მიმართვა ლევან კობიაშვილს
AutoSharing Option
11:47 07-09-2016

დღეს გლდანში მომიწია გავლამ და ლევან კობიაშვილი ვნახე, ბილბორდზე გამოკრული და პარლამენტისკენ გეზ აღებული. ლევანი არც პირველი და დიდი ეჭვი მაქვს არც უკანასკნელი სპორტსმენია ვინც პოლიტიკაში მოსვლას ცდილობს, მაგრამ რაღაცნაირად მეხამუშა მაინც, რაც არ უნდა იყოს „კობი“ ხომ ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია. თანაც, პრეზიდენტობისა და პარლამენტარობის წარმატებით შეთავსებასაც გვპირდება.

ძვირფასო ლევან, რა დროს პოლიტიკაა, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ და:

-         ქართული ფეხბურთი სულს ღაფავს

-         ევროტურნირების შესარჩევებიდან ქართული გუნდები პანტაპუნტით გამოვარდნენ

-         ეროვნული ნაკრები მხოლოდ „ღირსეული“ მარცხით კმაყოფილდება

-         საქართველოს ჩემპიონატი „სვარკაზე“ საშინელი სანახავია

-         ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები ბელგიისა და ჰოლანდიის ჩემიონატში ვერ იმკვიდრებენ თავს

-         ყაზახეთსა და აზერბაიჯანში თამაში ჯობია ქართულ გუნდში თამაშს

-         ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ ისლანდია, ალბანეთი, უნგრეთი... და საქართველოში მსგავს რამეზე ვერც კი ოცნებობენ

-         ევროპალიგაზე ითამაშებენ „დანდალკი“, „გაბალა“, „ყარაბახი“, „ასტანა“... დინამომ ევროპალიგის შესარჩევ პლეიოფში სალონიკის „პაოკთან“ ორ თამაშში გოლო ვერ გაიტანა და აქეთ 5 მიიღო

თავზე გვენგრევა ქართული ფეხბურთი (ამას თუ ფეხბურთი ქვია) ლევან და მშველელი არ ჩანს. მთავრობისგან გამოყოფილი თანხაც შეიჭმება და კლუბებს სპონსორები კვლავ არ ეყოლებათ. როგორ შეიძლება ამდენი პრობლემა იყოს ერთ სფეროში და უკვე მეორეს (და უფრო რთულს) ეჭიდებოდე. ორი კურდღლის მადევარის ამბავს შეგახსენებ, თან შენ რომ დასდევ ბატონო პრეზიდენტო ეგ კურდღლები ერთიც ურთულესი დასაჭერია.

გარკვეული ხანი გავიდა რაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ და უკვე შეიძლება რაღაც დასკვნების გაკეთება. გაკეთდა საშვილიშვილო საქმე - დაიწერა ფეხბურთის განვითარების პროგრამა და მის შესასრულებლად თანხაც გამოიყო, მაგრამ ყველაზე რთული გეგმის შესრულებაა და არა მისი შექმნა. ყველაზე თვალში საცემი მაინც ცხადაძის მოშორებაა ნაკრებიდან, რაც ჯერ-ჯერობით ნამდვილად ვერ წაადგა ისედაც ვაი, ახლა უკვე ვაისის გუნდს.

ჩემო ლევან, როგორც ამბობენ ჭკვიანი, გაწონასწორებული, დინჯი კაცი და კარგი მენეჯერი ხარ, ხოდა გთხოვ მთელი შენი უნარი ამ დაქცეულ მაგრამ მაინც ჩვენთვის საყვარელ ფეხბურთს მოახმარე. ერთხელ ჩვენც მოგვასმენინე საქართველოში აჟღერებული ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი და გვათამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე, ამაზე უკეთესს ვერაფერს გაუკეთებ პარლამენტარის სავარძლიდან ქართველ ხალხს. ერთიც დაიმახსოვრე, მე ზემოთ სურათზე მყოფი „კობი“ მიყვარს (ხორვატიის შემდეგ არის გადაღებული) და არა საარჩევნო პლაკატზე გამოსახული, პოლიტიკოსი ლევან კობიაშვილი.

პ.ს. ოლიმპიადაზე ძალოსნებმა ერთ დღეს ორი მედალი აიღეს და მათი მთავრი მწვრთნელი ყოფილი პარლამენტარი გიორგი ასანიძე იყო, რომელსაც პარლამენტში ყოფნისას მაგის მეასედი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის. ესეც კიდევ ერთი ანდაზის გამართლება პურსა და მის მცხობელზე. ძალიან მეშინია ლევან ორი კურდღლის მადევრის დღეში არ აღმოჩნდე. ღმერთმა ქნას ვცდებოდე...

ავტორი  -  შალვა
Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები