იდეალური წითელი - დანიელ აგერმა კარიერა დაასრულა!
AutoSharing Option
18:20 09-06-2016
თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე მეტ ტატუიანმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. დიახ, მეგობრები, დანიელ აგერი წავიდა! 




ისევე, როგორც "ლივერპულის" სხვა გულშემატკივრებს, ძალიან მენატრებოდა დანიელი. ის იყო, არის და დანამდვილებით ვამბობ, იქნება ნამდვილი "წითელი". სამწუხაროა, მაგრამ "ბრონდბიუში" დაბრუნებით რადარებიდან გაქრა. 

მას პერიოდულად იხსენებდნენ, როცა "ლივერპულის" დაცვაში როჯერსის მწვრთნელობისას "საოცრებები" ხდებოდა. "წმინდანებთან" მატჩში განსაკუთრებით, როცა სახო და შკრტელი იგონებდნენ რაღაცეებს. მაგრამ, რას ვიზამთ, ასე გამოვიდა - აგერი კლუბიდან წავიდა. 

თუმცა, არსებობს ერთი დიდი "მაგრამ". დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ დანიელს კონფლიქტი ჰქონდა ბრენდან როჯერსთან. მწვრთნელთან კონფლიქტის შემდეგ კი სიტუაცია, როგორც წესი, ასეთი ხდება - საუკეთესი შემთხვევაში, დარჩები სათადარიგოთა სკამზე, უარესს შემთხვევაში კი დუბლებში გადაინაცვლებ, პირველივე შემოთავაზებაზე კი გუნდი გაგყიდის. 

მწვრთნელებს რომ არ უყვართ ფეხბურთელები, რომლებიც მათ არ უჯერებენ, ახალი სულაც არაა. რამდენიმე ხნის წინ ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლოვრენი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ვარჯიში ნაადრევად დაასრულა. მართალია ის? მწვრთნელი ყოველთვის მართალია. შედეგებზე პასუხისმგებელი ისაა, ყველაზე მეტსაც ყოველთვის სწორედ ის კარგავს. ამიტომ მწვრთნელმა ისე უნდა იმუშაოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. აკმაყოფილებს თუ არა ეს გუნდის მფლობელებსა და გულშემატკივრებს - ცალკე საკითხავია... 

და სწორედ ეს მოხდა "ლივერპულშიც". ფეხბურთელს, რომელიც გულშემატკივრების დიდი სიმპატიებით სარგებლობს, ჯერ მწვრთნელთან მოსდის კონფლიქტი, შემდეგ კი კლუბი მას ჰყიდის. გუნდის ხელმძღვანელებმა მწვრთნელის პოზიცია დაიჭირეს და, მართლებიც არიან. როჯერსს სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო. ავტორიტეტი ისეთი რამაა, ნებისმიერ წამს შეიძლება დაიკარგოს. 

შეუძლებელია თავი ავარიდოთ აგერის მაშინდელ პრობლემებს და არ შევიმჩნიოთ ისინი, როჯერსს კი მათი მოგვარება არ შეეძლო. აგერი პოზიციას ხშირად კარგავდა, პოზიციურაც შეცდომებს უშვებდა და, რაც ყველაზე ცუდია, თავით თამაშიც ცუდად დაიწყო. ის სეზონი კი, როდესაც დანიელი გაყიდეს, ალბათ ყველაზე საშინელი იყო მის ლივერპულურ კარიერაში. ამიტომაც, როცა მშობლიური კლუბიდან მოვიდა წინადადება, მერსესაიდელებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. ცხადია, როჯერსის ხელში აგერი ერთ-ერთი უკანასკნელი იქნებოდა, ვინც მოედანზე გამოჩნდებოდა. 
კლუბში ასეთ როლს მცველი არ დათანხმდა და წავიდა. წავიდა ისე, რომ ბევრი მოგონება დატოვა გულშემატკივართა გულებში. ახლა მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია, თუ როგორ განვითარდებოდა აგერის კარიერა იურგენ კლოპის ხელში. ბევრი იწერებოდა მის "ლივერპულში" დაბრუნებაზე, მაგრამ არა, არ ღირდა. წარსული წარსულში უნდა დარჩეს: ჩვენ ხომ გვახსოვს ტორესისთვის მირტყმული ხელი, სიგიჟისეული ემოციები და მისი ტატუ YNWA.


დაე, ასეთად გვახსოვდეს! თამაშს მან ნამდვილად მოუკლო.... "ბრონდბიუს" ძირითად შემადგელობაშიც კი ვეღარ ხვდებოდა ხშირად, ნაკრებში კი უპატიებელი შეცდომა დაუშვა. 

მეც გული მწყდება მასზე. ყოველთვის რთულია ხილვა იმის, თუ როგორ უკლებს შენი კუმირი. როგორ ნებდება ის... 
დიახ, ის დანებდა... დაასრულა საფეხბურთო კარიერა... ის უნდა დარჩეს ჩვენს იდეალურ "წითლად" - იმ სულისა და მოთამაშის იდეალად, როგორიც უნდა იყოს "ლივერპულის" მოთამაშე! დარწმუნებული ვარ, "ვიკინგი" დაბრუნდება კლუბში, უბრალოდ, ამჯერად, არა ფეხბურთელის სტატუსით... ყველაფერს თავისი დრო აქვს.                                        


YNWA!
ავტორი  -  ედო
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები