ნიგერია-არგენტინა 1-2, გამოხმაურება
AutoSharing Option
10:36 27-06-2018
ისლანდიასა და ხორვატიასთან წარუმატებელი თამაშის შემდეგ, არგენტინელთა ბედი სანკტ პეტერბუგრში ნიგერიასთან გასამართ შეხვედრაში წყდებოდა. სამხრეთ ამერიკელებს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ. სამპაოლიმ 4-4-2 ტაქტიკური სქემა გამოიყენა, კარში არმანი ჩადგა, დაცვის ხაზში ტალიაფიკო-როხო-ოტამენდი-მერკადო განალაგა, მოედნის ცენტრში მასკერანოს ბანეგა შეუწყვილა, ფლანგებზე დი მარია და ენცო პერესი გაამწესა, ცენტრფორვარდად გონსალო იგუაინი, ლიონელ მესი კი უფრო სიღრმიდან მოქმედებდა.
არგენტინელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-14 წუთისთვის ბანეგას შორეულ ოსტატურ პასს ლიონელ მესი გამოეხმაურა და საკმაოდ რთული ბურთი გაიტანა. ამის შემდეგ არგენტინას კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა, დი მარიას წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა მესის ჯერ მეკარემ აუღო, შემდეგ კი შტანგას მოხვდა, გონსალო იგუაინმა კი მესის პასი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, არგენტინამ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა და შესვენებაზე დამსახურებული უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ნიგერიამ ზედიზედ რამდენიმე შეტევა განახორციელა, ერთ-ერთის შედეგად დანიშნულ კუთხურს კი საკმაოდ საკამათო პენალტი მოყვა, რომელიც ვიქტორ მოზესმა იდეალურად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა, რაც უკვე ნიგერიის წისქვილზე ასხამდა წყალს. გოლის მიღებამ არგენტინელები არია და დალაგებულად თამაში შეხვედრის ბოლომდე ვეღარ მოახერხეს: ქაოტურად უტევდნენ და საკუთარ კარსაც ვერ იცავდნენ დამაჯერებლად, ნიგერიამ რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავა. არგენტინელთაგან ყველაზე კარგი შანსი გონსალო იგუაინს ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა. შეხვედრის მიწურულს მერკადოს ჩაწოდებას როხო გამოეხმაურა და ყველა არგენტინელისთვის საოცნებო გოლი გაიტანა. არგენტინა მერვედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან ურთულესი მატჩი ელის.
შეფასებები:
ფრანკო არმანი-კარგი მატჩი ჩაატარა, დამაჯერებლად იცავდა კარს. ერთადერთი გოლი პენალტიდან გაუშვა, რაშიც მისი დადანაშაულება ძნელია.
ნიკოლას ტალიაფიკო-არგენტინელთა დაცვის ყველაზე სუსტი წერტილია, ვერც შეტევაში ახერხებს სათანადოდ გამწვავებას.
გაბრიელ მერკადო-საგოლე პასი გააკეთა და შეხვედრა უდავოდ აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.
ნიკოლას ოტამენდი-საუკეთესო იყო არგენტინელთა დაცვაში, თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
მარკოს როხო-დამაჯერებლად გამოიყურებოდა დაცვაშიც და გამარჯვების გოლიც სწორედ მან გაიტანა.
ხავიერ მასკერანო-გააკეთა რამდენიმე არაზუსტი გადაცემა, საკამათო პენალტიც მის შეცდომას მოყვა, თუმცა ბოლომდე იბრძოდა ყველა სიტუაციაში და თავდადების ნამდვილი მაგალითი იყო.
ევერ ბანეგა-დაამტკიცა, რომ მისი შემადგენლობის მიღმა დატოვება შეცდომა იყო. შესანიშნავი საგოლე პასის გარდა, ბევრი მწვავე გადაცემაც გააკეთა და დაცვაშიც კარგად ეხმარებოდა გუნდს. მასკერანოსთან ერთად კარგი ტანდემი შექმნა ნახევარდაცვაში.
ანხელ დი მარია-გააკეთა ძალიან ბევრი არაზუსტი პასი, ბურთიც ბევრჯერ დაკარგა. ერთ-ერთი უსუტესი მატჩი მის კარიერაში, მის ადგილზე კრისტიან პავონის დაყენება არ იქნება ურიგო.
ენცო პერესი-დი მარიასთან ერთად არგენტინის ყველაზე სუსტი წერტილი იყო, მის ადგილზე დიბალას ხილვა ბევრად საინტერესო იქნება.
გონსალო იგუაინი-2 კარგი შანსი გაანიავა, საფრანგეთთან აგუეროს თუ დაუთმობს ადგილს, უმჯობესი იქნება.
ლიონელ მესი-მთელი თამაშის განმავლობაში 3-4 ფეხბურთელი გარემოცვაში უხდებოდა თამაში, თუმცა არგენტინელების ამის სათავისოდ გამოყენებას და სივრცეების ათვისებას ვერ ახერხებდნენ. ამის მიუხედავად, მაინც მოახერხა საკმაოდ რთული სიტუაციიდან გოლის გატანა და მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნავსის გატეხვა.
დასკვნა: არგენტინის ნაკრები გამართული ტაქტიკური და გუნდური თამაშისგან შორს არის და მხოლოდ ლიონელ მესის გაბრწყინებაზეა დამოკიდებული. უდავოა, რომ სხვა ფავორიტებზე ბევრად დაბლა დგას, როგორც გუნდი.
ავტორი  -  გ.
Twitter
3
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები