დაბრუნება შვილის გარდაცვალების, ნარკომანიის შემდეგ და პრემიერლიგის საგზური...
AutoSharing Option
03:08 17-06-2016
ინგლისური "ჰალ სიტის" ნახევარმცველი ჯეკ ლივერმორი პატარაობაში "ტოტენჰემის" აკადემიაში დადიოდა, მაგრამ თავის კარიერის დიდი ნაწილი იჯარით სხვადასხვა ადგილას გაატარა. ერთხელ მან ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა იტალიელთა წინააღმდეგ, 2013/14-წლების სეზონში კი "ჰალის" ფეხბურთელი გახდა და მონაწილეობა მიიღო "უემბლიზე" გამართულ ინგლისის თასის ფინალში, რომელიც მისმა გუნდმა "არსენალთან" 3:0 წააგო და თასი არსენ ვენგერის შეგირდებს გაატანა. თუმცა, ეს ფეხბურთელისთვის იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა, დიდ ტრაგედიად არ ქცეულა. მეორე დღეს მის მეუღლეს უნდა ემშობიარებინა. შვილი, რომელსაც ჯეიკი დაარქვეს სახელად, დაბადებისას გარდაიცვალა...

ერთი წლის შემდეგ ლივერმორმა კოკაინზე დადებითი ტესტი ჩააბარა - ამ სიბინძურის გამოყენება მან ოჯახური ტრაგედიის შემდეგ დაიწყო.

"ის, რომ ეს ნარკოტიკი იყო, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, - იხსენებს ფეხბურთელი. - გინდაც ნარკოტიკი ყოფილიყო, გინდაც ვინმეს მოვეკალი, ან რამე ავტოკატასტროფა დამმართნოდა - სულერთია. ისედაც განადგურებული ვიყავი".

მოგვიანებით, მშობლებმა გაიგეს, რომ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი იყო, რამაც უფრო დიდ შოკში ჩააგდო ფეხბურთელი: "გაგება იმის, თუ როგორ მოხდა ეს და რამ გამოიწვია მომხდარი, დიდ ბრძოლას აჩენდა საკუთარ თავში დემონებთან. ძალიან მტკივნეული იყო.  მტკივნეული გულისთვის... სიგიჟემდე მივყავდი. არ მაინტერესებდა, რას გამოიწვევდა ჩემი ქმედებები.

სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი ოჯახი. და იმ მომენტში ყველანაირად გატეხილი ვიყავი. ვერ ვუმკლავდებოდი ვერც ამას, ვერც - საერთო ზეწოლას და ვერც გუნდს ვეხმარებოდი პრემიერლიგაში დარჩენაში. გარკვეული დროით უნდა გავთიშულიყავი, მაგრამ ვცდილობდი ისე გავმკლავებოდი ამას, როგორც მორიგ საფეხბურთო ტრავმას. ყველაზე მეტად კარიერის დასრულების მეშინოდა, შინაგანად მზადაც ვიყავი საამისოდ. მზად ვიყავი დაჭერისთვის. წესები ვიცოდი, მაგრამ არ ვემორჩილებოდი და ნარკოტიკებს ვიღებდი".

2015 წლის 15 მაისს ლივემორს ნარკოტიკის მიღების გამო FA-მ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, კლუბმა - ბანი დაადო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ერთ კვირაში "ჰალი" პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში გავარდა. მიუხედავად ყველაფრისა, 3 თვეში უკვე ყველამ გაიგო ლივერმორის დეპრესიის მიზეზები - FA-მ გადაწყვეტილების გადახედვა გადაწყვიტა. რამდენიმე დღეში "ჰალის" მთავარი მწვრთნელი სტივ ბრუსი შემდეგს იტყვის: "ის ყველა პრობლემას საკუთარ თავში ინახავდა. ფეხბურთელები ყოველთვის ფიქრობენ, რომ სუპერმენები არიან, მაგრამ ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც სხვებს.

სექტემბერში ლივერმორს ვარჯიშის უფლება დართეს. დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, კლუბმა კი ბანი მოუხსნა. 22 სექტემბერს მან 70 წუთი გაატარა სათასო მატჩში "სუონსის" წინააღმდეგ, 3 თვის შემდეგ კი გამარჯვების გოლი გაუტანა "რედინგს". გუნდი მთელი სეზონის მანძილზე ლიდერობასთან ახლოს იყო. ბოლო ტურში ლივერმორმა "როტერჰემის" კარში დუბლი გაიფორმა, მისი გუნდი კი პლეი-ოფში მოხვდა, სადაც ორმატჩიან ბრძოლაში "დერბი ქანთი" (3:0, 2:0) ჩამოიცილა და გადამწყვეტი ბრძოლა "შეფილდთან" ელოდა.

"როცა ყველამ გაიგო რეალური მიზეზი, რაღაცნაირად დავმშვიდდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ციხეს დავაღწიე თავი. აღარ ვიღიმოდი მაშინ, როცა არ მეღიმებოდა და ისეთ სახეს აღარ ვიღებდი, თითქოს ყველაფერი რიგზეა. გუნდში დაბრუნებისას კი, არ ვიცოდი, როგორი რეაქცია ექნებოდათ გუნდელებს, პერსონალს. ეს ნამდვილად ფანტასტიური იყო - იმდენად კარგად მომეპყრნენ გუნდში... როგორ გადავუხადო უფრო დიდი მადლობა, ვიდრე პრემიერლიგაში გადასვლაა?! ძალიან დიდი მადლობა მსურს გადავუხადო FA-ს, რომელიც ჩემს მდგომარეობაში შევიდა. როცა ისეთი რამ გემართება, რაც მე დამემართა, ცხოვრების გაგრძელება რთულია, მთლიანად საკუთარ თავში იკეტები. თანაც, ფეხბურთელის იმიჯი უნდა შეინარჩუნო, ემოციების გაზიარების შიში გაქვს, მაგრამ ეს აბსოლუტური ტყუილია. ფეხბურთი მეტია, ვიდრე ფული, გოლები, მოგებები და წაგებები. ეს გიგანტური საზოგადოებაა, სადაც, უპირველეს ყოვლისა - ხალხი ვართ", -  განაცხადა ფეხბურთელმა "შეფილდთან" შეხვედრამდე.

"ჰალმა" "შეფილდის" დამარცხება დაძაბულ ბრძოლაში მაინც შეძლო - 1:0 და შემდეგ სეზონში პრემიერლიგაში "ჰალთან" ერთად ვიხილავთ სამაგალითო ფეხბურთელს. ფეხბურთელს, რომელმაც შვილის გარდაცვალების და ნარკომანიის შემდეგ, შეძლო ფეხზე დამდგარიყო, მოედანზე გასულიყო და ბოლომდე ებრძოლა - შვილისთვის.
ავტორი  -  ედო
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები