რაგბის "ფეოლა"
AutoSharing Option
15:43 11-09-2016

ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ბრწყინვალე ქართული ფილმი „ფეოლა“. ფილმის მთავრი გმირი, ბონდო დოლაბერიძე ქუჩა-ქუჩა ეძებს ბიჭებს თავის უბნის ფეხბურთის გუნდის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ჯერ ადგილობრივი მასშტაბის ჩემპიონი ხდება, ბოლოს კი საბჭოთა კავშირის პირველობას იგებს და სათამაშოდ საფრანგეთში მიემგზავრება. გუნდის მთავრი მეგოლე ხვედელიძეა, ხოლო „ხვედელიძე დაცვას მიხედე, დაცვას“ ფილმის ფრთიან ფრაზადაა ქცეული...

რეალურ ცხოვრებაში კი „ფეოლა“ რაგბში გამოჩნდა. დიდი ხანი არაა რაც ოვალურ სამყაროში მეტეორივით შემოჭრა ენერგიული, კრეატიული იდეებითა და ენთუზიაზმით აღსავსე ლევან ჯობავა. მე არ მოვყვები მისი პროექტების დეტალურ აღწერას, ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მოძებნოთ „ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში“ და „რაგბი აქაურობას“.

სოფელ-სოფელ დადის რაგბის „ფეოლა“ საქართველოში, გაუგორებს ჯადოსნურ ოვალს ბავშვებს და ასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში მთავარს - მეგობრის სიყვარულსა და მეტოქის პატივისცემას, თავდადებასა და ერთმანეთის გატანას. მხოლოდ მერე იწყება ლელო და ბოჭვა, ტალახში ამოგორება და პატარების სიხარულით ანთებული თვალები, ბოლოს კი მოწინააღმდეგისთვის მოწყობილი საპატიო დერეფანი.

დღეს უკვე ლევანს ბევრი დამხმარე და მიმდევარი ჰყავს. ახალგაზრდა მორაგბემ, ირაკლი ნარსავიძემ თბილისში სარაგბო კარიერა მიატოვა და მესტიაში შექმნა რაგბის გუნდი „უშბა“. უფასოდ ავარჯიშებს სამეგრელოში ბავშვებს დავით დგებუაძე. ამ ზაფხულზე ურეკში მოეწყო შეკრება, რომელშიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცებისა და ვეტერანების შვილები მონაწილეობდნენ. ჯიქების ასაკობრივ გუნდში აიყვანეს ლევანის აღმოჩენილი მორაგბე.

ბევრჯერ გამიგია რაგბიმ სხვანაირი სიყვარული და ჩათრევა იცისო, ერთხელ თუ ითამაშე ეგრევე გწამლავს და თავს ვერ ანებებო. ხოდა ჩაითრიოს ჯობავამ მთელი ქვეყანა სარაგბო შერკინებაში, მეგობრის სიყვარულსა და დახმარებაში. შეემატება საქართველოს გორგოძეები და ნარიაშვილები, ზირაქაშვილები და სუთიაშვილები. ყველა დიდი სპორტსმენი ვერ დადგება, მაგრამ ბავშვის ქუჩას მოწყვეტა, მისი სხეულისა და სულის გაკაჟება ნამდვილად დიდი საქმეა.

 

იაროს „ფეოლამ“ სოფელ-სოფელ და აუცილებლად იპოვის თავის ხვედელიძეს და მერე იქნება ფრაზა  - ლელო ხვედელიძე, ლელო...

ავტორი  -  შალვა
Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები