გასაუბრება ზინედინ ზიდანთან - ილუზია, რომელიც ჩემთვის რეალურია
AutoSharing Option
16:27 15-09-2016

… სამი წერტილი გასამხნევებლად და გულში წარმოთქმული სიტყვები - "მე ამას შეძლებ". დიახ, ზოგადად ასეა, - მოინდომებ,  შეძლებ და, თუ არ გამოგივიდა,  ე.ი. სათანადოდ არ მოგინდომებია. ჩემი შემთხვევაც ასეთია და ბოლოში ერთად ვნახოთ, რამდენად მოვინდომე და რამდენად გულწრფელად გადმოვეცი ის, რისი თქმაც მინდა. არც მიზეზი ვიცი, რატომ მომინდა დაწერა, მაგრამ ეგ უკვე ჩემი პრობლემაა და მკითხველისთვის არ უნდა იყოს საინტერესო. ჩვენც დავიწყოთ.

გურია და გურულები - ამასთან დაკავშირებით ბევრი სახალისო მოსაზრება არსებობს და ყველაზე გავრცელებული კი ასეთია: "გურულობა დიაგნოზია, ძამა". კი ბატონო, მეც ამ დიაგნოზით ვარ დაავადებული და უფრო მეტიც, მკურნალობა დაგვიანებულია. როგორც გურულებს გვჩვევია, რაღაცას ამოვიჩემებთ და ბოლომდე მისი ერთგული ვრჩებით. ეს სხვაგვარი ამოჩემებაა და, ჩემი აზრით, ანალოგი არ გააჩნია. მეც ასე ვარ - დავიბადე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არასპორტულ ოჯახში.თავად განსაჯეთ:  მამა - ვეტერინარი, დედა - ეკონომისტი, ძმა - ეკონომისტი.ოჯახში, სადაც ძალიან არ უყვართ ფეხბურთი და მით უმეტეს მისი ყურება. მე კიდევ არ ვიცი, რა პროფესიის ვარ, ან მაქვს კი საერთოდ? სპორტზე წერით ვარ დაკავებული და როცა ამ ყველაფერში ანაზღაურებასაც გაძლევენ, რაღა მაქვს საწუწუნო?

საიდან დაიწყო ჩემი სიყვარული ფეხბურთის მიმართ, რთული გასახსენებელია, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დაიწყო. პირველი მატჩი, რომელმაც ჩემს მეხსიერებაში გაიდგა ფესვები, 2002 წელს შოტლანდიაში გაიმართა. მადრიდის "რეალმა" ლევერკუზენის "ბაიერი' 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ისტორიაში მეცხრედ გახდა. ამ შეხვედრამ ყველაზე დიდი გავლენა იქონია ჩემზე და  მას მერე სამეფო კლუბს ვგულშემატკივრობ. საყვარელ ფეხბურთელად კი კვლავ ზინედინ ზიდანი რჩება.  ოჰ, კიდევ იკერ კასილიასი უწევს კონკურენციას. ეს ორი ადამიანი დამამახსოვრდა. ზიდანი -გატანილი გოლით, იკერი - თავისი მოგერიებული ბურთებით. მას შემდეგ თეთრი ვარ, ხანდახან ფანატიზმშიც კი გადამდის. სკოლაში სწავლის დროს ასეთი ჩანახატიც კი დავწერე - "გასაუბრება ზინედინ ზიდანთან".  რაღაც ოლიმპიადის მსგავსი ტარდებოდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც სკოლის მოსწავლეები თავიანთ ესეებს აგზავნიდნენ. ქართული მასწავლებლის დაჟინებული თხოვნით მეც ვცადე ბედი და  გასაკვირად  პირველი ადგილი დაიკავა ამ აბდალა ბაღნის "მონაბჟოტიალებმა". თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით ასე ეწერა;

"სკოლიდან სახლში დაღლილი დავბრუნდი. რა ნიშანი მიიღე? ჭამე? (თუმცა კვება არასოდეს მავიწყდებოდა) არ აპირებ მეცადინეობის დაწყებას? მსგავსი კითხვების შემდეგ უკმაყოფილო სახით ტრადიციულად სავარძელში გადავინაცვლე და მამაჩემის არყოფნით ვისარგებლე - ფეხბურთის არხზე გადავრთე. ოცნებაც დაიწყო. მაშინ დინამო არენაზეც კი არ ვიყავი ნამყოფი და ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორია დიდ სტადიონზე დიდი თამაშის ყურება.  იმდენად განვითარებული მქონდა ფანტაზია, რომ 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალს დავესწარი და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ტრიუმფის მომსწრეც კი გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო არხზე ნიცა-მეცის განმეორებით შეხვედრა გადიოდა, მე მაინც ჩამითრიეს ფიქრებმა, თვალებიც გამიშტერდა. არ ვიჯერებ, ნუთუ ეს ჩემ თავს ხდება? გაგიკვირდებათ და მადრიდში რეალის სამწვრთნელო  ბაზაზე ვარ. ყველა ცნობილი ფეხბურთელი აქ არის, ისინი ძალიან რეალურები არიან და ღმერთო ჩემო, ისიც გამოჩნდა - ზინედინ ზიდანი.  მე შემიძლია, მას ველაპარაკო და შევეხო კიდეც.  ესპანურ ენასაც მალევე ნიჭიერად ვითვისებ და ზიდანს ვესალმები.  ვუხსნი, როგორ მიყვარს მისი თამაშის ყურება. ლევერკუზენის კარში გატანილ გოლს ვახსენებ, ჩემი ემოციების შესახებ ვუყვები.  ის იღიმის და გულშემატკივრობისთვის მადლობას მიხდის. მე უკვე გავთამამდი და კრიტიკული ტონით ვეუბნები, - რამდენი ხანია, არაფერი მოგიგიათ? ისევ 2002 წლის ჩემპიონობით დავკმაყოფილდე?  ცოტა უფრო მოინდომეთ, როგორ უნდა გაჯობოთ მონაკომ ან იმ იტალიელმა იდიოტებმა ტურინის იუვენტუსს, რომ ეძახიან. ზინედინ არ გრცხვენიათ? ვაკრიტიკებ ლეგენდარულ ფეხბურთელს და მთლიანად მადრიდის რეალს. ალბათ იფიქრა, ეს ბიჭი ვერ არის დალაგებულიო და თავიდან მოშორების მიზნით ელ კლასიკოზე დამპატიჟა. ეს კლასიკო კი საფეხბურთო ზეიმია. რომელ გუნდსაც არ უნდა გულშემატკივრობდე, ეს თამაში მაინც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მეც დავმშვიდდი, რადგანაც მგონია, რომ ჩემი სათქმელი ვთქვი და გული მოვიოხე. თანაც, ხვალ ელ კლასიკოა და შეხვედრისთვის უნდა მოვემზადო, მე ხომ უკვე უბრალო ქომაგი აღარ ვარ - ზიდანის ნაცნობად და ახლო მეგობრად მიმაჩნია თავი. ამ დროს კი ყველაზე ცუდი რაღაც მოხდა. დედაჩემი ჩვეული მანერით მაღვიძებს. მკაცრი სახე და ცალი წარბი აწეული კარგის მოლოდინს არ მიქმნის. აი, აქ ვიღუპები ხოლმე და სჯობს, გაერიდო. გაბრაზებული ხმით მეუბნება - შენ ხარ უნამუსო, რატომ გააცდინე ქართულის გაკვეთილი? რუსიკომ დამირეკა, როგორ არ გრცხვენია? ხომ იცი, მაინც ყველაფერს გავიგებ. თუმცა, რას ვიკლავ თავს და  რას ვიშლი ნერვებს, ვინ იყო შენს ჯიშში განათლებული, შენ რომ გამონაკლისი იყო? (დაახლოებით ასეთი შინაარსი იყო. წლების შემდეგ რთულია, სრულყოფილად აღიდგინო).

არადა, მართლაც იყვნენ ჩემს ჯიშში და გვარში განათლებული ხალხი. ეს უბრალოდ სიტყვის მასალა იყო, რადგანაც მე არაფერი არ მაინტერესებდა ფეხბურთის გარდა და შემეძლო, საათობით მეყურებინა 22 გადარეულის 1 ბურთის დევნისთვის. ვისთვის უაზრობაა, მაგრამ ჩემთვის მთელი ცხოვრებაა სპორტი. არც ვიცი, რას გავაკეთებდი მის გარეშე. უფრო სწორედ, არც მინდა, ვიცოდე.

ავტორი  -  კოტე
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები