რა დაგვიჯდება ევროპაში ფეხბურთის ყურება?
AutoSharing Option
03:47 01-04-2017

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს საქართველოს შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რაც უკლებლივ ყველა მოქალაქეს საშუალებას აძლევს ვიზის გარეშე იმოგზაუროს ევროკავშირის ქვეყნების მაშტაბით. ვიზალიბერალიზაციამ ბევრ მცირებიუჯეტიან მოგზაურს გაუხსნა ევროპის კარები და საშუალება მისცა მაქსიმალურად მცირე ხარჯებით მოინახულონ სასურველი ადგილები, დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას და ა.შ.  თუ რა სახის დოკუმენტები და გარანტიებია საჭირო ევროპაში გასამგზავრებლად ზუსტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა ან სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში.

ხარისხიანი ფეხბურთის ნახვა საქართველოში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ბოლო წლებია ქართველი გულშემატკივრისათვის სანატრელი გახდა. და აი, დადგა ის მომენტი, როდესაც საშუალება გვეძლევა მოვინახულოთ ევროპა და დავესწროთ კარგ, გემრიელ, სანახაობრივ საფეხბურთო მატჩებს, ისეთი ქვეყნების ჩემპიონატებში, როგორიცაა იტალია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, თვით უეფას ჩემპიონთა ლიგა და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა, სიხარული და სიამოვნებაა ქართველი გულშემატკივრისათვის. თუმცა ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ამ მომენტს, და მიიჩნევს, რომ მიუხედავად ვიზალიბერალიზაციისა, ასტრონომიული თანხის გარეშე წარმოუდგენელია ევროპაში მოგზაურობა და თუნდაც ერთ უმნიშვნელო მატჩზე დასწრება. ამ მოსაზრებას ამყარებს სხვადასხვა საიტებზე გამოქვეყნებული სტატიები, იმის შესახებ, თუ რა დაგვიჯდება ფეხბურთის სანახავად ევროპაში ჩასვლა, სადაც, როგორც წესი, სრულიად არაპროფესიონალურად, გამოუცდელი ადამიანების მხრიდან არის შეფასებული ეს პროცესი, და სავარაუდო ღირებულება ასეთი ტურისა დაახლოებით 700-900 ევროს ფარგლებში იანგარიშება, 2-3 დღეზე, პირადი ხარჯების ჩაუთვლელად, რაც რა თქმა უნდა, ძვირია და ბევრი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელი. თუმცა, მინდა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს, ვისაც სურს საკუთარი თვალით იხილოს საფეხბურთო ზეიმი ევროპაში, ზემოთ მოცემულ ფასში შესაძლებელია „იუვე“-„ნაპოლის“, „ბავარია“-„დორტმუნდის“, „რეალი“-„ბარსას“ დაპირისპირების ნახვა, არა თუ უბრალოდ „ბარსა“-„სევილია“ ან „პსჟ“-„მონაკოს“ დაპირისპირების ნახვა, რომელიც კიდევ უფრო იაფი დაჯდება.

მაშ ასე, მოდი ერთად გადავხედოთ, თუ რა ვარიანტები გვაქვს ევროპაში საფეხბურთო ზეიმზე წასასვლელად მინიმალური დანახარჯებით.  ქვემოთ შემოგთავაზებთ ორ ვარიანტს, რომელიც მოგცემთ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური სიამოვნების მიღების საშუალებას.

ვარიანტი 1. ბოლო პერიოდში უფრო და უფრო გახშირდა საკმაოდ დაბალფასიანი ტურისტული პაკეტების რაოდენობა ქართულ ტურისტულ ბაზარზე. არაერთი ტურისტული კომპანია ყიდის 2-3, 4-5, 7-8 დღიან ტურისტულ პაკეტს ევროპის მიმართულებით 150-300 ევროს ფარგლებში. თუ თქვენი მიზანია ფეხბურთზე დასწრების მიზნით ეწვიოთ ევროპას, ამგვარი ტურისტული პაკეტი სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. პაკეტში შედის ავიაბილეთი, სასტუმრო საუზმით (ან მის გარეშე, როგორც წესი არჩევა შეიძლება, თუმცა უპირობოდ ჯობია სასტუმრო საუზმით), დაზღვევა (რაც აუცილებელია ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში შესასვლელად), ტრანსფერი (ხშირ შემთხვევაში ტრანსფერი არ არის შესული ტურის საწყის ღირებულებაში და მას გვთავაზობენ დამატებით 20-25 ევროს სანაცვლოდ, რაში ფულის გადახდასაც მე არ გირჩევთ). მოკლედ, ამ იაფ ტურში ჩართულია თითქმის ყველა აუცილებელი კომპონენტი, რაც დაგვჭირდება სამოგზაუროდ. ერთადერთი რაც თქვენ უნდა მოაგვაროთ- იშოვოთ ლეგალური ბილეთი მატჩზე დასასწრებად, რომლის ღირებულებაც, როგორც წესი, თადარიგის დაჭერის შემთხვევაში 100 ევროს არ აღემატება (ამ ფასში არ იგულისხმება ელ კლასიკო და სუპერ-ჯახები). თუმცა ბილეთებზე მოგვიანებით.

ანუ, გამოდის რომ, ბილეთის გარეშე, ერთ ადამიანს, გზა, განთავსება, დაზღვევა უჯდება საშუალოდ 200 ევრო, ამას ემატება კვება, რომელიც მცირებიუჯეტიანი ტურისტისათვის შეიძლება შემოიფარგლოს ფასტ-ფუდებით, დღიური ბიუჯეტით 10-15 ევრო, გადაადგილება ქალაქის მაშტაბით, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ და პირადი ხარჯები, რაც უკვე ინდივიდუალურად ადამიანის მადასა და ჯიბეზეა დამოკიდებული.

მაგალითისთვის, დღეს ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ფირმა გვთავაზობს ტურს ბარსელონაში, მაისის თვეში, 06.05-09.05 პერიოდში, სწორედ ამ დროს აქვს „ბარსელონას“ დაპირისპირება „კამპ ნოუზე“ „ვილიარეალის“ წინააღმდეგ. ტურის ღირებულებაა 230 ევრო, რაც მოიცავს ავიაბილეთს, სასტუმროს საუზმით, დაზღვევას, სამოგზაურო სიმ ბარათს. ტურის ხანგრძლივობაა 3 ღამე/4 დღე. 230 ევროს დაემატება:

  1. ტრანსფერი- აეროპორტიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან აეროპორტამდე- ტურისტული კომპანია ტრანსფერს ერთ გზას 25 ევროდ გვთავაზობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია
  2. კვება- ჩვენს პაკეტში ჩართულია სასტუმრო საუზმით, რაც ნებისმიერი ქვეყნისათვის დიდი პლიუსია, განსაკუთრებით კი ევროპაში, სადაც საუზმეს კაფეში 20-25 ევრო მაინც ჭირდება, როგორც მინიმუმ. დღის განმალობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასტ-ფუდებით, მათ შორის მაკდოლანდი, სადაც ლანჩი და ვახშამი 20-25 ევროზე მეტი არ დაგიჯდებათ ჯამში.
  3. გადაადგილება- შემდეგში გავეცნობით;
  4. პირადი ხარჯები- სუვენირები, ალკოჰოლი, სიგარეტი და სხვა პირადი მოხმარების ნივთები, მხოლოდ თქვენს სურვილსა და საშუალებაზე დამოკიდებული, რაც განსაზღვრავს თუ რა დაჯდება თქვენი მოგზაურობა საბოლოოდ.

 

ვარიანტი 2

ევროპაში სამოგზაუროდ და მაქსიმალურად დაბალ ფასად მაქსიმალური ეფექტის მიღების მიზნით, ტურისტულ კომპანიაში დაბალფასიანი პაკეტის შეძენის გარდა, არსებობს კიდევ ერთი საინტერესო გზა, რომელიც მიზერული დანახარჯებით მოგცემთ საშუალებას იმოგზაუროთ ევროპაში, დაესწროთ სასურველ ღონისძიებებს, შეიძინოთ ახალი მეგობრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ამისათვის ჩვენით დავგეგმოთ ჩვენი მოგზაურობა. რა არის საჭირო? ავიაბილეთი, საცხოვრებელი, დაზღვევა, ტრასნსფერი.

  1. ავიაბილეთი- იმისათვის რომ მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით წავიდეთ ევროპაში, აუცილებელია მზადება დავიწყოთ ნაადრევად, 3-4 თვით ადრე მაინც. და რატომ? ეს საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად იაფად შევიძინოთ ავიაბილეთები, რომლის ორი გზის ღირებულებამ შეიძლება 50-60 ევროს არ გადააჭარბოს. ბილეთის დაჯავშნისას აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, რამეთუ ასეთი ბილეთის შეძენისას ბარგი, რეგისტრაცია რეისზე, კვება როგორც წესი არ შედის საწყის ღირებულებაში და საჭიროა დროულად მივაქვიოთ ყურადღება ამ ფაქტორებს, რათა შემდეგში არ მოგვიწიოს დამატებით გადახდა სხვადასხვა სერვისისთვის.
  2. საცხოვრებელი- ბევრი გამოცდილი „ტურისტი“, „მოგზაური“ გვირჩევს ამა თუ იმ საიტზე იაფი ჰოსტელით, საიტით სარგებლობას, სადაც ხშირია შემთხვევა როდესაც ჩვენგან ითხოვენ დამატებით გადასახდს თუ მოსაკრებელს. მე გთავაზობთ მეტად ეკონომიურ და საინტერესო ვარიანტს. გსურთ უფასო საცხოვრებელი? გსურთ უფასო სადილი? ვახშამი? მაშინ დარეგისტრირდით საიტზე couchsurfing.com, მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა ქალაქებში ადამიანები მზად არიან სრულიად უფასოდ უმასპინძლონ სტუმრებს, გაუწიონ მათ გიდობა, დაეხმარონ სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.
  3. დაზღვევა- ბილეთის შეძენისას თუ ავიაკომპანია შემოგთავაზებთ დაზღვევას, აუცილებლად შეიძინეთ ის. ან მიბრძანდით ნებისმიერი ქართული სადაზღვევო კომპანიის გაყიდვების ოფისში და 20 წუთში გაგიფორმებენ პოლისს.
  4. ტრანსფერი- ტრანსფერი მოგვარებაში, შეიძლება, დაგეხმაროთ თქვენი მასპინძელი couchsurfing.com-დან ან დამოუკიდებლად მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე. ამისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტო-სტოპი, ანდაც ავტობუსი ან ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც პრინციპში ყველა ევროპული ქალაქის აეროპრტიდან მიგიყვანთ ქალაქის ცენტრამდე- ღირებულება როგორც წესი 5 ევროს არ აღემატება (2,5 ევრო სტანდარტულად). ქალაქში გადაადგილებისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ სისტემური ბარათი, რომელიც გათვლილია რამდენიმე საათსა ან დღეზე. ეს ყველა ქალაქისთვის ინდივიდუალურია და ქვეყანაში ჩასვლამდე გაარკვიეთ თუ რა ვარიანტებია და რომელი ბარათის შეძენა გსურთ.
  5. კვება- როგორც წესი, თქვენი მასპინძელი გაგიმასპინძლდებათ საკვებით, ან მინიმუმ, მოგცემთ მისი სამზარეულოთი სარგებლობის უფლებას, რაც მოგცემთ საშუალებას მოამზადოთ საკვები სახლში, მინიმალური დანახარჯებით.

მოგზაურობის დამოუკიდებლად დაგეგმვის შემთხვევაში 4-5 დღიანი ტურის ღირებულება შესაძლოა არ გაცდეს 100 ევროსაც (!!!) კი. ასეთ შემთხვევაში, თქვენ საფეხბურთო მატჩის ბილეთზე დაგრჩებათ მეტი თანხა. გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენ ესტუმრებით ადამიანს, რომელიც ასევე გულშემატკივრობს თქვენს საყვარელ გუნდს, ის დაგეხმარებათ თქვენ ნაკლებ ფასად ან ფასდაკლებით იყიდოთ ბილეთი მატჩზე დასასწრებად. და , ასევე, შესაძლოა გაგიწიოთ კომპანიონობა.

მაშ ასე, გამოდის რომ, 800 ევროს ნაცვლად, ევროპაში საოცნებო საფეხბურთო მატჩზე დასწრება დაგიჯდებათ 150-200 ევროს ფარგლებში (ბილეთის ჩათვლით), რაც ასტრონომიული თანხა არ არის და ხელმისაწვდომია ბევრი გულშემატკივრისთვის.

რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც ასევე აქტუალურია ასეთ სიტუაციებში- არსებობს რამოდენიმე მკაცრი წესი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს მოხვედრას სასურველ თამაშზე.

  1. არ შეიძინოთ ბილეთი გადამყიდველებისგან, ხელზე თამაშის დაწყებამდე- ეს იქნება ყველაზე სულელური და რისკიანი საქციელი თქვენი მხრიდან, რამეთუ რისკავთ არამხოლოდ თანხის დაკარგვას, არამედ საკუთარ უსაფრთხოებას, რამეთუ მარტივად შეიძლება თავი ამოყოთ პოლიციის განყოფილებაში.
  2. შეიძინეთ ბილეთი მოგზაურობის დაწყებამდე- დღესდღეობით არსებობს არაერთი ოფიციალური და ლეგალური საიტი, რომელიც ყიდის ბილეთებს ლეგალურად. მაგალითად, fifa.com, uefa.com,შეიძინეთ ბილეთი მოგზაურობის დაწყებამდე ასეთ საიტზე და დანამდვილებით მოხვდებით მატჩზე.

 

აქტუალური კითხვაა თუ რა ღირს საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები ბილეთები. მოცემული საკითხის შესახებ ინფორმაციას შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ.

ავტორი  -  mahouni
Twitter
10
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები