სადაა თქვენი სიძულვილი? - პიკეს პასუხი და შერიგება ესპანელებთან
AutoSharing Option
17:36 16-06-2016
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ანდრეს ინიესტას ჩაწოდების შემდეგ, პიკემ თავური დარტყმით ესპანელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა, რის შემდეგაც გულშემატკივართა ტრიბუნასთან მიირბინა და თითქოს შემდეგი თქვა: "ახლა სადაა თქვენი სიძულვილი?



გულშემატკივარი ესპანეთის დროშებს იქნევდა პასუხად. მათი ნაწილი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, კიბეზე ჩაირბინა და მოედნიდან 7 მეტრში აღმოჩნდა. ამ ხნის მანძილზე პიკემ ერთხელაც არ გაიღიმა - სერიოზული სახით იყურებოდა წინ. საინტერესოა, პასუხის გაცემის ასეთ ფორმაზე წინასწარ ვარჯიშობდა თუ არა?

ემოციურობის კუთხით, ეს ნამდვილად ერთ-ერთი დიდებული მომენტი იყო. პიკე დიდი ხანია გულშემატკივართა უკმაყოფილებას ებრძვის, რომელიც ნელ-ნელა ზიზღში გადადის. ესპანელებს არ მოსწონთ ის, რომ პიკე ღიად საუბრობს იმაზე, რასაც ფიქრობს; არ მოსწონთ, რომ ყველას პროვოცირებას ახდენს და მადრიდის "რეალს" ირონიულად მოიხსენიებს; უფრო მეტ გულშემატკივარს მისი პოლიტიკური შეხედულებები აღიზიანებს: ის კატალონიელთა დამოუკიდებლობის მომხრეა.

პიკეს რეგულარულად უსტვენენ და შეურაცმხოფას აყენებენ. მისი მწყობრიდან გამოყვანას გულშემატკივრები მის ცოლ შაკირაზე გაკეთებული ბანერებით ცდილობდნენ, რამდენიმე პიროვნებამ კი მის შვილ მილანს სიკვდილი უსურვა. პიკე დაიღალა მათთან ომით და ამ გოლით პასუხიც გასცა. გოლით, რომლის გამოც ათასობით გულშემატკივარს მისი ჩახუტება ენდომებოდა. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გატანილი გამარჯვების გოლი საკმარისი გამოდგა, რათა რამდენიმე წუთით დაევიწყებინა გულშემატკივარს მისდამი ზიზღი.

საოცარი მომენტი: ესპანელები პიკეს გვარს სკანდირებდნენ. წარმოიდგენდით ასეთ რამეს ოდესმე?


შემდეგ პიკემ ისიც თქვა, რომ გოლი თავის შვილ მილანს მიუძღვნა: "ის დღეს სტადიონზე იყო და სკამზე ესპანეთის მაისურში ჩაცმული იჯდა". ესეც, კიდევ ერთი პასუხი მათ, ვისაც ეზიზღება ის. ამავე დროს, უარი განაცხადა გამარჯვების მოპოვებაში თავის როლზე საუბარი: "უბრალოდ, გამიმართლა. ყველამ კარგად ითამაშა. ჩვენ არ ვიყოფით, არავის გამოვარჩევთ".

ტულუზაში მყოფ ესპანელებისგან, მხოლოდ OK Diario-ს ჟურნალისტ ალვარო ოხედას არ გაუხარდა. მან დიდი ხნის წინ აღიარა, რომ ეზიზღება პიკე და ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინაც დაწერა ტვიტერში: "სჯობს, წავაგოთ, ვიდრე პიკეს გოლით მოვიგოთ და ეგ აღვნიშნოთ".

მოგვიანებით, მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ნაკრების გამარჯვებას ის არ აღნიშნავს. "ვერ ვიზეიმებ იმ ადამიანის გოლს, რომელიც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეა", - დაწერა მან.


მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე ესპანელი გულშემატკივარი შევარდა, რომელსაც მხოლოდ ინიესტა და პიკე აინტერესებდა - პირველს მან ლოყაზე აკოცა, მეორეს კი ძლიერ ჩაეხუტა და რამდენიმე სიტყვა უთხრა. პიკემ ის სტიუარდებს არ ჩააბარა, პირიქით, პასუხად მანაც ძლიერ ჩაიხუტა...

იყო თუ არა ეს ყველაფერი შერიგება? ჩემი აზრით, იყო...
ავტორი  -  ედო
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები