დიდი ტალანტი, რომელიც ჭარბმა წონამ შეიწირა - კოტეს ირონიული ბლოგი
AutoSharing Option
16:04 19-09-2016

დედაჩემი ამბობს ხოლმე, რომ ბავშვობაში ძალიან უჭმელი და გამხდარი ვიყავი. საჭმელი რომ მეჭამა, მთელი სამეზობლო ყოფილა ამ სამადლო საქმეში ჩართული. ძაღლი სახელად „რექსა“, გერმანული ნაგაზი იყო და როგორც ჩემი შინაურები იხსენებენ, ჩემი კვების უტყუარ საშუალებას წარმოადგენდა. ალბათ, მეშინოდა და უნებლიედ პირს ვაღებდი, სადაც საკვები აღმოჩნდებოდა. სკოლაში შესვლის და ნანულის „პერაშკების“ შემდეგ დავიწყე წონაში მატება. ვერც ვიხსენებ იმ უჭმელობის პერიოდს, მე ჩემი თავი მუდამ ასეთი გაზულუქებული მახსოვს და მიუხედავად ამისა, სპორტული კარიერის იმედი არასოდეს არ დამიკარგავს. გულწრფელად გეტყვით, ძილის წინ ახლაც ხშირად ვფიქრობ ამაზე და ფიქრებში ძალიან ბევრი მატჩის გმირიც გამხდარვარ.

დედის დაჟინებული მოთხოვნით, 6 წლის ასაკიდან ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, მაგრამ ხშირად ვიტყუებოდი და ყველაფერს ვიკადრებდი, რომ არ მეცეკვა. მშობლებს ცეკვაზე ვეგონე, მე კიდე ვაცდენდი და ქალაქში უმიზნოდ დავხეტიალობდი. ასეა, არასოდეს არ უნდა დააძალო შვილს ის, რაც მას არ უნდა. გვიან, მაგრამ ჩემებმაც გაანალიზეს ეს მართებული მოსაზრება და ამჯერად ჩემი სურვილით გადაწყვიტეს ფეხბურთზე შევეყვანე. მაშინ ჩემი დეიდაშვილი ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის წამყვანი მოთამაშე იყო და სულ მშურდა მისი. მეც მინდოდა, მისნაირი გამხდარი, მოქნილი ვყოფილიყავი და ფეხბურთის თამაშიც კარგად შემძლებოდა.

სანამ  გუნდში მივიდოდი, უბანში სამეგობროსთან ერთად ხშირად ვთამაშობდი. მე თავიდან მეკარეობით ვიყავი გატაცებული და ვიძახდი „კასილიასი“ დამიძახეთ მეთქი. მერე გავაანალიზე, ალბათ, იმიტომ მომწონდა კარში დგომა, რომ ბევრი მოძრაობა მეზარებოდა და ვიდექი ასე გაუნძრევლად და მხოლოდ მაშინ გავექანებოდი, თუ ბურთი ჩემსკენ წამოვიდოდა, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. „უდარი“ რომ  მომხვედროდა, ამეწვებოდა და ჩემი თავი ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა. ეს ღრმა ბავშვობის ისტორიაა და  როცა ცოტა წამოვიზარდე,  უფრო მეტი ამბიცია გამიჩნდა - საფეხბურთო სკოლაში მისულმა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში მოვითხოვე.

მოსალოდნელიც იყო, პირველივე ვარჯიშის შემდეგ ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდება გადავწყვიტე. ოზურგეთი პატარა ქალაქია, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა და იცინოდა. ალბათ, ამან დამაკომპლექსა კიდეც. მოთელვის შემდეგ მწვრთნელმა მერცხალის სტადიონისთვის 5 წრის დარტყმა დაგვავალა. სირბილი დავიწყე, რამდენიმე მეტრის შემდეგ თავს ძალიან ნელი ძუნძულის საშუალება მივეცი. ამასობაში თანაგუნდელებმა მეორე წრეზე გამისწრეს და თან იყო შეძახილები - „მსუქანო“ და ა.შ. არ მახსოვს მათი სახელები და არც გამომეტყველება დამამახსოვრდა, თორემ აუცილებლად დავინტერესდებოდი მათი საქმიანობით ახლა. ნელი ძუნძულიდან სეირნობაზე გადავედი და ბოლოს  ბალახზე წამოვწექი. როგორც იტყვიან, სული მოვითქვი და ეს ყოფილა ნამდვილი ბედნიერება. ჩემი ქცევა კი მთელ ქალაქს მოედო და ყველა ჩემზე „ღადაობდა“, მათ შორის მამაჩემიც ძალიან გულწრფელად იცინოდა. მე კი ვბრაზდებოდი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და არგუმენტები არ მქონდა. მოკლედ, ასე დასრულდა ჩემი საფეხბურთო კარიერა და ჩვეულებრივ რიგით გულშემატკივრად ჩამოვყალიბდი, რომელიც საქართველოს ნაკრების და მადრიდის რეალის თამაშზე ნერვიულობს, ყვირის, განიცდის, ემოციურად აღნიშნავს, მთელი სხეული უცახცახებს და ხშირად მეზობლებსაც აღვიძებს.

ავტორი  -  კოტე
Twitter
3
4
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები