რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოახლოვდა, ძველებურად ერთა თასი. მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ნაკრები, 11 თებერვალს ბელგიაში, ბელგიის ნაკრებს შეერკინება და უდიდესი ალბათობით დაამარცხებს კიდეც. სპეციალისტთა და გულშემატკივართა მოსაზრებით „ბორჯღალოსნები“ ტურნირისთვის აშკარად გადაზრდილები არიან და უდაო ფავორიტადაც ითვლებიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ევროპის რაგბის მამებმა არ გვაღირსეს უფრო უკეთეს ასპარეზზე გასვლა და კვლავ გერმანია-ბელგია რჩება ჩვენი ძალ-ღონის საზომად.
აწ უკვე გასულ მსოფლიოს თასზე კარგი თამაშით, ნაკრებმა უკვე დაიბევა 2019 წლის იაპონიის უმაღლესი სარაგბო ფორუმის საგზური და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ ახალგაზრდების გამოსაბრძმედად და მორიგი ტიტულის მოსახვეჭად თუღა განიხილება.
შეკრიბა ჩვენმა ზელანდიელმა მთავრმა მწვრთნელმა საბრძოლო რაზმი და რჩეულთა შორის ბევრმა ახალგაზრდა, პერსპექტიულმა და დებიუტანტმა მორაგბემ მოიყარა თავი.
არ იქნებოდა უინტერესო მათი ახლოს გაცნობა, გუნება-განწყობისა და სულისკვეთების გაგება, მათი მოლოდინისა და იმედების შეფასება. მაგრამ დუმს, აბსოლუტურად ყველა სპორტული გამომცემლობა (ბეჭდვითი თუ ინტერნეტ) მყარად დუმს და რაგბის კავშირის საიტიდან თუ გადმოაკოპირეს დროულად სტატია გამოაქვეყნეს ეგეც დიდ საქმედ მიაჩნიათ. ერთ ინტერვიუსაც ვერსად მოკრავთ თვალს მაგალითად სოსო ბეკოშვილთან ან ბადრი ლიპარტელიანთან. არადა ესენი ის ბიჭები არიან, რომლებიც პირველად მოირგებენ მთავარი ნაკრების ბორჯღალით დამშვენებულ „კვართს“ და შანსი აქვთ სადებიუტო თამაშები ჩაატარონ.
ისევ რაგბის კავშირი ცდილობს დაარღვიოს საინფორმაციო ვაკუუმი და პერიოდულად ვიდეო ჩანახატების სახით ახალისებს რაგბის მოყვარულთა ინტერესს. მაგრამ მარტო რაგბის კავშირის საქმეა რაგბის პოპულარიზაცია? რა გაუხდათ სპორტულ გამოცემებს ერთი ჟურნალისტი მიევლინათ ნაკრებთან და გაგვეგო რა ატმოსფერო სუფევს თამაშის წინ? ვერსად ნახავთ მომავალი თამაშების ანალიზს, ჩვენი ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას, წინასამატჩო პერიპეტიების განხილვას და იმ ყველაფერს რაც სანაკრებო თამაშს წინ უნდა უძღოდეს...
თუ არ დაიზარებთ და „დაგუგლავთ“ საფეხბურთო ნაკრების იანვარში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებს, არამარტო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებთან ინტერვიუებს, მოსაზრებებს და სპეციალისტთა აზრებს აღმოაჩენთ, არამედ მეტოქეთა - უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებთა შეფასება/დახასიათებას.
და რაგბი? სუსტ ბელგიასთან თამაში ნაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე უზბეკეთთან ამხანაგური? ამ ბიჭებმა საქართველოს სახელი 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა დაიცვან და ერთი ინტერვიუ და პატარა ყურადღება ვერ დაიმსახურეს?
იმედია საქართველოში ჩასატარებელ ახალგაზრდულ მსოფლიო თასს მაინც დაეთმობა ჯეროვანი ყურადღება და რაგბის მოყვარულებს ინტერესის დაკმაყოფილება მხოლოდ რაგბის კავშირის სტატიებით არ მოუწევთ. ძვირფასო ჟურნალისტებო, რაგბი ხომ ჩვენი თამაშია?!