"La Furia Roja": დელ ბოსკეს რჩეულები და მოლოდინი ევრო 2016-ზე
AutoSharing Option
03:11 03-06-2016
ფეხბურთი...
გუნდი...
მწვრთნელი...
შემადგენლობა...
გულშემატკივარი...

არ მახსენდება შემთხვევა, როცა მწვრთნელის მიღებული გადაწყვეტილებით შემადგენლობასთან დაკავშირებით, ყველა გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩენილიყო. გულშემატკივარს ყოველთვის "ვიღაცა" სურს, ან - არ სურს. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ვისენტე დელ ბოსკეს მიერ დასახელებულმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობამ ევრო 2016-ისთვის, მრავალ აზრთან ერთად კრიტიკაც გამოიწვია.

ესპანეთს ფეხბურთელთა იმდენად დიდი რესურსი აქვს, სავსებით შესაძლებელია დელ ბოსკეს მთავარ გუნდზე ბევრად ძლიერი შემადგენლობის შექმნა იმ ფეხბურთელებით, ვისაც ის არ ენდო. თუ ძალიან მოვინდომებთ, ორ გუნდსაც შევძლებთ...
ესპანეთის ნაკრების განაცხადს მიღმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი საული და ისკო დარჩნენ. მწვრთნელის სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია გულშემატკივართა რისხვა, მაგრამ, რეალურად, გასაგებია რატომაც მიიღო დელ ბოსკემ ეს გადაწყვეტილება - მან არჩევანი ბევრად საიმედო ვარიანტებზე გააკეთა.

ისკო იმ ასაკშია, როცა უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად, ის კი კვლავაც იმედის მომცემ ფეხბურთელად რჩება. გუნდისთვის რაც შეუძლია, ესაა შეცვლაზე შემოსვლა და შეტევის გაძლიერება პასების ხარჯზე. ზოგჯერ, დარტყმისაც... სწორედ ამ თვისებების გამო ხვდებოდა ის ნაკრებში. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ დღეს ესპანეთს ყველა პოზიციაზე უკეთესი ვარიანტი აქვს, უნივერსალად ყოფნა კი გუნდის შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას არასდროს ნიშნავდა.

საული ახალგაზრდაა და მომენტებში იცის კიდეც გაბრწყინება. ხაზს ვუსვამ, მომენტებში! სწორედ ესაა დამაფიქრებელი. ის, რომ იქ, სადაც ინიესტა და სილვა არიან, საული ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვერ იქნება, ეს ნათელია. ამიტომაც, უნდა გააჩნდეს რესურსი, კრეატიულობა, რომლითაც შემოსვლისას შეტევის ხაზს გარანტირებულად გააძლიერებს. ვასკესი არ ვიცი, ნამდვილად, მაგრამ პედრო უფრო საიმედოა ამ კუთხით. გასაგებია, რომ საულის არასტაბილურობამ დელ ბოსკეს კითხვის ნიშნები გაუჩინა, თანაც, საუბარი ევროპის ჩემპიონატზეა, სადაც რისკი მინიმალურია, ისიც იშვიათად თუ ამართლებს...

შემადგენლობაში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, ვინც სეზონი საოცრად ჩაატარა. ერთადერთი, ვისზეც ეს არ ითქმის, ალბათ იკერ კასილასია, რომელსაც საშინლად ცუდი წელი ჰქონდა, მაგრამ იკერი სახელია, ავტორიტეტია, ლიდერია! იკერი გუნდში აუცილებლობაა! და მერე რა, რომ სეზონი ჩააგდო ან უკვე ასაკოვანია? იკერი მაგალითია, იკერი - საჭიროებაა! იკერი რომ სათარიგო იქნება, ეგეც აკრგად ვიცით, მაგრამ ვიმეორებ: ის გუნდში აუცილებლობაა!

სამაგიეროდ, ბევრი კითხვა ჩნდება ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით.  რომელ პოზიციებზე გამოვლენ ფეხბურთელები და რა ფუნქციები დაეკისრებათ, ეს მხოლოდ დელ ბოსემ იცის. თუ დაცვასთან დაკავშირებით კითხვები არაა და შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ოთხეული ალბა-პიკე-რამოსი-ხუანფრანი იქნება, ბელერინი, ასპილიკუეტა და ბარტრა - სათადარიგოები, მაშინ სხვა პოზიციებზე ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვით. ნახევარდაცვაში ადგილი ბუსკეტს, სილვასა და ინიესტას აქვთ გამყარებული, მაგრამ ვინ იქნებიან დანარჩენები?

ფორვარდი, წესით და რიგით, ერთი იქნება და ისიც, როგორც ჩანს, ადურისი. ფლანგებიდან შესაძლოა პედრო დაემატოს, ან სქემაში 10 ნომერი ჩაჯდეს, ამ შემთხვევაში ტიაგო ალკანტარა ან ნოლიტო. სკამზეა ალვარო მორატაც, რომელსაც შეტევის გაძლიერება ნებისმიერ დროს შეუძლია. არ დაგვავიწყდეს სესკ ფაბრეგასიც, რომელსაც მოედნის ნებისმიერ წერტილში შეუძლია ზუსტი პასის გაკეთება და კოკე, რომელსაც ყველა დავალების შესრულება შეუძლია, რასაც მწვრთნელი დაავალებს. ვასკესი ჯოკრად...

არის ბირთვი, რომლითაც ესპანეთს ისევ შეუძლია ევროპის ჩემპიონობა, მთავარია როგორ გამოიყენებს მას მწვრთნელი. და მთავარი: მადლობა დელ ბოსკეს, რომ ევროპაზე ადურისი წაიყვანა და არა - დიეგო კოშტა. ესეც სავსებით სწორ გადაწყვეტილებაც მიმაჩნია. იყო საუბრები ფერნანდო ტორესზე, მაგრამ არა! ტორესი ის ტორესი არაა, რომელიც ნაკრებში გაიბრწყინებს. მას შეუძლია მოერგოს "ატლეტიკოს" სტილს, მაგრამ ესპანურს - ვეღარ! "ატლეტიკო" და ესპანური სტილი კი ცა და დედამიწითაა, მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკო" ესპანური გუნდია...

შეინარჩუნებს თუ არა "ფურია როხა" ტიტულს კიდევ ერთხელ, ამას მალე ერთად ვნახავთ. ერთი რამ კი ცხადია - შანსი არის!
ავტორი  -  ედო
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები