ქართველები ჩამოსულან, ანუ ამბავი "შირაქი"-"დილას" მატჩიდან
AutoSharing Option
00:20 09-07-2016
7 ივლისს, ჩემი პირველი პროფესიული გასვლა შედგა. გორის "დილას" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი სომხეთის ქალაქ გიუმრიში მოუწია ადგილობრივ გუნდ "შირაქთან"...

გასვლა

სანამ უშუალოდ გასვლაზე დავწერდე, მსურს მადლობა გადავუხადო "დილას" ხელმძღვანელობას, რომელმაც სპეციალურად ამ შეხვედრისთვის გულშემატკივრებსა და მედიისთვის ტრანსპორტი გამოყო. 10-მდე გულშემატკივარი დ მე - ერთი ჟურნალისტი...

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ვცხოვრობ, ხოლო ავტობუსი გორიდან თბილისში მოდიოდა, ავტობუსს თბილისში დაველოდე. ტრანსპორტი 10 საათზე მოვიდა... და დაიწყო გზა გიუმრიმდე...

გზა
"საცობი" იყო საზღვარზე. მიზეზმა სიცილი გამოიწვია და ალბათ, თქვენშიც ანალოგიურ რეაქციას გამოიწვევს: ინტერნეტი გათიშულია და ვერ გატარებთო...

საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ ისევ დავიძარით...

გზა დაუსრულებელი.... ერთი შეხედვით, ახლოს მყოფი მეზობელი ქვეყნის ქალაქი იმდენად შორს გამოდგა, ლამის თამაშსაც კი ვერ მივუსწარით. თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა... გზას ლამაზი, მწვანე ბუნება გვიმშვენებდა. დაახლოებით, 6-საათიანი მგზავრობის შემდეგ ქალაქში ჩავაღწიეთ.

დახვედრა
ალბათ, ორგანიზებულობის კუთხით ერთ-ერთი ნათელი წერტილი სომხური პოლიცია იყო, რომელიც ქალაქის შესასვლელშივე დაგვხვდა და სტადიონამდე მიგვიყვანა. სტადიონზე ქართველი გულშემატკივრებისგან შორს მომიწია ყოფნა, რამეთუ ჟურნალისტის სტატუსით ვიყავი, თუმცა, როგორც შემდეგ მათგან შევიტყვე, მთელი მატჩის მანძილზე კარგად ეპყრობოდნენ მათ და რამდენიმე პროვოკაციასაც აარიდეს.

ეგ კი არა, ისიც მითხრეს, მატჩის მსვლელობის დროს ტრიბუნიდან არ გვიშვებდნენ, არადა ძალიან ცხელოდაო... სანაცვლოდ კი, პოლიციელებმა მაღაზიიდან 7-8 ბოთლი წყალი იყიდეს თავისი ხარჯით და მოგვიტანეს, მოგვცეს, თანაც, ორჯერო...

სხვათაშორის, ის წყლის ბოთლები ქართველებმა ბოლოს თავადვე აიღეს და სანაგვეში გადაყარეს, ამას ყავის ჭიქებიც მიაყოლეს, რომელიც იქვე ეგდო, პოლიციელებს კი თურმე გაჰკვირვებიათ მსგავსი საქციელი. მაშ, როგორ? ქართველები ჩამოსულან, განა ვინმე სხვა?!

აქვე ერთი კურიოზიც: ზემოთ პროვოკაციები ვახსენე... ერთ-ერთი სტაჟიანი გულშემატკივარი ღობეზე გადაძვრა და გორელთაკენ მიიწევდა, როცა პოლიციამ დააკავა. თუმცა გორელებმა ამ ადამიანს გარჯა ტაშით დაუფასეს....



პოლიციამ გაცილებაც მშვენიერი მოგვიწყო - პირდაპირ საზღვრამდე გაგვაცილა. ბოლოს თავისი მადლობაც მიიღო.

სამაგიეროდ, მთლად ასეთი ქება-დიდებით ვერ ვისაუბრებ იმ საორგანიზაციო ჯგუფზე, რომელსაც მედიის მასპინძლობა ევალებოდა. არადა ერთი ვიყავი... პრესლოჟაში პრესბარათით ასულს ადგილი არ დამხვდა, სხვაგან მოძებნეო... შემდეგ VIP-ლოჟაში გადამამისამართეს, სადაც, მართალია, ადგილი დამხვდა, თუმცა რად გინდა - ინტერნეტი არ არის, ნოუთბუქის შესაერთებელი არ არის და აქედან ჟურნალისტი ვერ იმუშავებს.

საშინელ პირობებში ალბათ მაქსიმუმი მაინც გავაკეთე. ყოველ შემთხვევაში, მე კმაყოფილი ვარ.

წამოსვლა
გზა ისევ დაუსრულებელი... ამჯერად უკვე დამარცხებულნი ვბრუნდებით... თუმცა ვინ იცის, რა გველის ხვალ და ზეგ? ეგებ გუშინდელი მარცხი ხვალინდელ დღეს კარგად გამოადგეს? ამას დრო გვიჩვენებს...

მანამდე კი, მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ "დილას" ხელმძღვანელობას, რომელმაც მომცა შანსი მენახა ის ყველაფერი, რაც აქ დავწერე!

აქვე რამდენიმე ფოტო:








ავტორი  -  ედო
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები