"უკეთესი წინაა"- ფრანგი, რომლისაც მხოლოდ ესპანელებმა ირწმუნეს
AutoSharing Option
15:04 16-06-2016
"მინდა, ბოდიში მოვიხადო ჩემი საქციელისთვის. ახლა ყველაფერი დასრულდა და მსურს წინ ვიარო", - განაცხადა ანტუან გრიზმანმა 2012 წლის ნოემბერს, რომელიც მის კარიერაში ერთ-ერთ ცუდ პერიოდად "მოინათლა". მაშინ, როცა ახალ ეტაპზე უნდა გადასულიყო, უკან დაბრუნდა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია...

ერთი თვით ადრე ამ ამბავამდე გრიზმანმა გუნდელებთან ერთად (საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები) ღამის კლუბში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გუნდის მიერ ნორვეგიასთან მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნა გადაწყვიტა. ამაში განსაკუთრებული, ერთი შეხედვით, არაფერია, მაგრამ ფეხბურთელებმა ვერ განსაზღვრეს ის, რომ რამდენიმე დღეში მათ განმეორებითი შეხვედრა ელოდათ ნორვეგიელ თანატოლებთან და მაქსიმალურად მომზადება მართებდათ.

საბოლოოდ, გუნდის მწვრთნელებმა იმ ღამეს ანტუან გრიზმანი, ვისან ბენ იედერი, კრის მავინგი და მბაიე ნიანგი ნასვამ მდგომარეობაში იპოვეს, რამაც ძალიან გააბრაზა ისინი. განმეორებითი მატჩი ფრანგებმა 3:5 წააგეს და ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდული გუნდი ვერ მოხვდა.

გრიზმანს, რომელმაც იმ მატჩში გაიტანა, ნაკლებად უნდა ჰქონოდა იმედი, რომ სასჯელს ასცდებოდა. ასეც მოხდა: ნოემბერში მას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

დეკემბრიდან დაწყებული, გრიზმანმა "სოსიედადის" შემადგენლობაში 7 გოლი გაიტანა და ამავე დროს, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, სეზონი კი 10+4 მაჩვენებლით დაასრულა. გუნდის ყოველ მეხუთე გოლში ფრანგი მონაწილეობას აუცილებლად იღებდა.

აგვისტოში გრიზმანს დებიუტი ჰქონდა ევროთასებზე, კერძოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც კარიერის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა "ლიონს", ე.წ "მაკრატელა".




დისკვალიფიკაცია სრულდებოდა, ნაკრებში მის შესაძლო გამოძახებაზე კი დიდიე დეშამი კარგა ხნის განმავლობაში საუბრობდა.

ამიტომ 2014 წლის თებერვლის ბოლოს, გრიზმანის ეროვნულ ნაკრებში გამოჩენით ცოტა ვინმე თუ დარჩა გაოცებული. 5 მარტს მან პირველი შეხვედრა ჩაატარა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, თანაც ჰოლანდიელთა წინააღმდეგ და თანაც - 68 წუთი.

ზაფხულში, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, გრიზმანს მსურველები არ აკლდა. მან არჩევანი მადრიდის "ატლეტიკოზე" გააკეთა და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, 14 წლის ასაკში...

საფრანგეთში არცერთი კლუბის აკადემიას მისი აყვანა არ სურდა. "ერთად დავდიოდით "ლიონში", "ოსერში", "სოშოში", "მონპელიეში", "სენტ-ეტიენსა" და ორჯერ "მეცში", - განაცხადა დედამისმა, რომლის თქმითაც ყველაზე გულდასაწყვეტი უარი გრიზმანმა "მეცისგან" მიიღო, რადგან მათ ფრანგი ბოლო მომენტში დაბლოკეს.

მიზეზი ყველგან ერთი იყო: გრიზმანი პატარა იყო და ფიზიკურადაც ძალიან სუსტი.

თუმცა ნიჭი გააჩნდა, ფეხბურთის გარდა კი სხვა არაფერზე ოცნებობდა. ერთხელ, გრიზმანის ძმამ მის რვეულს მიაგნო, სადაც არაერთი ჩანახატი იყო. თემატიკა უცვლელი: ფეხბურთი და Canal+-ისთვის მიცემული ინტერვიუ - სწორედ ამ ოცნებით ცხოვრობდა ის.

14 წლის ასაკში, მონპელიეს ბანაკში ყოფნისას, გრიზმანმა მონაწილეობა მიიღო ამხანაგურ შეხვედრაში პსჟ-ს წინააღმდეგ. საფინალო სასტვენის შემდეგ მისით სან-სებასტიანელი სკაუტი დაინტერესდა, რომელიც მოგვიანებით მის მშობლებს წინადადებით დაუკავშირდა: "სოსიედადს" მისი სინჯებზე მიწვევა სურს ორი კვირით, შემდეგ კი გადაწყვეტს დაიტოვებს თუ არა.

მშობლები, თავიდან ჩაფიქრდნენ, ღირდა კი?! მაგრამ განსაკუთრებული არჩევანი გრიზმანს არც ჰქონია - საფრანგეთში ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელის არ სჯეროდათ, ესპანეთი კი ამის შანსს აძლევდა.

სან-სებასტიანში ის იმ აგენტთან დასახლდა, რომელმაც ანტუანი საფრანგეთში შენიშნა. დაუღალავი ვარჯიშიც დაიწყო. "სკაუტს ვთხოვდი კრიტიკულად მომდგომოდა, რადგან ერთადერთი, რაც მსურდა, ფეხბურთელად განვითარება იყო", - განაცხადა მოგვიანებით გრიზმანმა. ორი კვირის შემდეგ მან ვერდიქტიც მოისმინა: დავიტოვოთ გუნდში! როგორც იქნა, ვინმემ ირწმუნა მისი შესაძლებლობების.

2009 წლის 2 სექტემბერს, 18 წლის ასაკში, მას პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი. მალევე დაიმკვიდრა ადგილი გუნდში, იმ წელს კი პირველი ტიტულიც მოიგო - სეგუნდა დივიზიონი.

ამას საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებაც მოყვა, სადაც ევროპის ჩემპიონი გახდა.


სამშობლოში მისით მაშინ პირველად დაინტერესდნენ - პრესა კითხულობდა, თუ როგორ მოხდა ისე, რომ ასეთი პერსპექტიული ფრანგი ფეხბურთელი დიდი ხანია სხვა ქვეყანაში თამაშობს? ამიტომ, გრიზმანს არაერთი გამოცემისთვის მოუწია ამის ახსნა...

ლა ლიგაში ის არ დაიკარგა, პირიქით, ერთ-ერთი პერსპექტიულ ფეხბურთელისგან ევროპის წამყვანი კლუბებისთვის სასურველ ფეხბურთელად იქცა. რომ არა მისი 10+4 2012-13 წლების სეზონში, "სოსიედადი" ნაკლებად შეძლებდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრას.

"მითხრეს, ჩემი მშობლები თამაშზე იყვნენ და ტიროდნენ, როცა გავიტანე. მათვისაც უდიდესი საღამოა ეს".  20 აგვისტოს, ზემოთ ნახსენებ მატჩში "ლიონთან", გრიზმანმა დაუმტკიცა ყველა ფრანგულ კლუბს, თუ როგორ სცდებოდნენ მასში - ბრწყინვალე გოლი, 2:0 გამარჯვება სტუმრად.

2013-14 წლების სეზონში ლა ლიგაში ფრანგი 1 გოლითა და 4 საგოლე გადაცმით გამოირჩა, ესპანეთის თასზე კი "ბარსელონას" გაუტანა. ის, რომ ფრანგი კლუბს მალე დატოვებდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა - კლუბისგან განსხვავებით, ის განვითარდა და მისი შესაძლებლობები სხვა მიზნებს მოითხოვდნენ.

ამიტომ 2014 წლის ზაფხულს ის მადრიდის "ატლეტიკოში" გადაბარგდა, დიეგო სიმეონესთან.


ფრანგში მადრიდელებმა 30 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც კლუბის ისტორიაში ფასით მეორე ტრანსფერია. მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, რომლებიც თავიდან არ მართლდებოდნენ. 2014 წლის ბოლოსკენ მის ანგარიშზე მხოლოდ 3 გოლი იყო და ისეთი პირი უჩანდა ყველაფერს, რომ სადაცაა ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდებოდა.

"სიმეონესთან მუშაობა მიჭირდა, რადგან მისი მოთხოვნები, მიდგომა ბევრად განსხვავებული იყო ჩემი ყოფილი მწვრთნელებისგან. ის ინტენსიურობას მთხოვდა. ვარჯიშზე წამით მოდუნების უფლებას არ მაძლევდა".

ფრანგს ადაპტირება სჭირდებოდა და ამას სიმეონეც ხშირად უსვამდა ხაზს. 2014 წლის ბოლო თამაშში გრიზმანმა "ბილბაოს" კარში ჰეთ-თრიკი გაიფორმა. 2015 წელი "ლევანტეს" კარში გატანილი დუბლით დაიწყო. "ახლა ვტკბები ამით", - აღნიშნა ფრანგმა.

ის, თუ რად იქცა გრიზმანი "ატლეტიკოში", ეს ცალკე საკითხია. მან ფანტასტიური მუშაობა გასწია იმისთვის, რომ დღეს ძირითად შემადგენლობაში ხელშეუხებელი ფეხბურთელი ყოფილიყო. მას შესანიშნავი რეალიზაცია აქვს - მისი დარტყმების სიზუსტე 85%-ს შეადგენს. გასულ სეზონში ჩატარებულ 53 მატჩში, ფრანგმა "ატლეტიკოს" მაისურით 32 გოლი გაიტანა, იმის წინაში კი 7-ით ნაკლები იყო.


"ცხადზე ცხადია, რომ მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელიდან, გრიზმანი ერთ-ერთია" - სიმეონეს ეს სიტყვები კარგად უსვამს ხაზს ფეხბურთელის მნიშვნელობას კლუბისთვის.

"არასდროს ვისვენებ. ყოველი შეხვედრის მერე წერილს ვიღებ ჩემი სტატისტიკით და ვიდეოს, რომელზეც ჩემი თამაშია ასახული. ასე შემიძლია ჩემს მიერ წაგებული ორთაბრძოლები ვნახო. სწორედ ამის წყალობით ვიგებ, რა შეცდომები დავუშვი", - ამბობს გრიზმანი.

ოდესღაც რვეულში გაკეთებული ჩანახატები ახლა გრიზმანის რეალობაა. პატარაობაში მეგობრებთან ერთად უყვარდა გოლების აღნიშვნა პროფესიონალ ფეხბურთელთა სტილში. ერთ-ერთი ასეთი ფერნანდო ტორესი იყო.


"თუ 4-3-3 სქემით ვთამაშობთ, მაშინ მარჯვენა ფლანგზე ვმოქმედევბ... თუ ეს 4-4-2-ია, მაშინ ფორვარდის როლს ვირგებ. სიმეონემ ყველაფრის უფლება დამრთო და წინ შემიძლია ის ვაკეთო, რაც მინდა"...

გრიზმანი მოედანზეც მართლაც ყველგანაა. თუ დააკვირდებით, მარცხენა ფლანგზე მყოფი ანტუანი ერთ წუთში მარჯვნივაა, რაც ამტკიცებს, თუ რამხელა სარგებელი მოაქვს ფრანგს გუნდისთვის.

"როცა ხალხი მეკითხება, ვიმყოფები თუ არა ფორმის პიკში, ვპასუხობ, რომ იმედია უკეთესი წინაა". გრიზმანი მართალია: თუ ოდესმე მოგეჩვენათ, რომ მან მაქსიმუმს მიაღწია, იცოდეთ, რომ ის ახალ მწვერვალს იპყრობს.

ახლა ეს მწვერვალი ევროპის ჩემპიონატია...
ავტორი  -  ედო
Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები