რთულად განვლილი გზა და ადრესატამდე მიტანილი ქართული წერილი!
AutoSharing Option
00:31 05-07-2016
რომელმა ფეხბურთელმა შეგაყვარა ფეხბურთი? - რა საინტერესო კითხვაა, არა?! და რა საინტერესოა, რომ მას ხშირად ვუსვამთ ერთმანეთს, თუმცა რისთვის, დღემდე ვერ გავიგე...

ალბათ ამიტომაცაა, რომ ამ კითხვას სერიოზულად არასდროს ვუდგები და ყოველთვის არასერიოზულ პასუხს ვცემ. ახლა გადავწყვიტე, სერიოზულად ვუპასუხო მას და ერთი ისტორიაც გადმოგცეთ...

"ის" არ არის ფეხბურთელი, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შემაყვარა. ასეთი ესპანელი ფერნანდო მორიენტესია, მან შემაყვარა სწორედ ფეხბურთი. თუ როგორ და რანაირად, დიდი ისტორიაა, ამაზე დღეს საუბარი ნამდვილად არ მსურს...

პირველად გოგო პატარა ასაკში შემიყვარდა... ყოველ შემთხვევაში, მაშინ ამ გრძნობას სიყვარულს ვეძახდი. შეიძლება, არც იყო. ვინც მიყვარდა, ისიც ფერნანდოს გულშემატკივარი იყო, მასაც ფერნანდომ შეაყვარა ფეხბურთი, ოღონდ.. არა მორიენტესმა, არამედ - ტორესმა! იმდენად უყვარდა, ერთხელ წერილიც კი დაუწერა, რომ ჩამოვა აქ, მივცემო... ან მე ჩავალ და ისე მივცემო...

არ დასცალდა... წერილი კი მე ჩამივარდა ხელთ. ვიფიქრე, ეგებ მე მივიტანო ეს წერილი ტორესთან. დღემდე არ ვიცი, რა ეწერა იმ წერილში. არასდროს გამიხსნია!

სწორედ აქედან მოყოლებული დავიწყე ფერნანდოტორესის თამაშების ყურება, გულშემატკივრობა, ისტორიების კითხვა. მინდოდა გამეგო, როგორ მოვახერხებდი იმ ყველაფერს, რაც მიზნად დავისახე.

ყველაზე კარგი შანსი 2012 წლის 9 სექტემბერს მქონდა, როცა ესპანეთის ნაკრები აქ ჩამოვიდა, რადგან 11-ში თამაში ჰქონდათ ჩვენს ნაკრებთან. ტორესიც აქ იყო. ფედერაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვთხოვე:

- სხვებივით ფოტოების გადაღება არ მინდა. გთხოვთ, 10 წამით დამანახეთ, წერილს მივცემ და მორჩა ამით ყველაფერი.
- ვერა, არ შეიძლება მასე. თუ გინდა, დაგვიტოვე და ჩვენ გადავცემთ.
- არა, მაგას ვერ ვიზამ.

შემდეგ იმ თამაშზეც კი არ მივსულვარ. მახსოვს, როგორ დამწყდა გული: როგორ ახლოს იყო და... არ შემეძლო!

მას მერე კიდევ რამდენიმე შანსი მომეცა, მაგრამ არ გამოდიოდა. ბოლო კი პორტუგალიის ნაკრების აქ ჩამოსვლა იყო 1 წლის წინ... იმ ნაკრებს ტიაგო მენდეში ახლდა თან, "ატლეტიკოს" ფეხბურთელი, ტორესის თანაგუნდელი. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, მას ვანდო ეს წერილი. ის მიუტანს-მეთქი ადრესატს, თუ ვთხოვ, როგორც "ატლეტიკოს" გულშემატკივარი...

გუნდის ვარჯიში "ლოკომოტივზე" დახურული იყო, არავის უშვებდნენ, ამიტომ ფედერაციასთან მივედი. ისევ ისე, როგორც 3 წლის წინ - არც ფოტო მინდა ვინმესთან, არც ვინმეს ავტოგრაფი. მხოლოდ წერილის გადაცემა მსურს და თქმა, თუ ვისთვისაა. არ შემიშვეს პირველ დღეს... არც მეორე დღეს... მესამე დღე კი მათი აქ ყოფნის ბოლო დღე იყო, ჩემი ბოლო შანსი...

დილით ფედერაციასთან ალექსანდრე ჩივაძე და რევაზ ძოძუაშვილი მოვიდნენ. ძოძუაშვილმა მიცნო, წინა 2 დღის მანძილზეც შემამჩნია... წინა დღით, ასე მითხრა, რა ვქნა, ჩვენც არ გვიშვებენ ქვემოთ ჩასვლას (სტადიონზე), გვაპატიეო...

- კიდევ აქ ხარ?
- კი, მინდა წერილი მივცე.
- ასეთი რა წერილია, 3 დღე რომ აქ ხარ?
- დამიჯერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია.
- კაი, დამელოდე მაშინ.

20 წუთის შემდეგ...

- მოკლედ, დამპირდი, რომ არანაირ ფოტოს არ გადაიღებ, არც რაიმეს სთხოვ ზედმეტად... მერე ეს პრობლემას შეგვიქმნის.
- რატომ დაგპირდეთ?
- პირობა თუ მექნება, შეგახვედრებ ტიაგოს.
- გპირდებით.
- წამოდი.

პორტუგალიის ნაკრების ავტობუსთან მიმიყვანეს. რონალდო მახსოვს, მის უკან მოდიოდა ტიაგო. მე კი სწორედ მას ვეძახდი და ამ შეძახილზე მოვიდა კიდეც.

- გამარჯობა.
- გამარჯობა. "ატლეტიკოს" გულშემატკივარი ვარ და მინდა რაღაც გთხოვო.
- მაისური?
- არა, არა. ტორესს ხომ ნახავ კიდევ?
- კლუბში როცა დავბრუნდები, წესით კი, არ მიდის და არც მე მივდივარ ჯერ (სიცილით).
- მინდა ეს წერილი გადასცე.
- მისი გულშემატკივარი ხარ? რომ ჩამოხვიდე და პირადად გადასცე, არ გირჩევნია?
- არა, არ არის ჩემი.
- აბა, ვის წერილს მატან?

მოვუყევი...

- მივუტან, აუცილებლად წაიკითხავს. შენ კი მადლობა, რომ გვგულშემატკივრობ. იმედია მალე უკვე ჩვენს სტადიონზე გიხილავთ.
- მადლობა. იმედია მოგეწონა აქაურობა.
- კი, ლამაზი ქვეყანაა. წავედი ახლა, მეჩქარება, ხომ ხედავ, გუნდი მარტო მე მელოდება? (ისევ სიცილით)
- ხომ მისცემ?
- კი, კი, აუცილებლად.

ეს ყველაფერი ივნისში მოხდა... სექტემბერში "ატლეტიკოს" "გალათასარაისთან" ჰქონდა გასვლითი მატჩი სტამბულში ჩემპიონთა ლიგაზე. წასვლა მომინდა. არა ტორესთან, არამედ - უკვე ჩემს საყვარელ გუნდთან! თუმცა მერე ტორესის ნახვაც მოვინდომე...

ამბობენ, თურქეთში საშიშია, განსაკუთრებით თუ მათი მეტოქე ხარ და არა - მომხრე. "ატლეტიკოს" მადრიდელ გულშემატკივრებს ვიცნობ, ხშირი ურთიერთობა მაქვს. მათ კლუბმა ბილეთები გამოუყო - 1100 ცალი... თურმე, ფანკლუბსა და კლუბს შორის კომუნიკატორი ჰყავთ, რომელიც აგვარებს ამ საკითხებს. ასე მითხრეს, ჩავაყენებთ საქმის კურსში, ბილეთის ყიდვა არ დაგჭირდება, მას დაურეკე, თურქეთში რომ ჩავა გუნდი და ის მოგცემს, ჩვენთან ერთად იყავი, შორს ყოფნა რად გინდა, უბრალოდ ჩვენ შეიძლება ვერც გნახოთ გარეთ ბილეთის მოსაცემადო. კარგი-მეთქი.

მე თამაშამდე 4 დღით ადრე ჩავედი სტამბულში, დედასთან, იქ ცხოვრობს და... 2 დღით ადრე გუნდიც ჩამოვიდა, დავურეკე იმ კაცს..

- გამარჯობა. ბილეთთან დაკავშირებით გირეკავთ. ქართველი ვარ და მითხრეს, თქვენ მომცემდით ბილეთს.
- გამარჯობა. კი, დღეს გუნდის ვარჯიშია 6 საათზე და თუ სტადიონზე მოხვალ, მოგცემ.
- კარგი, მოვალ. და ტორესს ვერ ვნახავ?
- ძალიან გინდა?
- კი, რაღაც უნდა ვკითხო.
- რა?

მოვუყევი...

- კარგი, ვნახოთ, ვეცდები.

სტადიონზე მისულს ბილეთი მომცა.

- დიდი მადლობა. ხვალამდე, იმედია მოვიგებთ.
- სად მიდიხარ?
- ახლა სახლში, მოვემზადები ხვალისთვის. პირველად მოვდივარ "ატლეტიკოს" თამაშზე.
- ძალიან გეჩქარება?
- რამე ხდება?
- კი თუ არა?
- არა.
- წამოდი, ტორესის ნახვა ხომ გინდოდა?

შემდეგ რა მოხდა, დეტალურად არ მახსოვს, თითქოს გავითიშე, როცა ტორესი ვნახე... მახსოვს, რომ მაქო, მაგარი ბიჭი ხარ და მადლობები მიხადა, რომ ის წერილი მასთან მივიდა. ეტყობა, იმ კომუნიკატორმა უთხრა ვინც ვიყავი და რატომაც მსურდა მისი ნახვა... არ მითხრა რა ეწერა, მხოლოდ მადლობა გადამიხადა და ხელში რაღაც მომაწოდა... მერე წავიდა...

ფოტო იმდენად არ მსურდა მაშინ, რომ საერთოდ გადამავიწყდა ეგ...

სანამ გონს მოვეგე და გავიაზრე რა ხდებოდა, კარგა ხანი გავიდა. ხელში კი მისი ავტოგრაფიანი მაისური მეჭირა. მაჩუქა, მადლობის ნიშნად. ის წერილიც წაუკითხავს! ნეტავ რა ეწერა?! არა, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მთავარია, წაიკითხა! რამდენი სწერს და წაიკითხა! ტიაგომ თხოვნა შემისრულა! ფედერაციამ მეორედ აღარ მითხრა უარი წერილის ჩემით მიწოდებაზე!

უბრალოდ, იცოდეთ... არასოდეს ჩაიქნიოთ ხელი. მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას და თუ მოინდომე - ადრე თუ გვიან გამოვა.  დღეს ტორესი ჩემთვის საუკეთესოა როგორც ფეხბურთელობით, ისევე მისი ადამიანობით.

და მერე რა, რომ მასთან ვერც ფოტო გადავიღე და რომ ვერც დაველაპარაკე? ადრე თუ გვიან კიდევ ვნახავ, უკვე სხვა მიზეზით - ახლაც ეს მაქვს მიზნად... იქნებ, მერე ვიკითხო, რა ეწერა იმ წერილში, ვინ იცის... ძალიან კი მაინტერესებს...

არსებობენ კარგი ფეხბურთელები და არსებობენ - კარგი ადამიანები! და არსებობს - ორივე!
ავტორი  -  ედო
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები