ფული კლავს ფეხბურთს!
AutoSharing Option
01:37 09-12-2015
მე თბილისში დავიბადე,1989 წელს. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რითი ვერთობოდი 5-6 წლის ასაკიდან - რა თქმა უნდა, ფეხბურთით, როგორც ამ პერიოდში დაბადებული ბიჭების 90%, შეიძლება მეტიც. დიახ, ეს იყო პერიოდი, როდესაც არ იყო შუქი, არც გაზი და ხანდახან წყალიც არ მოდიოდა. ყოველი დღე, მას შემდეგ, რაც დღის შუქზე მეცადინეობას მოვრჩებოდი, ფეხბურთი იყო ჩემი ერთადერთი გასართობიც და ჰობიც. არც მახსოვს, რამდენჯერ გადამიტყავებია მუხლები ასფალტზე, არც ის მახსოვს რამდენი გახეული ბურთი გამიკერავს გასანთლული კაპრონის ძაფით, მაგრამ ერთი ნამდვილად მახსოვს - არც ერთი დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთის გარეშე. აბა სხვა რა უნდა მეკეთებინა? სახლში მეგდო, დიახ მეგდო, მაშინდელი ტექნიკის უმაღლესი მიღწევა ქართველი ბავშვისთვის - სათამაშო კომპიუტერი "დენდი", რომელსაც უშუქობის გამო ვერ ვრთავდი და დარწმუნებული ვარ, რომც ჩამერთო, ის მაინც ვერ ჩადგებოდა ჩემსა და ფეხბურთს შორის, ისევე, როგორც ვერ ჩადგა ველოსიპედი - სიჩქარეებიანი "ოლიმპია".

ფეხბურთს ვთამაშობდი ყველგან - ასფალტზე, შრომითი რეზერვების გაუბედურებულ სტადიონზე, რომელსაც "ფეზეო"-ს ვეძახდით და სადაც ბალახის მაგივრად დამწვარი შავი ქვიშა და ქვები ეყარა, მატარებლების სადგურში, ავტოსადგომში და ა.შ ერთხელ, როდესაც უკვე კარგად მობნელებული იყო და ბურთს ძლივს ვხედავდით, მეზობელმა გვითხრა, რომ სიბნელეში ბურთის დევნა, ქათმის სიბრმავეს გამოიწვევსო. მაშინ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ქათმის სიბრმავე და სიმართლე გითხრათ დღესაც არ ვიცი, რადგან არ დავინტერესებულვარ ამით, თუმცა დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმ მეზობლის პრიმიტიული მოფიქრება იყო, ჩვენგან თავის დასაღწევად, რადგან მისი სახლის ღობე, ჩვენთვის ფეხბურთის კარი იყო და შეწუხებული გვყვავდა დღე და ღამე ბურთის ღობეზე ბრახუნის ხმით. ასეა თუ ისე, არც ამას შევუშინებივარ, არც მე და არც ჩემი მეგობრები. ერთი ნატვრა მქონდა, ნამდვილი საფეხბურთო ფორმა, თავისი შორტით, გეტრებით ( რომელსაც გამაშებს ვეძახდი მაშინაც და ახლაც) და რა თქმა უნდა მაისურით. თქვენ წარმოდგენაც არ შეგიძლიათ, რამხელა სიხარული იყო ჩემთვის, როდესაც დეიდამ, იტალიიდან "ინტერის" მაისური ჩამომიტანა, შორტთან და "გამაშებთან" ერთად. მაისურს უკან N10 და Baggio ამშვენებდა. რობერტო ბაჯო ძალიან მიყვარდა, თუმცა "ინტერის" გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამას არ ქონდა მნიშვნელობა - მე მსოფლიოში ცნობილი გუნდის და ფეხბურთელის ფორმა მქონდა, რომელსაც თითქმის არასდროს ვიხდიდი, სანამ დედა ძალით არ გამომაცვლევინებდა გასარეცხად. ერთი რამ მაკლდა - ბუცები, რომელიც ჩემს აუსრულებელ ოცნებად დარჩა. თუ დამიჯერებთ, ბუცი არასოდეს მცმია. ან რომც მქონოდა, სად უნდა ჩამეცვა? ასფალტზე? თუ ქვით სავსე ქვიშაზე? მაგრამ ბუცებში იყო რაღაც ისეთი, რაც ძალიან დიდ ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებდა. ის ბუცები, რომლითაც დღეს თამაშობენ, არ მომწონს. მესმის, რომ გაცილებით მჩატეა და ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც უფრო დახვეწილი, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ ბუცი ჩემთვის ასოცირდებოდა "რუსულ ადიდასთან". ასე ეძახდნენ მაშინდელ ჩემპიონს ბუცებს შორის - წინ გადმოგდებული დიდი ენით და გაცრეცილი ზედაპირით, რომელსაც ყოველი ვარჯიშის ან თამაშის შემდეგ, კბილის ჯაგრისით ხეხავდნენ. შეძლება ის საერთოდ არ ყოფილიყო "ადიდასის" ფირმის, თუმცა მაინც "რუსულ ადიდასად" მოიხსენიებდნენ და დღემდე არ ვიცი რატომ. ერთი შეხედვით საკმაოდ ულამაზო იყო, თუმცა ჩემთვის, მათი ერთი შეხედვაც კი გულშემატკივრებით გადაჭედილი მოედნის და ნამდვილი ბალახის სუნს მაგრძნობინებდა. ეს შეგრძნება გამიასმაგდა, როდესაც ბიძაჩემმა სტადიონზე წამიყვანა. მაშინ, ცხოვრებაში პირველად შევდგი ფეხი "ბორის პაიჭაძეზე", რომელსაც დღემდე ყველა "დინამოს" ეძახის. ჩვენი ნაკრები რუსეთის ნაკრებს ეთამაშებოდა და მატჩი 1:1 დამთავრდა. არ მოგატყუებთ, არც წელი მახსოვს ზუსტად და არც თარიღი, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მატჩის შემდეგ, როგორ მოუკიდეს ცეცხლი გულშემატკივრებმა ძველ გაზეთებს, რომლებსაც ჭუჭყიან სკამებზე დასაფენად ვიყენებდით ( და დღემდე ვიყენებთ) და როგორ აფრიალებდნენ მათ. ლამაზი იყო!

ამ დღის შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ფეხბურთელი. ძილის წინ ყოველთვის ვუსმენდი საყვარელ მუსიკას და ამ მუსიკის ფონზე წარმოვიდგენდი ჩემს თავს სტადიონზე, საქართველოს ნაკრებში, როგორ ვიტანდი გოლს და როგორ უხაროდა ეს ხალხს. არასოდეს წარმომიდგენია ჩემი თავი ბარსელონას ან თუნდაც სხვა რომელიმე გრანდის მაისურით, პირველ ადგილზე ყოველთვის ნაკრები იყო და ახლაც მახსოვს, როგორც მბურძგლავდა ყოველი ასეთი ფიქრის გაელვებისას. რამხელა სიამაყე და სიხარული იქნებოდა ეროვნულ ნაკრებში გამძახება, თამაში და ჰიმნის სიმღერა მატჩის დაწყების წინ. ეს იყო პერიოდი, როდესაც ვერაფერზე ვფიქრობდი ფეხბურთის გარდა. უბრალოდ, სხვა მეტი არაფერი მაინტერესებდა მანამ, სანამ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არ გავიგე.. ყოველთვის ვფიქრობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ფეხბურთელი, მხოლოდ იმიტომ თამაშობდა ფეხბურთს, რომ უყვარდა! უყვარდა ბურთი, ნომრიანი მაისური, ბუცი, ბალახის სუნი, ხალხის გახარება და გოლის გატანა და მეც ეს მიყვარდა ფეხბურთში. თუმცა ერთ დღესაც გავიგე, რომ თურმე ფეხბურთელებს ხელფასი აქვთ და თანაც საკმაოდ მაღალი. ანუ მათ ფულს უხდიდნენ ფეხბურთის თამაშში.

- "რა ჯობია მერე მაგას? რაც გიყვარს იმას აკეთებ და თან დიდ ფულს გიხდიან ამაში. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?" - მითხრა მამამ, როდესაც ამ თემაზე ვკითხე.

მართალიც იყო, მაგრამ ჩემთვის ეს არ ეხებოდა ფეხბურთს! ყველაფერს სხვას, ოღონდ არა ფეხბურთს! მახსოვს, როგორ ჩამწყდა რაღაც გულში. მახსოვს, როგორ ვფიქრობდი, რომ თურმე, ის ხალხი, ვისაც ვაღმერთებდი, ვის ცოცხლად ხილვაზეც ვოცნებობდი და ვისი პოსტერებითაც მქონდა აჭრელებული საძინებლის კედელი, თურმე ფულის გამო თამაშობდნენ ფეხბურთს. არ მჯეროდა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამ შეიძლება დაანაღვლიანოს 10-11 წლის ბავშვი, მაგრამ ვერავინ იფიქრებს, რომ ეს ფეხბურთმა შეიძლება მოახდინოს. ჩემს შემთხვევაში კი მოახდინა. იმ პერიოდში დავიწყე ფეხბურთზე სიარულიც, უკვე გუნდში და არა უბანში, მაგრამ ძველ აღტაცებას ჩემს თავში ვეღარ ვპოულობდი. მალევე შევეშვი და ბიძის რეკომენდაციით, კალათბურთზე შევედი. რამოდენიმე წელი ვივარჯიშე, საქართველოს ჩემპიონობაც მოვიპოვე გუნდთან ერთად, თანაც ორჯერ, მაგრამ ფეხბურთისგან მოყენებული წყენა, სულ მახსოვდა. რა თქმა უნდა ისევ ვუყურებდი მატჩებს, ელექტროენერგიაც უფრო ხშირად გვქონდა და მეც თითქმის ყველა წამყვანი ჩემპიონატის ფეხბურთელებს ვცნობდი სახეზე, მაგრამ ეს ის არ იყო, რაზეც ვოცნებობდი. ამას თან ერთვოდა საქართველოს ნაკრების მარტივად რომ ვთქვათ, წარუმატებლობა და ფეხბურთზე ნელ-ნელა გული ამიცრუვდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვუყურებ მატჩებს ან არ დავდივარ სტადიონზე, მაგრამ თუ ადრე შემეძლო ვთქვათ ბოლონია-პარმას ან ნიუკასლი-ვესტ ჰემის ყურება, დღეს იგივეს ვერ ვიზამ, იმიტომ რომ არ მაინტერესებს. მაშინ ნიუკასლში პატრიკ კლიუვერტი თამაშობდა, პარმაში კი ერნან კრესპო, დღეს კი წარმოდგენაც არ მაქ ამ გუნდების ფეხბურთელებზე.

მოკლედ რომ ვთქვათ ფეხბურთმა გული მატკინა. უფროსწორად, ფეხბურთმა არა, ფეხბურთელებმა. ვერ წარმომიდგენია გერქვას ფეხბურთელი, ასი ათასობით ადამიანის კერპი იყო, მილიონი გიყურებდეს მსოფლიოში და შენ ფეხბურთი იქ ითამაშო, სადაც მეტს გადაგიხდიან. არა! სიამოვნება, რასაც ეს თამაში განიჭებს, ფულზე გაცილებით დიდია.

დღესდღეობით ხშირად ვესწრები ჩემი ბიძაშვილის გუნდის მატჩებს. ჯერ პატარები არიან, 10-11 წლის, მაგრამ თითოეული თამაში ძალიან დაძაბული და საინტერესო საყურებელია. ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ, ჩემი ბიძაშვილის ცრემლები გულწრფელია, ისევე, როგორც სიხარულია ნამდვილი, გოლის გატანის, ან მოგების შემდეგ. და იცით რატომ? იმიტომ რომ იქ ჯერ ფული არ დატრიალებულა. მათთვის ფეხბურთი სიამოვნებაა. ეს პატარები, ისეთი მონდომებით და "ჯიგრით" თამაშობენ, რომ ძნელია მათ გულწრფელ სიყვარულში არ დარწმუნდე ფეხბურთის მიმართ. მათი თვალები სუფთაა და გულიც სუფთაა და ძალიან მინდა, რომ ეს სისუფთავე არასოდეს დაკარგონ, როდესაც დიდ ფეხბურთს ითამაშებენ.
ავტორი  -  ვახო
Twitter
9
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.