ოკუპანტი
AutoSharing Option
22:28 17-12-2015
იმდენი ბურთი არ მოუწოდებია ანა კურნიკოვას თავისი სპორტული კარიერის მანძილზე, რამდენი სტატიაც შეუთხზავთ ჟურნალისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან კორტს მიღმა მისი ამბების, თუ სიყვარულის ისტორიის შესახებ.
კურნიკოვამ სპორტული მიღწევებით ბევრი ვერაფერი სალაპარკო მისცა მსოფლიო მედიას, სამაგიეროდ რუსმა თავის სილამაზეზე აალაპარაკა პრესა, დაიპყრო მაღალტირაჟიანი ჟურნალების პირველი გვერდები. მისი გულის მოსაგებად საყოველთაოდ ცნობილი კომპანიები საკონტრაქტოდ ფულს არასოდეს იშურებდნენ. ანა „დიდი მუზარადის“ სერიის ტურნირების მხოლოდ ორგზის გამარჯვებულია წყვილთა თანრიგში. ინდივიდუალურ შეჯიბრებებში კი უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მისი კარიერის ზენიტი აღმოჩნდა. მსოფლიო რეიტინგში ეს გოგონა ყველაზე მაღლა მე-8 ადგილამდე ავიდა.
პროფესიული კარიერა კურნიკოვამ 21 წლის ასაკში დაასრულა. „რასაკვირველია არ მინდოდა დამთავრება და ბევრჯერ ვიფიქრე სპორტში დაბრუნებაც, მაგრამ შეჩერების შემდეგ პირველი ორი წლის განმავლობაში 100% მზად არ ვიყავი დასაბრუნებლად და რადგან არ მახასიათებს მოვკიდო ხელი იმ საქმეს, სადაც ბოლომდე მზად არ ვარ, ამიტომაც ვერ დავბრუნდი“ - თქვა მოგვიანებით მან. ეს მისი პოზიცია იყო, რომელიც სპეციალისტების თვალსაზრისს არ ემთხვეოდა. ეს უკანასკნელნი ფიქრობდნენ, რომ რადგან „კურნის“ ძალიან უჭირდა საკუთარ კორსტმიღმა პოპულარობას სპორტული წარმატებებით დასწეოდა, არჩია სულაც წასულიყო. მეტიც, სპორტული წარუმატებლობები უკვე მის რეპუტაციაზე ცუდად მოქმედებდა.

ამასთან, მართალია, კურნიკოვა გრაფის, სელეშის და ჰინგისის კალიბრის ვარსკვლავი არ გამხდარა მიღწევებით, მაგრამ მან დააინტერესა ძალიან ბევრი ადამიანი ჩოგბურთით და მიიზიდა ისინი უშულოდ ტურნირებსა და ტელეკრანებზე სპორტის ამ სახეობისთვის თვალის სადევნებლად. ანა ე. წ. ქალური ბედნიერების ძიებაში უფრო აქტიური გახლდათ. მამაკაცების გულებს მან უმცროსი ასაკიდან შეუტია, თუმცა შემოტევა არც საპირისპირო მხრიდან აკლდა. კურნიკოვას პირველი ხმაურიანი რომანი, ცნობილ რუს ჰოკეისტ პაველ ბურესთან სასიყვარულო ისტორიას მოჰყვა. თანამემამულეები სამშობლოს იშვიათად სტუმრობდნენ, თუმცა არც უშუალოდ მათ შორის იყო მაინც და მაინც ხშირი ურთიერთობა. ამიტომ არასრული ერთი წლის რომანის შემდეგ დაშორდნენ. თუმცა ანას მზერა არ სცილდებოდა ჰოკეის და ვერც ყინულის რაინდები ანებებდნენ თავს რუს ლამაზმანს. საძინებელში, რომლის კართან ისევ ჩოგანი და ჰოკეის ყვინჯი მიეყუდებინათ, კურნიკოვას ამჯერად სერგეი ფიოდოროვი სტუმრობდა. არც მათი ურთიერთობა გაგრძელებულა დიდ ხანს. ფიოდოროვის მამა ამტკიცებდა, რომ მის შვილს კურნიკოვასთან სერიოზული ურთიერთობა არც ჰქონია, თუმცა თვითონ ჰოკეისტი ირწმუნებოდა, რომ მათ მიერ ერთად გატარებული დრო საკმაოდ თბილად ახსენდება.

ჰოკეისტების გარდა წერდნენ, რომ „კურნის“ რომანი ჰქონდა ბრაზილიელ რონალდოსთან, ავსტრალიელ მარკ ფილიპუსისთან... 2002 წელს ენრიკე იგლესიასის კლიპის „Escape“ გადაღებისას კურნიკოვასა და ენრიკეს შორის სიყვარული ჩაისახა. მომღერალი და ექს-ჩოგბურთელი ერთ წელიწადში უკვე მჭიდროდ ურთიერთობდნენ. ენრიკესთან ადრე რომანი ჰქონდათ „მის მსოფლიოს“ ალისია მაჩადოს, ცნობილ მოდელს ალისია ვერგარას, კინომსახიობ ჯენიფერ ლავ ჰიუიტს, მომღერალ კრისტინა აგილერას. ენრიკეც უდავოდ ნაყოფიერად მოღვაწეობდა სცენის მიღმა.


ახლა უკვე თითქმის 14 წელიწადია იგლესიასი და კურნიკოვა ერთად არიან. ამ ხნის მანძილზე მსოფლიო მედიამ არაერთხელ ამცნო მკითხველს, მათი დაშორების შესახებ, მაგრამ ეს არცერთხელ დადასტურდა. წყვილს ბევრჯერ მათი დაოჯახების შესახებ ინფორმაციის უარყოფაც დასჭირდა. მართალია ისინი არ უარყოფენ, რომ რამდენჯერმე მართლაც იყვნენ დაშორების ზღვარზე, თუმცა ყოველ ჯერზე საბოლოოდ ისევ ერთად ყოფნა არჩიეს. „ანა მაგარი გოგოა. ის არ გავს გლამურულ, როგორც მე ვუწოდებ „ხუთვარსკვლავიან“ ლამაზმანებს, რომელთაც საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენა აქვთ. როდესაც ამდენ ხანს ცხოვრობ ადამიანთან, რაღა საჭიროა ფორმალობები? არა, მე არ ვარ მაინც და მაინც ქორწინების წინააღმდეგი, მაგრამ ქორწინება ცალსხად არ ნიშნავს იმას, თითქოს მის შემდეგ უფრო ბედნიერები ვიქნებით. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია როდისმე მამა გავხდე, მყავდეს შვილები. მამის როლში კი ჩემს თავს მხოლოდ კიდევ ათი წლის შემდეგ ვხედავ. სხვათაშორის პაპაჩემი 80 წელს იყო გადაცილებული კიდევ ერთხელ მამა რომ გახდა, ხოლო როდესაც გარდაიცვალა – ცოლი ორსულად ჰყავდა. ბეჭედდასმული ქაღალდი კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ კარგი მშობლები ვიყოთ“ - ამბობს ენრიკე იგლესიასი.

პაპა არა, მაგრამ წარმოიდგინეთ, მთელი ამ 14 წლის ურთიერთობის მიუხედავად ენრიკეს სახელოვან მამას ხულიო იგლესიასს „მარადიულ სარძლოსთან“ პირადი ნაცნობობა არ აქვს. „საქმე ისაა, რომ ისიც დაკავებულია და ანაც. მათ ვერ გამონახეს დრო ერთმანეთის გასაცნობად. თუმცა მამამ მითხრა რომ ანა ძალიან ლამაზია და მე შესანიშნავი გემოვნება მაქვს“ - გვარწმუნებს ენრიკე.


წყვილს სახლი მაიამიში აქვთ, ზღვის სანაპიროზე. იქვე კორტიცაა ანასთვის. ეს „მილიონერების უბანია“, სადაც მათ მეზობლად ენრიკეს პროფესიის ადამიანები ცხოვრობენ – შერი, გლორია ესტეფანი, რიკი მარტინი, ბილი ჯოელი. უცნაურად არ მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ მაიმიში მცხოვრები კურნიკოვა „მაიმი ჰითის“ ქომაგი და ლებრონ ჯეიმსის თაყვანისმცემელია. ჩოგბურთში კი იდეალურ მეწყვილედ ანდრე აგასი წარმოუდგენია. „კურნი“იშვიათად, მაგრამ მაინც თამაშობს ჩოგბურთს, ოღონდ საქველმოქმედო ხასიათის მატჩებში. ანა კარიერის შემდეგაც ბევრი ცნობილი ფირმის სარეკლამო სახე გახდა. „ადიდასი„, „ომეგა“ „ბერლეი“, „როლექსი“, „ვრანგლერი“ და სხვები გოგონას უხდიდნენ ხშირად იმაზე მეტს, ვიდრე სპორტული წარმატებისას იღებდა რუსი ქალბატონი. ანა USO –ს (ამერიკის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს არმიას) წევრია. ამ ორგანიზაციასთან ერთად ის ერაყის, ავღანეთის, თურქეთის ბაზებზე იმყოფებოდა. ანას ხიბლავს სამხედრო პირებთან ურთიერთობა. ვერაფერს იტყვი, ოკუპაცია მის სისხლშია.
ის მამაკაცთა გულების ოკუპანტია!

ვასილ ბალახაძე. „ლელო week“
ავტორი  -  ვასილ
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები