ჟურნალისტის საკითხავი - ანუ მკითხველის ნაფიქრალი
AutoSharing Option
20:51 15-08-2016

საქმის კეთება ყოველთვის ძნელია, კრიტიკა - თითქოს ადვილი. ბრიყვი კრიტიკას მტრობად აღიქვამს, მაგრამ კრიტიკა ჭკვიანი ადმიანისთვის ისაა, რაც წინსვლას უადვილებს, უკეთესობისკენ უბიძგებს, ერთ ადგილზე გაყინვისა და უმოძრაობის საშუალებას არ აძლევს.

ბევრი თქმულა და დაწრილა, პოლემიკაც ბევრჯერ გამართულა ამ თემაზე, ბევრჯერ ჯოხიც უსამართლოდ გადატეხილა უდანაშაულოს ზურგზე და გასაკრიტიკებელიც სხვაგან შეიძლება უფრო მეტი იყოს,  მაგრამ ქარული სპორტული ჟურნალისტიკა მაინც უნდა გავაკრიტიკო - კრიტიკის ნაკლებობისთვის! მეც იმათ ვაკრიტიკებ, ვისიც მეტად მჯერა და მეიმედება.

კი, ქართული პრესის ფურცლებზე ხშირია ერთი შეხედვით კრიტიკული წერილები (ჩვენი ფეხბურთი არ გვაძლევს ამის მიზეზს, თუ რა?!), მაგრამ თითქმის ყოველთვის კრიტიკა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშეა მოცემული. ვერიდებით კონკრეტული სახელებისა და გვარების, კლუბებისა და ფაქტების აფიშირებას. ზოგჯერ ვიღაცას ვინდობთ, ვიღაცას შეღავათს ვუწევთ, ვიღაცას თითქოს ბოლომდე არ ვწირავთ - ვიცით, ვიღაცა კრიტიკას მტრობად ჩაგვითვლის და ვერიდებით. კონკრეტული პიროვნებებიც ამით სარგებლობენ და ერთი ყურიდან შეშვებულს მეორე ყურიდან მაშინათვე დაუნანებლად აფრენენ.

სამწუხაროდ, ქართული სპორტული ვებ–გვერდების (რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით სოკოებივით ჩნდება და მერე ქრება) მეორე დაუძლეველი პრობლემა ისაა, რომ თითქმის არავის არ აქვს არანაირი ექსკლუზივი (და არც სურვილი ექსკლუზივის მოპოვების). დაწერს რომელიღაც გამოცემა რაღაცას, გადმოამღერებ და ნიუსი გაქვს; დაწერს უცხოური მედია სადღაც რაღაცას ქართველ ფეხბურთელზე, გადმოთარგმნე და ექსკლუზივი გაქვს; გამართავს ვინმე პრესკონფერენციას – მოუსმინე და მასალა გაქვს; ვინმე რამეს წაიჭორავებს ფეისბუქზე და - მთლად აწყობილია საქმე. ხშირად ქართული კლუბებიდან უცხოეთში გაიშვიათებული ტრანსფერების შესახებ ისევ უცხოური მედიისგან ვიგებთ; მგონი მარტო საქართველოშია შესაძლბელი საერთოდ არ დაესწრო საფეხბურთო მატჩს და ისე გამოაცხო რეპორტაჟი - შენი მოწონებული. მთავარია დღეში რამდენიმე საათი კომპიუტერთან დაჯდე და საჭირო გვერდებს ჩამოუარო.

კი, როგორ არა, არის ინტერვიუებიც მაგალითად რომელიმე ფეხბურთელთან. ვხედავ, რამე განსხვავებული მგონია და  უკვე მიხარია–წავიკითხავ ინტერვიუს და არაფერიც არ მრჩება დაშტამპული კითხვებისა და ასევე დაშტამპული პასუხების გარდა. არავითარი მწვავე კითხვები, არანაირი კონკრეტული ეპიზოდების განხილვები, არანაირი მოვლენების სიღრმისეული ანალიზი, არანაირი იმპროვიზაცია – ჩვეულებრივი დაშტამპული ბლა, ბლა, ბლა ...

მე შენ გეტყვი ყველაფერი ნათელია და გარკვეული ჩვენ ფეხბურთში – მაგალითად გორის „დილაში“ უკვე მერამდენე თვეა ინვესტორი მოდის. გასაგებია კლუბი და ადგილობრივი ხელმძღვანელობა დუმილს ამჯობინებს და თავისი ნებით არაფერს ამბობს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში სხვამ ვინ, თუ არა ჟურნალისტებმა უნდა გაარკვიონ და დაინტერესებულ მკითხველს ამცნონ პოტენციური ინვესტორის ვინაობა, პრივატიზაციის პროცესის დეტალები, შემაფერხებელი გარემოებები,  იურიდიული თუ სხვა ასპექტები – მითუმეტეს რომ ამ ყველაფრის დიდი ნაწილი საჯარო ინფორმაციაა და მოპოვება არც თუ ისე ძნელადაა შესაძლებელი. თუ ვინმე ინფორმაციის მოპოვებაში ხელს უშლით, ესეც უნდა ამცნონ საზოგადოებას.

მსგავსი პრობლემებია ზუგდიდში, ქუთაისში და სხვა ქალაქების კლუბებთან მიმართებაშიც.

ვინ თუ არა ჟურნალისტებმა უნდა გამოძებნონ ისეთი რესპონდენტები, რომლებსაც კითხვებით „გახსნიან“, რომლებიც სიღრმისეულად ისაუბრებენ კონკრეტულ პრობლემებზე (და არა ქელეხის თამადის სადრეგრძელოსავით დაზეპირებული „ბავშვთა ფეხბურთი“,“სტადიონები“, „ფული“ და ა.შ)

კარგად ვიცი, რომ დღევანდელ სპორტულ ჟურნალისტიკაში უკიდურესად ღრმა ფინანსური კრიზისია და ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი ამის გამო ხელ-ფეხ შებორკილი, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული – თუ ჟურნალისტებმა არ გააკრიტიკეს გასაკრიტიკებელი, არ თქვეს სათქმელი და ამით  ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესების გაჯანსაღებას ხელი არ შეუწყვეს, თუ რეალური პრობლემები გულშემატკივრამდე არ მიიტანეს, პროცესში არ ჩართეს, სიახლით არ დააინტერესეს, საქართველოს სპორტული ცხოვრების ნიუანსებში არ ჩააღრმავეს – როგორ წავა წინ საქმე, როგორ იქნება მეტი პოპულარობა, მეტი წარმატება  – შესაბამისად, ამ სფეროში მეტი შემოსავალი?!

„მოყვარეს პირში უძრახეო“ და ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ მე, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი ყოველ დღე ვყიდულობ სპორტულ გაზეთს, ვებ-გვერდებზე ყოველ დღე ქართული ფეხბურთის სიახლეებს ვეცნობი, ყოველი წარმატება მახალისებს, ყოველი მარცხი გულს მტკენს და თითქმის ყოველთვის მრჩება დაუკმაყოფილებლობის განცდა. განცდა, რომ შეიძლება ყველაფერი კიდევ უფრო უკეთ იყოს. მე თქვენი მკითხველი ვარ.

 

Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები