიდებულება მის ამჟამინდელი გუნდისადმი ყოველთვის დადებითი იყო: ის "იუნაიტედზე" ყოველთვის დადებითად საუბრობდა, დიდ პატივს სცემდა სირ ალექს ფერგიუსონს... მისი შეძენა "იუნაიტედს" ჯერ კიდევ 2013 წელს მადრიდის "რეალიდან" სურდა, მაგრამ პორტუგალიელმა მაშინ შინ, ლონდონში დაბრუნება ამჯობინა და "ჩელსის" ჩაუდგა ისევ სათავეში, წარმატების მიღწევა კვლავ ლონდონელებთან ერთად ისურვა, მაგრამ... 3 წლის შემდეგ ის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულიქნა და, აი, "მანჩესტერმაც" შანსი ხელიდან არ გაუშვა...

მართალია, ლუი ვან გაალმა წასვლისას განაცხადა, ფუნდამენტი შექვმენი, რომელიც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უნდა გააგრძელოსო, მაგრამ არ მგონია ასე იყოს. ჩემი აზრით, მოურინიო ახალ გუნდს ააშენებს, ახალ ფუნდამენტს შექმნის - მას არ უყვარს დანატოვარი, მას ყოველთვის თავისი შექმნილი უყვარდა! თანაც, "იუნაიტედის" მსგავსად, ბოლო პერიოდში ფიასკო განიცადა თავად მოურინიომაც და ახლა მას მთელი მსოფლიოსთვის დასამტკიცებელი აქვს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ შემტხვევითობა იყო, მეტი არაფერი. მოურინიომ ისიც კარგად იცის, თუ ვინები წვრთნიან ინგლისურ გუნდებს, ამიტომ ფეხის კიდევ ერთხელ ტალახში ჩადგმას, ვფიქრობ, არ დათანხმდებოდა.

მოურინიო VS გუარდიოლა

აქ, ალბათ, სიტყვებიც ზედმეტია. ფეხბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ, მათი ეს ურთიერთობა კი ფეხბურთელებში მეტ დაძაბულობას იწვევს. "რეალში" მისვლისას მოურინიოს ახალი გუნდის შენება მოუწია... "ლიონსაც" კი, რომელმაც, თუ არ ვცდები, "რეალი" ჩემპიონთა ლიგიდან ორჯერ გამოთიშა, უხაროდა ისეთ მეტოქესთან შეხვედრა, როგორიც მადრიდული გუნდი იყო... გუარდიოლას კი "ბარსელონაში" მშვენიერი შემადგენლობა დახვდა და, რაც მთავარია - რაიკაარდის მემკვიდრეობაც. ეს საუკეთესო "ბარსა", რომელიც იმ მომენტისთვის შესაძლოა ყოფილიყო, პეპმა კი ბურთის კონტროლი მაქსიმალურად გააუმჯობესა და მეტოქეებს უშანსოდ ტოვებდა - 4:0, 5:0 და ა.შ. მათ შორის "რეალთანაც" - 5:0, 2:6...

მას მერე, რაც ორივემ დატოვა ესპანური გუნდი, ბედისწერამ ისინი კვლავ შეახვედრა ერთმანეთს, ამჯერად სუპერთასზე - "ბაიერნი" "ჩელსის" წინააღმდეგ, ან პირიქით... პორტუგალიელის საუბედუროდ, გამარჯვება პენალტების სერიაში ამჯერადაც ესპანელს დარჩა. თუ სტატისტიკას დავხედავთ, ერთმანეთს პეპი და ჟოზე 16-ჯერ შეხვდნენ, აქედან 8-ჯერ გუარდიოლამ იმარჯვა, 3-ჯერ - მოურინიომ, 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა. მოკლედ, ალბათ მიხვდით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება გულშემატკივრებში უფრო დიდ ინტერესს გააჩენს და ეს დერბი ერთ-ერთ საინტერესოდ იქცევა ევროპაში.

მოურინიო VS ვენგერი

ეს დაპირისპირება უკვე კლასიკურიც კია ინგლისში. რამდენადაც მოურინიოს ალექს ფერგიუსონი უყვარს, იმდენად არ უყვარს არსენ ვენგერი. "ჩელსი"-"არსენალის" მატჩამდე და მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარები ყოველთვის ერთმანეთისადმი ირონიით აღსავსე იყო. ჟოზე ვენგერს ყოველთვის წარუმატებლად თვლიდა და ახლაც თვლის, რადგან 10 წელზე მეტია მას ინგლისის პრემიერლიგა ვერ მოუგია, მაშინ, როცა ტოპ-კლუბს უდგას სათავეში. ვენგერს პასუხი არ აქვს და, ლოგიკურადაც, პეპისგან განსხვავებით, მან მოურინიო 15 მატჩში მხოლოდ ერთხელ დაამარცხა. რა შეიძლება ითქვას?! გველის მშვენიერი ისტორიის გაგრძელება და ახლა ამ გუნდების დაპირისპირება უფრო მიმზიდველი გახდება გულშემატკივრისთვის, ვიდრე ბოლო 3 წელიწადში იყო.

მოურინიო VS კლოპი


უჰ! ვერც კი წარმოვიდგენ იმ ემოციას, რომელიც "იუნაიტედის" და"ლივერპულის" დაპირისპირებებში იქნება. ეს დერბი, ვიმედოვნებ, წელს გვაჩვენებს, რომ მხოლოდ "რეალსა" და "ბარსას" არ შეუძლიათ მთელი მსოფლიოს მიპყრობა თავისი თამაშით. არ დავმალავ, ვერ ვეგუები, როცა ინგლისურ დერბის ესპანურზე დაბლა აყენებენ, რადგან ინგლისურს არანაკლებ ღირსეულად მივიჩნევ და ამ ორი მწვრთნელის დაპირისპირებამ, შესაძლოა, ახალ დონეზე აიყვანოს ამ გუნდების დაპირისპირება. ამ ორ ადამიანს სიცოცხლეში არ მოუნდება ასეთ პრინციპულ თამაშში რაიმეს დათმობა... ერთმანეთს ისინი 3-ჯერ შეხვდნენ, აქედან 2-ჯერ -  ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. გახსოვთ ლევანდოვსკის პოკერი? ან მესუთ იოზილის გაცუდებული მომენტი "ბერნაბეუზე" ბოლო წუთებზე? იმ დაპირისპირებებში ორივემ თითო-თითო შეხვედრა მოიგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე სწორედ კლოპი გავიდა თავის "დორტმუნდთან" ერთად - 4:3.

ზემოთ ჩამოთვლილი მწვრთნელების გარდა, ინგლისის პრემიერლიგაში ანტონიო კონტე ("ჩელსი"), მაურისიო პოჩეტინო ("ტოტენჰემი"), კლაუდიო რანიერი ("ლესტერი") და სლავენ ბილიჩი ("ვესტ ჰემი") იქნებიან. კონტესთან დაპირისპირებას ნაკლებად საინტერესოდ მივიჩნევ - ეს იქნება უფრო მატჩი "ჩელსის' წინააღმდეგ, ვიდრე - კონტეს. ვფიქრობ, მოურინიოს ჯერაც დარჩა ის, რისი ჩვენება შეუძლია "ლურჯებისთვის"...

როგორც ვხედავთ, მოურინიოს "იუნაიტედში" მისვლა ბევრ საოცარ მატჩს გვპირდება, რომელსაც ერთად ვნახავთ. უკვე მოუთმენლად ველი შემდეგ სეზონს და მაინტერესებს, რა ცვლილებებს განახორციელებენ ეს მწვრთნელები თავის გუნდში. ფაქტი ერთია - მოურინიო, კლოპი და გუარდიოლა ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, სხვანაირად არ შეიძლება!

გიყვარდეთ ფეხბურთი! მალე "ნისლიან ალბიონზეც" დაცხება!
ავტორი  -  ედო
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები