ინიესტა - ვაზის, პასის და ანას სიყვარულით
AutoSharing Option
20:54 16-12-2015

ისეც ხდება, რომ დედამიწის რომელიმე კუთხეში ერთი ციდა დასახლება მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა მსოფლიოში ცნობილ ადგილად იქცევა იქ მომხდარი გარკვეული მოვლენის, თუ ცნობილი ადამიანის დაბადების გამო. ესპანურ ფუნტელაბილიაში, რომელიც ლა მანჩას რეგიონში ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა სულ 3 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. იქაურობა ადრე ვერაფრით გამოირჩეოდა, ღირსშესანიშნაობად კი ყოველთვის რომაული თერმული აბანოები და ვენახები მიიჩნეოდა. უკვე რამდენიმე წელიწადია ფუნტელაბილიას მსოფლიოში ანდრეს ინიესტას დამსახურებით იცნობენ. ამ მიწას „ბარსელონას“ ვარსკვლავის გულში დიდი სიყვარული გაუღვივებია, ისეთი, რომლის ჩაქრობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში, ბარსელონაში ცხოვრებამაც ვერ დაავიწყა.

თავის მხრივ ფეხბურთის მოყვარულებს ინიესტას სიყვარული მისი უმაღლესი კლასის საფეხბურთო ოსტატობის გამო ჩავარდნიათ გულში. საოცარი თამაშის, ყველაზე საჭირო გოლების და თვალსაჩინო პასების შემოქმედი „ბარსელონას“ შუახაზელის გარჯას ნაყოფი ყოველთვის მოჰქონდა. იმიტომაც აქვს ანდრესს საკლუბო და სანაკრებო წარმატებებით ტიტულები უხვად მოპოვებული და არც პირადი ჯილდოების სიმცირეს განიცდის. ფეხბურთის გულშემატკივარი ინიესტას დარი მობურთალის კარიერის დასრულებას არასოდეს ისურვებს, მაგრამ 31 წლის ანდრესს რამდენიმე წელიწადში ცხადია ამის გაკეთება მაინც მოუწევს.


საფეხბურთო მოღვაწეობის შემდეგ ბევრი სახელოვანი ფეხბურთელი მწვრთნელობას იწყებს, რადგან ფიქრობს, რომ ფეხბურთის გარდა სხვა ვერსად იგრძნობს თავს შინაურად. ინიესტას შემთხვევაში სხვაგვარადაა. აქედანვე ცნობილია სად გააგრძელებს იგი საქმიანობას - ლეგენდარული ფეხბურთელი თავისი ვენახების მეურვეობით და ღვინის დაყენებით იქნება დაკავებული. ანდრესს ვაზის უშუალოდ მოსავლელად და ღვინის დასაყენებლად ადრე არასოდეს მოუცლია, მაგრამ კეთილშობილი სითხის (ღვინო) და კულტურის (ვაზი) გვერდით მუდამ შინაურად გრძნობდა თავს. ფუენტელაბილია მშრალი ჰავით და ზომიერი კლიმატით გამოირჩევა. მიწაც ქვიანია, ვაზს და ყურძნის ხარისხიან მოსავალს ასე რომ უხდება. აქაურები ძირითადად წითელ და ვარდისფერ ღვინოს აყენებენ და ანდრესის კომპანიაც სწორედ ამ მიმართულებით წავიდა თავიდანვე, როგორც კი მშობლიურ მხარეში დიდ ფართობზე შეიძინა ვენახები. თუმცა დროთა ვითარებაში ინიესტას კომპანიონები არც სიახლეებს უფრთხიან და თავიანთ ზვრებში ვაზის სხვა ცნობილ ჯიშებსაც აშენებენ, ხოლო მარნებში სხვა პოპულარული ღვინოებსაც აყენებენ.
ამბობენ, რომ ანდრესი საკუთარი ღვინის ყველაზე კრიტიკული შემფასებელია. ფეხბურთელი ჯერ თავად სინჯავს ღვინოს და ამის შემდეგ წყვეტს გავიდეს თუ არა იგი უფრო მასშტაბურ დეგუსტაციებზე. ინიესტა არა მხოლოდ ფეხბურთითაა სამაგალითო, ის კეთილშობილება და გულითადი ხასიათი რაც ფუენტეალბილიელ ვარსკვლავს ახასიათებს მევენახეებს რომ ჰკითხოთ სწორედ ვაზთან და ღვინოსთან სიახლოვე განაპირობებს. ანდრესს მშობლიური მიწის გარდა მშობლიური გუნდის სიყვარულიც ეძახდა და უყურადღებოდ არც ის დაუტოვებია. საფეხბურთო კლუბ „ალბასეტეს“, სადაც 12 წლის ასაკამდე, ანუ „ბარსელონას“ აკადემიაში გადასვლამდე ბურთს აგორებდა იგი პირველი დაძახილისთანავე მხარში დაუდგა. 2011 წელს დაშლის პირას მისულ გუნდს, როგორც თავისი ფეხბურთლების, ისე ბანკების დიდი ვალები რომ ჰქონდა დაგროვილი 420 ათასი ევროთი შეეწია. მომდევნო ორ წელიწადში კიდევ რამდენჯერმე შეჭირვებული „ალბასეტეს“ დასახმარებლად არ დაიშურა ფული ინიესტამ და საბოლოოდ მისმა გაღებულმა თანხამ მილიონს რომ გადააჭარბა კლუბის მფლობელი გახდა, უფრო სწორად კი „ალბასეტეს“ სათავეში მამამისი ხოსე ანტონიო ჩაუყენა. საგულისხმოა, რომ მამა მისივე ღვინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელიცაა. მამა-შვილის მცდელობამ შედეგი „ალბასეტესთვისაც“ გამოიღო. მეოთხე დივიზიონამდე დაქვეითებული გუნდი ამჟამად ესპანეთში რანგით მეორე ლიგაში - სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს.

ინიესტა ბარსელონას ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც „ესპანიოლის“ ფანები არ უსტვენენ. მეტიც, ამ გუნდის საშინაო არენაზე მას ყოველთვის ოვაციით ხვდებიან. მიზეზი მის მიერ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში გაკეთებული ჟესტია. მაშინ ანდრესმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო ჰოლანდიელთა კარში, რის შემდეგაც საფეხბურთო მაისური გაიხადა და შიდა მაისურზე დაწერილი ტექსტით მოულოდნელად გარდაცვლილი „ესპანიოლის“ კაპიტანის დანი ხარკეს ხსოვნას მიაგო პატივი. შემდეგ ეს მაისური ინიმ „ესპანიოლის“ საკლუბო მუზეუმს უსახსოვრა, რითაც ერთი ნაბიჯი გადადგა ორი ბარსელონური გუნდის დაახლოების საქმეში. ხარკეს ოჯახი არც მერე დავიწყებია ფუენტეალბილიელს. მისი ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო მატჩი ხარკეს სახელზე და შემოსული თანხა ფეხბურთელმა ცხადია სწორედ მის ოჯახს გადასცა. ქველმოქმედებას ბარსელონელი ვარსკვლავი იშვიათად არ მიმართავს. წლეულს ანდრესმა აუტიზმით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ საქველმოქმედო აქციაშიც მიიღო მონაწილეობა, როდესაც გოლფისტ ჯასტინ როუზთან, „ჩელსის“ ყოფილ შემტევ ჯანფრანკო ძოლასთან და კრიკეტის მოთამაშე ინდოელ ბრაიან ლარასთან ერთად იტალიაში გამართულ გოლფის საქველმოქმედო შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. ინიმ გასულ თვეს სირიელი დევნილებისთვის შექმნილ საქველმოქმედო ფონდს აუქციონზე გასატანად ესპანეთის ნაკრების თავისი მაისურიც შესწირა.


მიუხედავად ნებისმირი ვარსკვლავის სასიყვარულო ისტორიების მიმართ ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღებისა ინიესტას მხოლოდ ერთი რომანია ცნობილი და ისიც თავის ამჟამინდელ მეუღლესთან ანა ორტისთან. ანდრესს თაყვანისმცემელი ქალბატონები არასოდეს აკლდა, მაგრამ მათ მიმართ ინტერესს ფეხბურთელი ნაკლებად იჩენდა. სამაგიეროდ 2008 წელს მეგობართან წვეულებისას შეხვედა გოგონას, რომელიც შესაძლოა სილამაზით და მოდელის აღნაგობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ პირველივე ნახვისას ჩვენი წერილის გმირის გული დაიპყრო. ორტისი ინიმ თავისი უბრალოების და სიხალასის გამო შეიყვარა. რამდენიმე თვე ფეხბურთელი ცდილობდა ნებისმიერი მიზეზი გამოეყენებინა გოგოსთან შესახევედრად და ბოლოს, როდესაც გადაწყვიტა მისთვის ხელის თხოვნა, თურმე ძალიან შიშობდა პასუხად უარი რომ არ მიეღო. თუმცა ანამ სიყვარულს სიყვარული შეაგება და „კამპ ნოუს“ ტრიბუნებზე მისი ვიზიტებიც გახშირდა. თანაც 2008 წელი ანდრესის წარმატებებით სავსე კარიერაში გამორჩეულად წარმატებული იყო. 2008 წლის მუნდიალის შემდეგ ინიესტა და ორტისი იბიცაზე ერთად ისვენებდნენ. იქიდან ჯერ ერთის მშობლები ინახულეს გულისსწორის წარსადგენად, შემდეგ მეორის. პირველი შვილი ვალერია წყვილს 2011 წელს, ჯერ კიდევ მაშინ შეეძინათ, ვიდრე ქორწილს გადაიხდიდნენ. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ინიესტა საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ქორწილიც შედგა. სამწუხაროდ შარშან მეორე შვილზე ორსულად მყოფი ორტისის ნაადრევი მშობიარობის გამო ბავშვი დაეღუპა. ტკივილიანი პერიოდი ანდრესმა ფეხბურთით გადაიტანა. წლეულს 31 მაისს კი მან და ანამ ვაჟის პაოლო ანდრეას დაბადება იზეიმეს. ცოტა ხნის წინ პაოლო ანდრეას სახელზე ინიესტამ ღვინო „პაოლო ანდრეაც“ ჩამოასხა. ბოლო ელ კლასიკოზე „ბარსელონამ“ „სამეფო კლუბი“ მისსავე არენაზე რომ გაანადგურა მოგეხსენებათ ერთი ბრწყინვალე გოლი ინიესტამაც შეაგდო და შესაბამისი ჟესტით იგი ახალშობილს მიუძღვნა. ხოლო როდესაც ლუის ენრიკემ ინი შეცვალა „ბერნაბეუზე“ შეკრებილმა პუბლიკამ ვარსკვლავი ტაშით გააცილა. ამავე „ელ კლასიკოს“ შემდეგ ლუის ენრიკემ ინიესტას „მსოფლიოს მონაპოვარი“ უწოდა. განა ხშირია, არა მხოლოდ საფეხბურთო, ზოგადად სპორტულ სამყაროშიც ადამიანი, რომელიც თავისი გუნდის ლამის დაუძინებელ მტრად ქცეული კლუბის ქომაგთაგან სიძულვილის ნაცვლად სიყვარულს რომ მიიღებს? ფუენტალბილიელს კი ეს და სხვა კიდევ ბევრი კარგი საქმე გამოსდის - ვაზის, პასის და ანას დიდი სიყვარულით!

ვასილ ბალახაძე. „ლელო week“
ავტორი  -  ვასილ
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები