როგორ ინგრეოდა საუკეთესო გუნდი მსოფლიოში
AutoSharing Option
22:13 22-08-2017

უკვე მეორე სეზონია, ბოლო არ უჩანს კატალონიური "ბარსელონას" კრიზისის შესახებ საუბარს, თანაც არცთუ უსაფუძვლოდ. ამ სტატიაში განვიხილავთ კრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო გამოსავალს. კრიზისმა სათავე ხოსეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტად არჩევიდან აიღო და აქტიურად გაგრძელდა არასწორად წარმართული სატრანსფერო პოლიტიკით.
გვარდიოლას ერაში ბარსას წარმატების მთავარი გარანტი მესის გენიალურობასთან ერთად შეუდარებელი პრესინგი იყო, კატალონიელები ბურთის დაკარგვისთანავე მარწუხებში აქცევდნენ მეტოქეს და მალევე იბრუნებნენ ბურთს, ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი კი იყო ნახევარდაცვის სამეული, ბუსკეტსი-ხავი-ინიესტა, რომელიც ნებისმიერი გუნდის ნახევარდაცვას "აქრობდა" მოედნიდან და ცენტრალური ზონის სრული ბატონ-პატრონი ხდებოდა. ბართომეუმ არ იფიქრა ნახევარდაცვის გაძლიერებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხავის შემცვლელის საჭიროება დღითი-დღე უფრო აქტუალური ხდებოდა და გუნდიდან გაუშვა ორი უძლიერესი ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა და სესკ ფაბრეგასი, 2 უიშვიათესი ფეხბურთელი, რომელსაც უმტკივნეულოდ შეეძლო ხავის შეცვლა. ეს იყო "ბარსას" ერის დასასრულის დასაწყისი... ამას მოყვა მთელი რიგი უსარგებლო ფეხბურთელების მოყვანა, რომლებიც აშკარად არ შეესაბამებოდნენ ბარსას დონეს და შედეგმაც არ დააყოვნა... უკვე ლუის ენრიკეს დროს, ბარსელონას არ შეეძლო ბურთზე ისეთი კონტროლის დამყარება, როგორც გვარდიოლას დროს და ჩემპიონთა ლიგის მოგება მეტწილად მსნ-ის სასწაული სეზონის დამსახურებაა. 2016-2017 წლების სეზონში უკვე იმდენად მოიშალა კატალონიელთა ნახევარდაცვა, რომ ძლიერ გუნდებთან მსნ-მდე ბურთის მიტანაც უჭირდათ და მესის თვითონ უწევდა უკან ჩამოსვლა.
ცალკე მსჯელობის საგანია მარჯვენა მცველის პრობლემა, გაუგებარია, რატომ გაუშვეს დანი ალვეში, როცა მისნაირი მოძრავი ფეხბურთელი სასიცოხლიდ აუცილებელი იყო მესის ფლანგზე. ვინაიდან მესი უკან არ ჩამოდის, მარჯვენა მცველზე ორმაგი დატვირთვა მოდის და მოწინააღმდეგეთა შეტევების უმეტესობა სწორედ მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, ძლიერ გუნდებთან სერხი რობერტო უბრალოდ განწირული იყო. სერხის გამოყენება მოედნის ცენტრში, მით უმეტეს ასეთი სუსტი ნახევარდაცვის ფონზე, უფრო მართებული და პროდუქტიული იქნებოდა, მისი მარჯვნივ დაყენებით "ბარსამ" ორმაგად იზარალა - მიიღო არაკვალიფიციური მარჯვენა მცველი მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველის ნაცვლად. 
კიდევ ერთო პრობლემა იყო "მოკლე" სათადარიგოთა სკამი. როდესაც ბარსას თამაში არ მისდიოდა, მწვრთნელს არ შეეძლო თამაშის გაძლიერება: მსნ ხელშეუხებელი იყო ბუსკეტსთან ერთად, ინიესტას ან რაკიტიჩის მაგივრად გომეშის შემოყვანა კი ნამდვილად არაფრის მომცემია. გვარდიოლას დროს დიდი ყურადღება ეთმობოდა "ლა მასიას," რაც წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. ბართომეუს დროს მოყვანილ ფეხბურთელებში ფულის ხარჯვას ნიჭიერი "ლა მასიელების" დაწინაურება ჯობდა და შესაძლოა, ასე მტკივნეულად აღარ ჩაევლო თაობათა ცვლის პროცესს. როგორც მინიმუმ, "ლა მასია" ძლიერი სათადარიგოთა სკამის გარანტი იქნებოდა.
ბართომეუს დიდი ალბათობით დაატოვებინებენ პოსტს და მის მაგივრად მოვა ჟოან ლაპორტა, ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე დააყენა ფეხზე დაქცეული "ბარსელონა" და უბრალოდ ვალდებულია, ეს კვლავ გაიმეოროს. პირველ რიგში საჭიროა გრანდიოზული წმენდის ჩატარება და ახალი სისხლი.
ახლა კი თითოეული პოზიციის მიხედვით გავყვეთ და განვიხილოთ, თუ ვისზე უნდა აშენდეს მომავლის "ბარსა."

მეკარე - ტერ შტეგენი

მაღალი კლასის მეკარე, ბევრჯერ იხსნა გუნდი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია "ბარსას" სტილისთვის, კარგად თამაშობს ფეხით.

მარჯვენა მცველი- ნელსონ სემედუ

ბევრს დარბის და კარგად მუშაობს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, შარშან რომ ჰყოლოდა გუნდს, მარჯვენა ფლანგზე ასეთი სავალალო მდგომარეობა აღარ იქნებოდა.

ცენტრალური მცველები

ძალიან დამაჯერებელია სამუელ უმტიტი, რასაც ვერ ვიტყვით პიკეზე... კარგი კონკურენცია დადებითად წაადგება გუნდს ამ პოზიციაზე და კოლუმბიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, იარი მინას მოსვლის შემდეგ, პიკე ან გამოფხიზლდება, ან მინა-უმტიტის დუეტს ვიხილავთ. დაცვის ასეთი ჩავარდნის მთავარი მიზეზი, ნახევარდაცვის დასუსტებაა. რონალდოს, ასენსიოს და ბენზემას დონის შემტევი თამაშის განმავლობაში 7-8-ჯერ როდესაც რჩება დაცვის წინააღმდეგ რიცვობრივ თანაფარდობაში, ბუნებრივია გაიტანს და რამდენჯერმე მოატყუებს ნებისმიერ მცველს. სუპერთასის კლასიკოებს თუ გავიხსნებთ, მესი ან სუარესი არც ერთხელ არ დაუტოვებიათ მადრიდელებს მცველებთან პირისპირ.

მარცხენა მცველი

ამ წუთისთვის ალბა კარგი ვარიანტია, თუმცა საჭიროა მის შემცველზე ფიქრი და საუკეთესო ვარიანტია "ბენფიკაში" დიდებულად მოთამაშე "ლა მასიელი" გრიმალდო, რომელიც ასევე ბართომეუს დაუდევრობის გამო გაუშვეს გუნდიდან.

ნახევარდაცვა

დღეისათვის ნახევარდაცვის ხერხემალი არის ბუსკეტსი და კიდევ რამდენიმე წელი შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს, თუმცა აუცილებლად სჭირდება ძლიერი პარტნიორები.  თუ ხავის სიტყვებს ვირწმუნებთ, სერი "ბარსას" დნმ-ს ატარებს და ვინც უყურებს "ნიცას" თამაშებს, აუცილებლად დაგვეთანხმება, რომ კარგი შენაძენი იქნება. ნახევარდაცვის მესამე ვაკანტური ადგილის მფლობელი შეიძლება იყოს სერხი რობერტო, რომელსაც მარჯვენა მცველობიდან თავის ძველ პოზიციაზე გადაწყობა თავიდან, ალბათ,  ცოტა გაუჭირდება, მაგრამ აუცილებლად მოუმატებს და გამოადგება ბარსას. არ უნდა დავივიწყოთ უნიჭიერესი კარლეს ალენია, რომელსაც ახალ ხავის უწოდებენ. კარგი იქნება, თუ ვალვერდე ნელ-ნელა შეაჩვევს ძირითად გუნდს, რათა მომავალში ბარსას ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდეს. რაკიტიჩი ვეღარ არის ძველებურად ეფექტური, ასაკშიც შედის და ჩემი აზრით, მომდევნო სეზონიდან საერთოდ გასაშვებია. ნახევარდაცვის და ზოგადად, ფეზბურთის გენია, ანდრეს ინიესტა,  კი უდიდესი სიფრთხილით უნდა გამოიყენოს ვალვერდემ, ზედმეტად არ გადატვირთოს, რათა მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ფორმაში ყავდეს ჯოკრის როლში, როგორც ამას ერთ დროს სერ ალექსი აკეთებდა უკვე "მობერებული" სქოულზისთვის და გიგზისთვის სპეცალური ვარჯიშებისა და სათამაშო გრაფიკის შედგენით. რაფინიას ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს ტრავმებისა და უიღბლობის გამო და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს თანაგუნდელებს, ასევე მხედველობაში გასათვალისწინებელია იჯარით გაშვებული სერხი სამპერი, რომელიც უდავოდ ნიჭიერია და სწორი განვითარების შემთხვევაში, მომავალში შეიძლება "ბარსას" ძირითადშიც მოგვევლინოს. მეტ სათამაშო დროს იმსახურებს დენის სუარესიც, რომელსაც ნახევარდაცვის გარდა, ფლანგის შემტევადაც შეუძლია თამაში და როდესაც ითამაშა, კარგად წარმოაჩინა თავი გოლებით, საგოლე პასებითა და აქტიურობით, თუმცა ენრიკე მაინც არ ენდობოდა. ანდრე გომეში- აუცილებლად გასაშვებია, სხვაგან შეიძლება წარმოაჩინოს კიდეც თავი, მაგრამ არა "ბარსაში."

თავდასხმა

ლეო მესი და ლუის სუარეასი უკონკურენტოები არიან, თუმცა ორივე 29 წლის არის და მათ გვერდით აუცილებელია ახალგაზრდების გამოზრდა, რათა ისეთივე მტკივნეული არ იყოს თაობათა ცვლა, როგორც ეს ნახევარდაცვის შემთხვევაში მოხდა. რა თქმა უნდა, ნეიმარის სრულფასოვნად შეცვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ მაინც განვიხილოთ შესაძლო ვარიანტები. აუცილებლად შესაძენია ოსმან დემბელე(20 წლის!), რომელიც, ჩემი აზრით, მესის წასვლის მერე შეიძლება გახდეს ბარსელონას მთავარი მამოძრავებელი ძალა. აქვს ბრწყინვალევ დრიბლინგი, დაყენებული დარტყმა ორივე ფეხით და არის ძალიან სწრაფი. ძალიან გამოადგება ბარსას უკვე ამ სეზონში და კიდევ უფრო მეტად რამდენიმე წლის მერე. ვერა და ვერ ავლენს პოტენციალს პაკო ალკასერი, არადა ყველას ახსოვს, თუ რა დონეზე თამაშობდა ის "ვალენსიაში." კიდევ 1 წელი დატოვება და შანსის მიცემა შეიძლება ასაკიდან და ძველი თამაშიდან გამომდინარე, ვინ იცის, თუ გაიხსნა ბოლომდე, იქნებ ძირითადის ფორვარდიც გახდეს სამომავლოდ. კარგი იქნებოდა დრაქსლერის დამატება, რომლის ადგილი პსჟ-ში აღარ დარჩა და პარიზელებსაც მისი გაშვება სურთ. რაც შეეხება დეულოფეუს, არ არის "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობის დონის და სათადარიგოთა სკამზე, თამაშის გასაძლიერებლად თუ გამოდგება. დაგვრჩა ბოლო ფესბურთელი შეტევისა, ლეო მესი, რომელზეც ზედმეტი საუბარი არ არის საჭირო - უბრალოდ გენია.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწიმებით, დასაწყისი იქნება ყველაზე მძიმე და სწორი პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაში, ბარსელონა ეტაპობრივად დაიბრუნებს ძველ პოზიციებს.

ავტორი  -  გ.
Twitter
11
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები