ქველმოქმედება თუ არასწორი მენეჯმენტი?!
AutoSharing Option
18:01 03-04-2017
ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის დინამომ ნუკრი რევიშვილთან 1+1-ი სისტემის კონტრაქტი გააფორმა. რამდენად წაადგება ეს ტრანსფერი თბილისურ კლუბს და რამდენად სწორი ნაბიჯია რევიშვილის კლუბში დაბრუნება?
ეჭვი არავის ეპარება, რომ რევიშვილი კარგი და გამოცდილი მეკარეა, რომელიც ნებისმიერი ქართული კლუბისათვის დიდი ძალაა. საქართველოს ჩემპიონატში დიდი ფუფუნებაა ისეთი გამოცდილი ფეხბურთელის თამაში, როგორიც ნუკრი რევიშვილია. თუმცა, ყველა მოვლენას აქვს ორი მხარე, ასევეა ეს ტრანსფერიც.
რევიშვილი უკვე თამაშობდა თბილისის დინამოში. ყველას კარგად ესმის, რომ გამოცდილი ფეხბურთელისათვის საქართველოს ჩემპიონატი დროებითი ნავთსაყუდელია, მაგრამ ჩნდება კითხვა: როდესაც ფეხბურთელი ტოვებს კლუბს და მიდის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართული კლუბიდან მოლდოვის საშუალო დონის კლუბში, რამდენად სწორი ნაბიჯია ამ ფეხბურთელის უკან დაბრუნება?
რევიშვილის მოულოდნელ ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაზე დიდი კითხვა ხელმძღვანელობასთან და მენეჯმენტთან იბადება, რამდენად ნორმალურია, რომ დინამო ფეხბურთელებისთვის იყოს "ბოლო იმედის კლუბი"? იმსახურებს დინამო ასეთ მოქცევას? დაიმსახურა დინამომ, რომ გუნდში ითამაშონ ფეხბურთელებმა, რომლებიც ვერ აფასებენ გუნდის ისტორიას და ტრადიციებს? 
თბილისის დინამოს ჰყავს უკვე საკმაოდ კარგი უკრაინელი მეკარე - სერგეი ლიტოვჩენკო, რომელიც კლუბში სწორედ რევიშვილის შემცვლელად მოიყვანეს. ალბათ, კარგი იქნებოდა დინამოს მენეჯმენტს გაეკეთებინა მცირედი განმარტება მაინც - რა დააშავა უკრაინელმა მეკარემ? გასაგებია, რომ კლუბში კარგია კონკურენცია, მაგრამ ყველამ კარგად იცის ალბათ, რომ რევიშვილი დინამოში მეორე ნომრად არ მოსულა ისევე, როგორც თავის დროზე არც ლიტოვჩენკო. ნუ დავივიწყებთ გიორგი ბეგაშვილსაც, რომელიც აქამდე დინამოს მეორე მეკარედ ითვლებოდა.
რევიშვილის მოლდოვური კარიერა აშკარად ვერ აეწყო. თავდაპირველი ინფორმაციით საქართველოს ნაკრების მეკარეს კვიპროსში უნდა ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ იგი "დაჩიაში" აღმოჩნდა. ფეხბურთელის კარიერა ასეთია, ხან აღმავლობის გზაზე ხარ, ხანაც კიდევ პირიქით.
მრავალჯერ ითქვა, რომ დინამოს არ აქვს სწორი მენეჯმენტი, არცთუ ისე კარგი ნაბიჯია და უპასუხისმგებლობის განცდას ტოვებს, თუნდაც მომავალი თაობებისთვის, რომ კლუბში ბრუნდებიან დინამოდან "გაქცეული" ფეხბურთელები, რომელბმაც კარიერა ვერ აიწყეს და დინამო მათთვის მოიზარება კლუბად, რომელიც არასწორი გადაწყვეტილებების შემდეგ, ფეხბურთელებს უკან სულ მიიღებს.
და ბოლოს, კიდევ ერთი კითხვა : თბილისის დინამოს უფრო სჭირდებოდა ნუკრი რევიშვილი თუ ნუკრი რევიშვილს თბილისის დინამო?!

ავტორი  -  Giorgi Sanadiradze
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები