როცა ფეხბურთელის გინება შექებაზე მეტად პოპულარულია...
AutoSharing Option
02:07 09-06-2016

დღეს ისევ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე მსურს დავწერო. ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, გულშემატკივართა მიდგომაზე საქართველოს ნაკრებისადმი.

რუმინეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან განცდილი მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთელებს აგინებდა. ამაში ახალი არაფერია, ჩვენ კრიტიკა და კრიტიკის ფორმები არასდროს გვესმოდა და ალბათ, ვერც ვერასდროს გავიგებთ - ჩვენთვის კრიტიკა გინებასთან ასოცირდება, მოგვწონს ეს თუ არა. ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი პოზიტივი გაჩნდა, მაგრამ ამას ნეგატივიც თან ახლდა.

ჩვენს ქვეყანაში მიღებულია ყველაფრის შავი სათვალიდან ცქერა. მხოლოდ ცუდის დანახვა. შეიძლება ამას შური განაპირობებს, შეიძლება - სხვა რამ. მაგრამ მინდა გკითხოთ: ახლა რისთვის უნდა ვაკრიტიკოთ ნაკრები? ცუდი რა დაგიშავათ ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა? 

ზოგჯერ ისეთ კომენტარებს გადავაწყდები ხოლმე ინტერნეტში... რატომ იგონებთ ამ ყველაფერს? პრინციპში, ეგეც მარტივი ასახსნელია: ადამიანი-კრიტიკოსი ასე თავს კარგ სიტუაციაში იყენებს. გულშემატკივართა დიდი ნაწილიც ასეთია: თუ ნაკრები იგებს - "მე ეს ვიცოდი, ამას ვამბობდი!", ხოლო თუ ნაკრები წააგებს - "ვიცოდი, რომ გაგვიჭირდება, მაგრამ მაინც მჯეროდა". რა ადვილია.... 

დიახ, ეს ბიჭები ჩვენზე მილიონებით მეტს შოულობენ. დიახ, ჩვენ არ გვყავს მესი და რონალდო, მათთან მიახლოებულიც კი. დიახ, ჩვენი ნაკრები ხშირად საშინელ თამაშს თამაშობს და, მოლოდინისამებრ, "ექსპერტების" გამოხტომებიც ამის შემდეგ იწყება.... 

მაგრამ ვინ დააკვირდა ფაქტებს, რომლებიც ამ ყველაფერს პოზიტიური კუთხით დაგვანახებენ? 
მაგალითად, დისციპლინა. როგორც გავიგე, ნაკრების მთავარ მწვრთნელს სასტუმროში "ვაიფაის" გათიშვა მოუთხოვია, ფეხბურთელებს ტელეფონებიც ჩამოართვეს... სანდოობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ, გავიგონე. თამაშის დროს წითელი ქამრები ეკეთათ, რომელიც აფიქსირებდა ვინ რამდენი გაირბინა მატჩის განმავლობაში... აქამდე იყო ასე? 

ფედერაციის საიტმა ფეხბურთელთა კომენტარების ჩაწერები დაიწყო და გულშემატკივრებისთვის უფრო ცნობადებს ხდიან მათ. ჩემი სურვილია, რამოდენიმე ფეხბურთელი გადაცემა "რა? სად? როდის?"-შიც მიიწვიონ, ამ კუთხითაც დავინახოთ ისინი.... 

არ ღირს ნაკრების ფეხბურთელთა გინება შრომისთვის! არ ღირს მათ გამარჯვებებზე მოგონილი ამბების წერა, თითქოს თამაში იყიდეს. თითოეულ ფეხბურთელს სურს დამტკიცება საკუთარი ფასის, რატომ არ დავუჭიროთ მათ მხარი? არ აქვს მნიშვნელობა რა კლუბებიდან არიან - ნაკრებში ყველა თანაბარია! 

კრიტიკა მარტივია. დაკვირვებული ვარ, რომ ყოველი კრიტიკული კომენტარი უფრო მეტად "ფასობს" სოციალურ ქსელებში, ვიდრე - დადებითი. ის უფრო პოპულარული ხდება... უფრო მეტი ადამიანი იზიარებს იმ კომენტარისს აზრს... სწორედ ამიტომ წერენ ერთი და იმავე კომენტარებს ათასობით. მაგალითად, ამისულაშვილის მაგალითზე: რამდენმა დაწერა, "მომავალი ენერგეტიკის მინისტრი", "ამან კალაძეს მიბაძაო" და ა.შ.? რამდენმა გაიმეორა? იმიტომ, რომ ეგ იყო პოპულარული ფრაზა... ეგ იყო ირონია და ხალხს სწორედ ეს უყვარს, სამწუხაროდ, ოღონდ არა საკუთარი თავისადმი, არამედ სხვისადმი.  ეს ყველაფერი რეზონანს იწვევს... 

მოდით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, დავივიწყოთ ცუდი და გვერდში დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს, რომელიც სექტემბერში ახალ შესარჩევ ციკლს ახალი იმედებით იწყებს! 

წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
ავტორი  -  ედო
Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები