მაიტა მაშინ შენი ცოლი!
AutoSharing Option
00:28 12-12-2015

ბლოკნოტ-დავთრიან ჰოლანდიელს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ლუი ვან გაალს თანაშემწედ ამ კლუბის ლეგენდა რაიან გიგზი უზის. ახლო წარსულის პოპულარულმა უელსელმა გარემარბმა ჯერ კიდევ საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე მოსინჯა ძალა მწვრთნელის ამპლუაში, თუმცა რაიანი მუდამ თანაშემწეს პოზიციაზე ყოფნას არ შეეგუება. ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მობურთალს შეუძლებელია გუნდის თავკაცის როლშიც არ ჰქონდეს „მანიუს“ ისტორიის ფურცლებზე ოქროს ასოებით გამარჯვებების ჩაწერის ამბიცია.

ჯერჯერობით კალამს ჰოლანდიელი ფლობს, ბლოკნოტიც მის ხელშია და „წითელი ეშმაკების“ შედეგებზეც პირველ ყოვლისა ისაა პასუხისმგებელი. ვან გაალს თუ სერ ალექს ფერგიუსონივით მისცეს დრო გუნდის მშენებლობისათვის, ალბათ ურიგო შედეგს არც ის დადებს, მაგრამ შეფებმა დევიდ მოიესივით თუ მალე მიუთითეს კარისკენ, მის მიერ გამოთავისუფლებულ პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად რაიან გიგზი ჩაითვლება. თუმცა ამ პოზიციაზე რაიანს განვლილ სეზონში მოიესის წასვლისას და ვან გაალის დანიშვნამდე სულ ოთხიოდ მატჩში მოუწია ყოფნა. უფრო ზუსტად კი, ის მაშინ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.

ასისტენტების მთავარ მწვრთნელებად გადაყვანა იშვიათი მოვლენა არაა, მით უფრო როცა კანდიდატი წარსულში ამ კლუბის ისტორიაში თვალსაჩინო ადამიანია მასზე ავანსებს ადვილად გასცემენ ცალკეული კლუბების შეფები და გულშემატკივარიც შინაურ კაცს იოლად და მეტი სითბოთი ხვდება. გიგზი სწორედ ასეთია, მას თავისი კლუბის მიმართ შესაშური ერთგულებით შეუძლია დაიკვეხნოს. ნიშანდობლივია, რომ თავად ვან გაალიც „აიაქსის“ მწვრთნელობამდე ამსტერდამულ კლუბში ლეო ბეენჰაკერის თანაშემწე იყო და ტიტულოვანი ჰოლანდიური გუნდის საჭეს ლეოს წასვლისთანავე მიუჯდა.

ისე კი გიგზს ვან გაალის სავარძელის ძალიან მალე გამოთავისუფლებაც არ უნდა აწყობდეს. მას პრაქტიკა აკლია და ჯერ თანაშემწეობის ხანა ბოლომდე უნდა ამოწუროს.

ძნელი სათქმელია სპორტის რომელ სახეობაში კარიერის მოსაწყობად გაირჯებოდა რაიან გიგზი, მამამისს „სვინთონ ლაიენზთან“ რომ არ გაეფორმებინა კონტრაქტი და ოჯახი საცხოვრებლად მანჩესტერში არ გადაეყვანა. რაიანის მამა რაგბისტი გახლდათ და ძირძველი უელსური კლუბის „კარდიფის“ ღირსებას იცავდა. ოჯახის მანჩესტერში გადასვლისას ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი 6 წლის იყო. ის კარდიფიდან თუ არ წავიდოდა, ალბათ ნამდვილად ოვალურ ბურთს შეიყვარებდა, მაგრამ საკმაოდ დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქალაქში ჩასვლამ პირდაპირ ფეხბურთთან დააახლოვა.

რაიანი ფაქტობრივად ბავშვობიდან შეეზარდა „მანიუს“. ფერგიუსონმა ის 17 წლის ასაკში დიდი გუნდში მიიწვია და არც მას უნანია, არც მანჩესტერს და არც თავად ფეხბურთელს. გიგზმა კლუბს ყველაფერი მისცა და კიდეც დაუფასდა. საოცარი კარიერა ჰქონდა მას. 1990 წლიდან 2014 წლამდე „იუნაიტედის“ მაისურა უწყვეტად ემოსა - პრემიერლიგის, ინგლისის თასის, ლიგის თასის, ევროთასების და სხვა ოფიციალური 963 მატჩში ჩაატარა და 168 გოლი შეაგდო. ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თითოჯერ ასწია უეფას თასი, სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონიც გახდა. ის სამაგალითოდ დისციპლინირებული სპორტსმენი იყო – საკლუბო კარიერა ისე დაასრულა წითელი ბარათი არ მიუღია, ერთადერთხელ მხოლოდ სანაკრებო მატჩისას გააძევეს. ცოტა ხნის წინ გიგზი, გარი ნევილთან ერთად ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2007 წელს რაიანი ბრიტანეთის იმპერიის ოფიცერის ორდენითაც დაჯილდოვდა.

დიახ, რაიანი დისციპლინირებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში ისეთი შეცდომა მოუვიდა სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება და არაკეთილმოსურნე მის შეხსენებას არასოდეს დაამადლის. ოთხი წლის წინ მსოფლიო პრესა შეძრა გიგზის გამოაშკარავებულმა რომანმა საკუთარ ძმის როდრის ცოლთან ნატაშასთან. ისინი პირველად ერთმანეთს მანჩესტერის ერთ-ერთ ღამის კლუბში შეხვდნენ. 20 წლის ნატაშა მაშინ თავისი პირველი შვილის მამასთან დაშორებული, ხოლო გიგზი ცოლთან დაუბრებული გახლდათ. შეყვარებულები აქტიურ ურთიერთობაში გადავიდნენ. მოგვიანებით ნატაშას მეგობარი იხსენებს, რომ ის არწმუნებდა დაქალს, გაეწყვიტა ურთიერთობა რაიანთან, მაგრამ უელსელი ვარსკვლავი მისთვის ნარკოტიკივით იყო.

„ნატაშა ყველაფერს აკეთებდა, რასაც რაიანი ეუბნებოდა, უარის თქმის უნარი არ ჰქონდა. რაიანს არასოდეს ჰყვარებია ნატაშა, მათ შორის მხოლოდ სექსი იყო და არანაირი სიყვარული“ - ამტკიცებდა შემდეგ ეს გოგონა. მაგრამ გიგზის საყვარელთან ურთიერთობა წყვეტილი პერიოდებით გაგრძელდა და ამასობაში რაიანის ძმამ როდრიმ მოასწრო ამ ქალის შეყვარება, მერე კი მისი ცოლად მოყვანაც. როდრიმ არათუ არაფერი იცოდა თავისი ძმის უწინდელი რომანის შესახებ თავის იმჟამინდელ მეუღლესთან, არამედ ისიც ვერ გაიგო, რომ ისინი კვლავ ხვდებოდნენ ერთმანეთს. გიგზის და მისი ძმის ცოლის ურთიერთობა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. უკიდურესად ჩახლართული, რბილად რომ ვთქვათ არაეთიკური და მეტადრე კონსერვატიული ინგლისისთვის მიუღებელი სასიყვარულო ისტორია 2011 წლის გაზაფხულზე გასკდა და მისი ხმა შორს გავარდა. ნატაშამ მისი და გიგზის „ლავ სთორი“ მედიას ჩაუკაკლა, რქებდადგმულ როდრის
ღამით გაეპარა, წერილი დაუტოვა, რომ დილით გაზეთები ენახა და თავად ესპანეთში წავიდა.

ძმებს შორის ცხადია მყისვე უთანხმოება ჩამოვარდა, გიგზს ცოლიც გაშორდა და რაგბისტმა მამამ ოჯახი ცუდადშეკრული მოლივით რომ ჩაექცა ცხადია ძალიან განიცადა მომხდარი. უელსელ ვარსკვლავს საზოგადოებისგან დიდი დოზით კრიტიკაც ერგო, ზოგიერთმა კომპანიამ კი მასთან კონტრაქტიც გაწყვიტა. რაიანი ამ მიმართულებით დღემდე რეაბილიტაციის რეჟიმშია. ძმასთან შერიგებასაც ცდილობს და როგორც მედია იტყობინება ოთხი წლის შემდეგ დედმამიშვილების ურთიერთობა ნელ-ნელა სტაბილურდება.

ამასობაში გიგზის კარიერული ამბებიც პოზიტივისკენ მდის. „გიგზს ფეხბურთისთვის თავი 6-7 წლის წინ რომ დაენებებინა მას ჩემს თანაშემწედ დავნიშნავდი და ჩემი წასვლის მერე ალბათ მთავარი მწვრთნელიც გახდებოდა. თუმცა მე არავის ვუთითებდი კარიერის დასრულებისკენ. ვფიქრობ, ის ფლობს ყველა საჭირო თვისებას, რომ ბრწყინვალე მწვრთნელი გახდეს“ - თქვა ალექს ფერგიუსონმა. ვან გაალს ვერ ვიტყვით, რომ წყალი აქვს შემდგარი, თუმცა მისი ფორმაციის „მანიუს“ კრიტიკოსი ცოტა არ ჰყავს. ამასწინათ ახლო წარსულში კლუბის კიდევ ერთმა ლეგენდამ პოლ სქოულზმა თქვა: `ეს ის გუნდი არაა, სადაც თამაშს ვისურვებდი. ვფიქრობ, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები რუდ ვან ნისტელროი, ტედი შერინგემი, ენდი კოული და დუაიტ იორკიც ამ გუნდში ვერ ითამაშებდნენ. „მანჩესტერის“ თამაშში კრეატიულობა და რისკი არ ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ვან გაალს არ უნდა რომ მოიგოს“ - ამბობს სქოულზი.


მწვრთნელის კრიტიკის მიუხედავად გიგზი სქოულზის კლუბში მიყვანას ცდილობს. უნდა პოლის მანჩესტერის ბავშვთა გუნდის მწვრთნელად დანიშვნას მაინც მიაღწიოს. გუნდში სქოულზის მისვლაზე არც ჰოლანდიელი სპეციალისტია უარს, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.

სიტუაცია ცნობილი ქართული ფილმის სიუჟეტს ჰგავს. კოლმეურნეობის თავმჯდომარესთან ორი მეველე, რომ მივა და ცოლის მოჰყვანაზე ნებართვას სთხოვს, მაგრამ მისგან თავდაპირველად უარს იღებს.
- მაიტა მაშინ შენი ცოლი! – ცხარობს მეველე.
- ეს რთველი ჩამამთავრებინეთ და ცოლსაც მოგცემ და ცოლის დასაც იმ შენი გივილოსთვის!
... ჰოდა ჩაამთავროს ვან გაალმა მიმდინარე პრემიერლიგური სეზონი და ვინძლო მთავარ მწვრთნელად „მანჩესტერში“ გიგზი ვიხილოთ, თანაშემწედ კი პოლ სქოულზი. რაიანმა ძმის ცოლთან რომანზე არ შეიშალა ხელი და ვან გაალის პოსტს რომ ეკურკუროს რა გასაკვირია?

ვასილ ბალახაძე
„ლელო week“

 

ავტორი  -  ვასილ
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები