ერთგული და მოღალატე შავი მამბა
AutoSharing Option
17:57 14-12-2015
კალათბურთის ფიცარნაგიდან მოცლილს და სიმღერის მუზამოსულ კობი ბრაიანტს მხოლოდ ღიღინი არ ჰყვარებია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა „შავი მამბა“ მუსიკას წერდა, მათ ჩასაწერად კი შესაბამის სტუდიას აკითხავდა.
ერთხელ, ლოს ანჯელესის სტუდიაში სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მისულ კობი ბრაიანტს, ცნობილი რეპერის სნუპ დოგი დოგის კლიპის მასობრივი სცენებისთვის მოცეკვავე გოგონა ჩაუვარდა გულში.
შავგვრემანი მომხიბვლელი გოგო საცეკვაო კომპოზიციაში წამყვან როლს არ ასრულებდა, მაგრამ ბრაიანტმა ის მოედნის თავისი ნახევრიდან შენიშნა. გოგონას ვანესა ლეინი ერქვა, ის მექსიკური წარმოშობის გახლდათ. ლეინი მისი გვარი არ ყოფილა. ადრე ის კორნეხო უბრიტა იყო. მშობლების დაშორების შემდეგ, როდესაც მამამ ცოლ-შვილი მიატოვა და მექსიკაში გადავიდა, ვანესა დედასთან დარჩა და მისი ხელახლა გათხოვების მერე მამინაცვალის გვარზე გადაეწერა. საყურადღებოა, რომ ვანესას მამინაცვალს ამისი სურვილი არ ჰქონია, მეტიც წინააღმდეგი იყო, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ დამწყებმა მოცეკვავემ ასე გადაწყვიტა.


ახალგაზრდების სტუდიური ნაცნობობა კობის 21 და ვანესას 17 წლის ასაკში შედგა. ბრაიანტი გოგოს ერთხანს პერიმეტრზე ახლოს არ ეკარებოდა. თავს ცდიდა. მაგრამ შემდეგ გააქტიურდა, სკოლაში თაიგულით მიაკითხა და შავი „მერსედესით“ სასეირნოდ წაიყვანა. წყვილის ურთიერთობა შეყვარებულის ამპლუაში ორ წელიწადს გაგრძელდა. 2001 წლის 18 აპრილს მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. ვაჟის ოჯახი სარძლოს დანახვას არ აღუფრთოვანებია. მათი მოსაზრებით ის ასაკით ძალზედ პატარა, თანაც არა აფროამერიკელი იყო. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია შეყვარებულთათვის ურთიერთობის ჯვრისწერით გამყარებაში.

კობიმ და ვანესამ კალიფორნიაში, წმინდა ედვარდის კათოლიკურ ტაძარში ჯვარი დაიწერეს და უხმაურო, ნაკლებად პომპეზური საქორწინო ცერემონია გადაიხადეს. სტუმრების რაოდენობა მხოლოდ თორმეტით შემოიფარგლა. საქორწინო ცერემონიალზე არ ყოფილან კობის არც მშობლები, არც მეგობრები და თანაგუნდელები. ბრაიანტი კიდევ ორი წლის განმავლობაში მშობლებს ხმას არ სცემდა. პარალელურად კი „შავ მამბას“ საკუთარი კარიერის ბრწყინვალე დროება ედგა, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“, სადაც კობის დუეტი გიგანტ შაკილ ო ნილთან მოწინააღმდეგეებს უმოწყალოდ აცამტვერებდა ზედიზედ სამჯერ 2000, 2001 და 2002 წლებში პირველობა არვის დაუთმო ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში. 2003 წელს `ლეიკერსი~ ჩემპიონი აღარ გამხდარა, მაგრამ ბრაიანტი მამა გახდა. პირველი შვილის, ნატალიას დაბადებამ არა მხოლოდ მშობლები გაახარა, შვილიშვილის შეძენამ კალათბურთელის მშობლებთანაც ამოწურა კონფლიქტი. „ლეიკერსის“ ვარსკვლავმა მამობის ბედნიერება მეორედ კიდევ სამი წლის მერე განიცადა, როდესაც სამყაროს მისი ჟანა მარია მოევლინა.

2003 წელსვე კობის ტრავმა გაუმიზეზდა და საავადმყოფოს მიაკითხა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ კი სარეაბილიტაციოდ კოლორადოს ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდა. სწორედ აქ შეემთხვა ინციდენტი, რომელმაც მალევე გადაფარა არა მხოლოდ მისი პოსტტრავმული განაცდური დღეები სპორტულ კარიერაში. თუმცა ინციდენტი მომხდარს მოგვიანებით ეწოდა, მაშინ კი რეალურად სასტუმროს მოახლესთან სექსი ერქვა. კობის ოთახის დასალაგებლად (როგორც დაზარალებული ჰყვება) შესული სასტუმროს მოსამსახურე ქალბატონი, ვინმე ქეტლინ ფეიბერი და ნბა-ს ვარსკვლავი „უნებლიედ“ კალათბურთელის საწოლში აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ფეიბერი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ბრაიანტმა იგი გააუპატიურა. თავის მხრივ კობი არ უარყოფდა ამ ქალთან კავშირს, მაგრამ მასსა და ქეთლინს შორის მომხდარს ორივე მხარის შეთანმხებას უძახდა.
„ჩემს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში მე უდანაშაულო ვარ. ამ გოგონას თავს მართლაც არ დავსხმივარ. დიახ, ჩავიდინე ცოდვა, როდესაც მასთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ეს ჩვენ ორს შორის შეთანხმებით მოხდა. ასეთ შემთხვევაში კი მხოლოდ ჩემი ცოლის და ღმერთის წინაშე ვარ დამნაშავე. იმედია ვანესა მაპატიებს ჩადენილს“ - თქვა კობიმ. ძალიან ჰგავდა ეს მაიკ ტაისონის თავს გადახდილ ცნობილ სკანდალურ შემთხვევას, როდესაც დეზირე ვაშინგტონმა მას გაუპატიურება დააბრალა.
სასამართლოს მიმდინარეობისას სპორტსმენს სრულად უჭერდა მხარს მაიკ ტაისონი. „მე გამოვლილი მაქვს ეს და ვიცი რა მდგომარეობაშიცაა ამჟამად ბრაიანტი ჩავარდნილი. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამერიკის გმირად ყოფნა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში, სასამართლოს შედეგად ფაქტობრივად უმიზეზოდ, არარაობად გადაიქცევა ხოლმე“ - ამბობდა ტაისონი. საბედნიეროდ ამჯერად სპორტსმენი გისოსებს მიღმა არ აღმოჩენილა. ქმარს დიდად დაეხმარა ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც მან და ვანესამ გამართეს. ცოლი აღნიშნავდა, რომ მას მეუღლის სჯერა და ის უდანაშაულოა. 2004 წელს ბრაიანტს მოუხსნეს ბრალდება. თუმცა კალათბურთელმა მოსამსახურეს 5 მილიონი დოლარი საკომპენსაციოდ გადაუხადა... მორალური კომპენსაციისთვის მიზნით კი კალათბურთელმა ცოლიც დაასაჩუქრა 5 მილიონი დოლარისავე ღირებულების ბრილიანტის თვლიანი ბეჭდით. რასაც მალევე „ლამბორჯინის“ ბოლო მოდელის ავტომობილიც დაურთო. ვანესას და კობის ოჯახის სიმყარის საკითხი წლების შემდეგაც დაიდო სასწორზე. ოღონდ ამჯერად უკვე სასამართლოს სასწორზე. 2010 წელს პაპარაცების გარჯის შედეგად ბრაიანტი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში თავს გადახდილი სკანდალით. მედიაში გამოქვეყნდა მისი ფოტოები, სადაც იგი ბარსელონაში უცნობ გოგონებთან ერთობოდა. ვანესამ კი 2011 წლის 16 დეკემბერს სასამართლოში გაყრაზე შეიტანა სარჩელი. მიზეზად ცოლ-ქმარს შორის უთანხმოებას ასახელებდა. ერთხანს კობიც ცდილობდა ოჯახი შეენარჩუნებინა, მაგრამ ბოლოს თავადაც აღარ შეეწინააღმდეგა ცოლს და თავადაც შეიტანა გაყრაზე განცხადება.

განვითარებული სასამართლო დავა ბრაიანტის ქონების გაყოფას ითხოდა. ცოლი ნბა-ს ვარსკვალავს ქონების ნახევარს, აგრეთვე შვილების მეურვეობისთვის გარკვეულ თანხას სთხოვდა. კობის ქონება 150 მილიონად შეფასდა, სასამართლომ იქიდან ვანესას 75 მილიონი დოლარი და კალიფორნიაში ბრაიანტის სამი სახლი მიაკუთვნა.
შემდეგ სასამართლო ნახევარი წელიწადი ელოდა ორივე მხარის დასტურს, რომელიც საბოლოო ცოლ-ქმარმა აღარ გასცადა, რადგან ფორმალურად მაინც ისევ ერთად ყოფნა არჩიეს. „ჩემი ქმრის უცნობი გოგოების კამპანიაში ყოფნის დამადასტურებელი ფოტოების დანახვაზე მეტად, ის მაღიზიანებს, რომ იგი ვერ უსხლტება პაპარაცების ობიექტივს და მათთვის იდეალურ სიტუაციაში იჭერენ“ - წუხს ვანესა. ბრაიანტის ცოლი ანალოგიურ სიტუაციაში არავის უნახავს. სამაგიეროდ მისი „გულღია“ ფოტო ვარსკვლავმა ქმარმა გამოიტანა სოციალურ ქსელში – სამსჯავროზე.
მას ლამაზი მეუღლე ეამაყება, მაგრამ რა ჰქნას რომ სხვებისკენ ლტოვასაც ვერ თოკავს. არადა, ეს „შავი მამბა“, მთელი თავისი ხანგრძლივი და ბრწყინვალე კარიერის მანძილზე ერთგულებას იჩენს საყვარელი „ლოს ანჯელეს ლეიკერის“ მიმართ. შესაშურ ერთგულებას იჩენს!ცოლის მოღალატე და ლეიკერსის ერთგული.
ვასილ ბალახაძე. „ლელო week“
ავტორი  -  ვასილ
Twitter
4
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები