თრიაქი და ლუდი
AutoSharing Option
09:10 12-12-2015

ფეხბურთი ბეკენბაუერის და კრუიფის შესრულებით იყო ელეგანტური, რევოლუციური და უნიკალური. მათი დუელი დიდ ხანს გაგრძელდა. იბრძოდნენ წარმატებებისთვის ჯერ ფეხბურთელის, შემდეგ მწვრთნელის ამპლუაში. უშუალო დუელისას მათი გზები ხშირად არ გადაკვეთილა, მაგრამ პაექრობა ამის გარეშეც მძაფრად იგრძნობოდა და გამოიხატებოდა თუნდაც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთებით“, რომლის მოპოვებაც ერთად ხუთჯერ შეძლეს.

კრუიფის სამშობლოში თრიაქით თრობას არიან მიჩვეულნი, ბეკენბაუერის სამშობლო ამ მხრივ ლუდს ანიჭებს უპირატესობას, პლანეტის ძალიან ბევრი ქომაგისთვის კი ამ ფეხბურთელების თამაში იყო თრიაქიც და ლუდიც. მათი თამაშის თვალის დევნება დიდი სიამოვნებაა ახლაც. იმ მატჩების ჩანაწერების ყურებისას იოჰანის და ფრანცის ხელოვნება ჩანს. მსუბუქი, ემოციური და თავისუფალი მხატვარი იოჰან კრუიფი მუდმივად მოძრაობდა მთელ მოედანზე, მისი გამოჩენა მოედნის ყოველ მონაკვეთზე არა მხოლოდ ბურთით, უბურთოდაც საკმაოდ პრობლემატური იყო მოწინააღმდეგისათვის. კრუიფს ჰქონდა მაღალი სისწრაფე, რომელიც შეეძლო ნებისმიერ დროს ჩაერთო. აღნაგობით ფიზიკურად ძლიერს არ ჩამოჰგავდა, მაგრამ მყარად იდგა ფეხზე და კარგად ეხერხებოდა კორპუსით ბურთის დაფარვა. იოჰანი სტადარტულებსაც კარგად ასრულებდა, აწვდიდა კუთხურებს და სახიფათოდ ურტყამდა საჯარიმოებს.

ჰოლადიელისგან განსხვავებით ბეკენბაუერი გუნდს ხელმძღვანელობდა დინჯად და ცივი გონებით. მისი ყოველი მოძრაობა ბრწყინავდა მოედნაზე. თავისი თამაშით და მოქმედებით მინდორზე გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო. მაშინ წარმოდგენაც კი ძნელი იყო როგორ უნდა გადასულიყო ლიბერო მოედნის საპირისპირო ნახევარზე, აღარაფერს ვამბობთ გოლების გატანაზე, მაგრამ ფრანცს არ შეეძლო სხვაგვარად, იგი ვერ დაყოვნდებოდა მოედნის ცენტრთან, როცა მისი გუნდი შეტევაში იყო ჩართული. ბეკენბაუერის უნივერსალურობა და შესანიშნავ ტექნიკასთან შერწყმული მისი ათლეტიზმი საშუალებას აძლევდა ორგანიზება გაეწია თავისი გუნდის თამაშისთვის და საერთოდ მატჩის მიმდინარეობა ეკონტროლებინა. ისინი ლიდერებად იყვნენ დაბადებულნი და კაპიტნის სამკლავურიც ამიტომ ეკეთათ.

1971 წელს კრუიფმა პირველად მიიღო „ოქროს ბურთი“. მაშინდელი „აიაქსი“ ზედიზედ ხდებოდა ჰოლანდიის ჩემპიონი და ევროპის თასების მფლობელთა თასიც მოიგო. ამსტერდამული კლუბი ითვლებოდა საფეხბურთო მოდის კანონმდებლად, თამაშობდა ნოვატორულ სტილში, რომელსაც მერე „ტოტალურ ფეხბურთს“ დაარქმევენ. კლასით და დონით მთელს ევროპაში კრუიფს ჰყავდა ერთი მოწინააღმდეგე - ბეკენბაუერი. გერმანელი 1972 წელს დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. ამავე წელს მან გერმანიის ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. იქამდე უკვე იყო მსოფლიოს ორგზის პრიზიორი (1966 ვერცხლი, 1970 ბრინჯაო). „ბაიერნში“ კი იმ ხანად მხოლოდ იწყებდა ტიტულების შეგროვებას კონტინენტის მასშტაბით.

კრუიფის და ბეკენბაუერის პირველი პაექრობა 1973 წლის 7 მარტს შედგა. ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამ, მეოთხედფინალში „აიაქსი“ და „ბაიერნი“ ერთმანეთს გადაჰყარა. კრუიფის გუნდი ორჯერ ზედიზედ უკვე ფლობდა ჩემპიონთა თასს (1971, 1972). პირველ შეხვედრას ამსტერდამმა უმასპინძლა. შესვენებამდე ნულოვანი ყაიმის დაფიქსირების მიუხედავად მეორე ტაიმში „აიაქსმა“ მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება შესძლო და 4:0 იმარჯვა. ერთხელ გოლი კრუიფმაც შეაგდო. საპასუხო მატჩში კრუიფი არ ყოფილა, „ბაიერნმა“ შინ 2:1 მოიგო, მაგრამ ჰოლანდიელები მაინც გავიდნენ ნახევარფინალში. იქიდან მადრიდის „რეალი“ გამოთიშეს გათამაშებას, ფინალში „იუვენტუსს“ სძლიეს და ჩემპიონთა თასი მესამედ აღმართეს. მერე კრუიფმა „ბარსელონას“ მიაშურა. ზამთარში კი კიდევ ერთხელ დაასახელეს კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად.


ერთი წლის მერე დუელიანტები გერმანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდნენ. რინუს მიჰელსის ჰოლანდია დაფრინავდა, ფინალამდე ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა. ოქროს მედლებისთვის მატჩის პირველივე წუთზე, საჯარიმოში იოჰან კრუიფის წაქცევის გამო არბიტრმა 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც ნეესკენსმა გოლად აქცია. გერმანელებმა მალე გაათანაბრეს - ბეკენბაუერის წამოწყებული იერიში პენალტით და ბრაიტნერის გოლით დასრულდა. გერმანელებმა მეორე გოლიც გაიტანეს (მიულერი) და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. თასი კაიზერმა აიღო ხელში. დიდი ფეხბურთელების დუელი მწვრთნელის ამპლუაშიც გაგრძელდა. უშუალოდ მათი გუნდების დაპირისპირება 1996 წელს უეფას თასის ნახევარფინალში ვიხილეთ, სადაც კრუიფის „ბარსა“ კაიზერის და ოტო რეჰაგელის მწვრთნელთა დუეტის „ბავარიას“ გადაეყარა. პირველი შეხვედრა მიუნხენში 2:2 დასრულდა, კატალონიელები იგებდნენ, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა. საპასუხო პაექრობა ბარსელონაში კი მიუნხენელებმა მოიგეს, ორჯერ კონტრშეტევაზე დაიჭირეს უკამოუხედავი იერიშებით გართული კრუიფის გუნდი და ფინალის საგზური მოიპოვეს. მერე კაიზერის თავკაცობით „ბაიერნმა“ ფინალიც მოიგო და ამ თასის მფლობელი გახდა. ბეკენბაუერს მწვრთნელის ამპლუაში მუნდიალიც აქვს მოგებული და ფინალისტიც ყოფილა.

სანაკრებო საქმეზე კრუიფმა უარი თქვა. ის „აიაქსს“ და „ბარსელონას“ წვრთნიდა. პირველთან ერთად თასების მფლობელთა თასი აიღო (1987), კატალონიაში კი ჯილდოების და თასების მთელი კოლექცია მოაგროვა. სწორედ მისი მწვრთნელობისას ჩაეყარა საფუძველი „ტიკი ტაკას“ - დიდ ხანს რომ ზეობდა ფეხბურთში და აჯადოებდა მილიონობით გულშემატკივარს.

ვასილ ბალახაძე
„ლელო week
ავტორი  -  ვასილ
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები