როცა იაგუარები სანადიროდ გამოდიან
AutoSharing Option
21:24 04-03-2016

არგენტინელების თამაში პირველად 2007 წელს ვნახე. იმ წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე „პუმებმა“  ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით ჩააგრიალეს და ისეთ ქვეყნებს სძლიეს როგორებიც საფრანგეთი და ირლანდია არიან („ბორჯღალოსნებიც“ დაგვიმარცხეს ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ტაიმი მშვენივრად ჩავატარეთ), მერე შოტლანდიაც ჩამოიშორეს გზიდან და მომავალ ჩემპიონთან - სამხრეთ აფრიკასთან ვერაფერი გააწყვეს. მესამე ადგილისთვის რკენაში მასპინძელ საფრანგეთს გვარიანი ალიყური შემოარტყეს და სამშობლოს ბრინჯაოს მედლებით მკერდ დამშვენებულნი დაუბრუნდნენ.

სამი ერის კარი არგენტინისთვის მხოლოდ 2012 წელს გაიღო, რასაც წინ უსწრებდა 2011 წლის მსოფლიო თასზე მორიგი წარმატებული გამოსვლა და მეოთხედფინალში მომავალ მსოფლიო ჩემპიონ ზელანდიასთან მარცხი.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა „მხოლოდ“ მეოთხე ადგილს დასჯერდა, უამრავი მაყურებელი და მათ შორის, მეც, მოხიბლა საოცრად სანახაობრივი და ლაღი თამაშით, ვაჟკაცური შემართებითა და გამარჯვების მოპოვების დაუოკებელი წყურვილით.

არგენტინული რაგბის თავკაცობამ საშვილიშვილო საქმეს ჩაუყარა საფუძველი, როცა 2015 წელს დაარსებულ ბუენოს-აირესის „იაგუარებში“ ნაკრების ძირითადი ბირთვს მოუყარა თავი და 2016 წლის სუპერ რაგბის გათამაშებაში ჩართო.

დაახლოებით ორი კვირის წინ შედგა ზე რაგბში „იაგუარების“ დებიუტი, როცა ისინი სამხრეთ აფრიკის „ჩიტასს“ სამხრეთ აფრიკაში ეწვივნენ და გვარიანი ბრძოლის შემდეგ 1 ქულის სხვაობით, 34-33 დაამარცხეს. საწყის წუთებში არგენტინელებს სათამაშო დისციპლინის დარღვევისთვის გუნდის ორი ლიდერი - მარტინ ლანდახო და ნიკოლას სანჩესი გაუსინბინეს, რითაც კარგად ისარგებლეს აფრიკელმა „ავაზებმა“ (სწორედ ავაზაა ( თუ გნებავთ გეპარდი) ამ გუნდის სიმბოლო) და 21 ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ. შემდეგ „იაგუარებმაც“ გამოაჩინეს კბილები და შეტევები გაამძაფრეს. ხაზს კარაქივით ჭრიდა სებასტიან კორდერო, მაღალ ბურთებზე ბრწყინავდა ტუკულეტი, რაქებში ტოლს არავის უდებდა ლავანინი და სანჩესი ფეხით თუ ხელით თამაშით თავგზას უბნევდა აფრიკელებს. განსაკუთრებით გამოსარჩევია გუნდისა სულის და გულის, კაპიტანი აუგუსტინ კრევის გარჯა, თვითონ ხომ მოეხსნა მოლს და ლელო დაამიწა, მეორედ მშვენივრად უპასა მარტინ ლანდახოს და ეს უკანასკნელიც შეფრინდა ჩათვლის მოედანში. მოგვიანებით ლანდახომ მეორე ლელოც დადო, როცა შეცვლაზე შესული ორლანდოს ჩინებული სლალომი დააგვირგვინა. და ბოლოს - გამოსარჩევია აფრიკელი პეტერსონის ულამაზესი გარღვევა, თუმცა იმ დროისთვის არგენტინელები სრული შემადგენლობით არ იმყოფებოდნენ მინდორზე. მოკლედ პირველი თამაში საოცარი გამოდგა, ორივე გუნდმა ჩინებული რაგბი შემოგვთავაზა და ღირსეულმა გაიმარჯვა.

დებიუტი შედგა, წინ კი მთელი გათამაშებაა, თუმცა როგორც ჩანს „იაგუარები“ არავისთვის იქნებიან იოლი „ნადავლი“. არგენტინის რაგბის განვითარება კი მართლაც ავაზის სისწრაფით მიიწევს წინ. თავად განსაჯეთ, მთავარი გუნდი 4 ერს თამაშობს, ა ნაკრები ამერიკის 6 ერში იმაღლებს კლასს, კლუბი სუპერ რაგბის გათამაშებაშია ჩართული...

ჩემს სიმპათიას არგენტინელების მიმართ აძლიერებს მათი დადებითი განწყობა ქართული რაგბის მიმართ. თვითონ განსაჯეთ, ჯერ „ბორჯღალოსანთა“ უმთავრესი ნაკრები ისტუმრეს სამშობლოში 2013 წელს, ცოტა ხნის წინ კი ჩვენმა ახალგაზრდებმა დააჭაშნიკეს არგენტინული სტუმართმოყვარეობა.

ვინ იცის იქნებ არც ისე შორს იყოს ჟამი როცა საქართველოში აჟღერდება არგენტინის ჰიმნი და ჩვენს ბიჭებს მათი მთავარი ნაკრები შეერკინება...

ავტორი  -  შალვა
ბეჭდვა