ქართველი გულშემატკივრები-ტრადიციები და მიმბაძველობა
AutoSharing Option
13:01 22-06-2017

ქართული დერბის შემდეგ სტადიონზეც და სოციალ ქსელებზე ისევ განახლდა დაპირისპირება ორი გუნდის ქომაგებს შორის.  ერთგან გადავაწყდი ერთ-ერთი ''ფანის''ტექსტს,რომელში იყო  სრული ისტერიკა  და გაუგებარი გინება (counter strike-ის ჩათის ენით ) მოწინააღმდეგე გუნდის მისამართით.

სამწუხაროა,რომ დაპირისპირება გულშემატკივრებს შორის სტადიონებზე და ქუჩებშიც  ხდება,მაგრამ ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მახინჯი ფორმა მიიღო ინტერნეტში.

ბოლო დროს ქართულ სტადიონებზე  აქტიურად დამკვიდრდა ევროპული(ძირითადად აღმოსავლეთ ევროპული) ტენდენციები. იქმნება დაჯგუფებები,რომლებიც ძირითადად მემარჯვენე ნაციონალისტური შეხედულებების არიან. ამ ჯგუფებს შორის ბევრი  დაპირისპირება მოხდა ვირტუალურ სივრცეში და რამდენიმე ქუჩებშიც.

უსიტყვოდაც შევთანხმდეთ,რომ დღეს არ ვაპირებ ბანალური ფრაზა გავიმეორო:'' ქართველები ვართ, რა გვაჩხუბებს'' ამის ნაცვლად ვეცადოთ განვიხილოთ დაპირისპირების მიზეზები და მისი მნიშვნელობა. არც იმას ვაპირებ ზედმეტად მშვიდობისმოყვარე ნეოლიბერალივით იმის მტკიცება დავიწყო,რომ მტრობა და სიძულვილია ცუდია. ჩვენ ვიცით,რომ ვისაც უყვარს იმას სძულს კიდეც.

ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიე ევროპული კლუბი,რომელთა ფანებიც ერთმანეთს მტრობენ და ხშირად სისხლიან დაპირისპირებას აწყობენ, მაგრამ ამ დაპირისპირების მიზეზებს თუ ჩავყვებით ამ ყველაფრის საფუძველსაც აღმოვაჩენთ.

პირობითად რამდენიმე კატეგორიას გამოვყოფთ:

1. გუნდები,რომლებიც ეთნიკური შუღლის გამო ვერ იტანენ ერთმანეთს. (მსგავსი მაგალითების უამარავი შეგვიძლია ვნახოთ იტალიაში, ესპანეთში ა.შ. )

2 რელიგიური შუღლი ( გლაზგოს დერბი ამის კარგი ნიმუშია. პროტესტანტები კათოლიკეების წინააღმდეგ).

3. სოციალური, კლასობრივი-მდიდარი უბანი-ღარიბების წინააღმდეგ ( ამგვარი განსხვავებები უფრო წარსულში იყო შესამჩნევი. მაგალითად ‘’ოლიმპიაკოსაა’’ და ‘’პანათინაიკოსს’’ შორის ან ‘’რივერი’’ ‘’ბოკას’’ წინააღმდეგ).

4. პოლიტიკური ( მაგალითად ესპანეთში ყველასთვის გასაგებია,რომ ქალაქები,რომელიც ფრანკოს არმიამ ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გაანადგურა, ვერ იტანენ მადრიდის ‘’რეალს’’).

მარტივად აღმოვაჩენთ,რომ ქუთაისელ და თბილისელ გულშემატკივრებს დაპირისპირებისთვის არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი არ აქვთ.

ერთადერთი შეგვიძლია განვიხილოთ პროვინციული შუღლი. ეს ფაქოტრი ცხადია, მხოლოდ რეგიონს-ამ შემთხვევაში ქუთაისს არ მიემართება. პროვინციული, ჩაკეტილი აზროვნება, საცხოვრებელ ადგილზე არაა დამოკიდებული. მისი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოხატულება კი სწორედ სხვების, თუნდაც ევროპული, გამოცდილების უკრიტიკო კოპირება და მიმბაძველობაა.

მოკლედ, რეალურად ქუთაისელ და თბილისელ ფანებს შორის რეალური სიძულვილის მიზეზი არ არსებობს. იქნებ  ამიტომაც არის რომ მათი დაპირისპირება ვირტუალურ სივრცეში უფრო ''სასტიკია'', ვიდრე ქუჩებში ? (აქვე გამოვთქვამ იმედს,რომ ამ მეგობრული კრიტიკისთვის მეც ვირტუალურ სივრცეში  არ გამირჩევს ვინმე საქმეს).

ბოლოს მინდა, გამოვხატო დიდი პატივისცემა ყველა გულშემატკივირისადმი, ვინც სტადიონზე დადის, მღერის, გული უცემს მისი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის.

ვინც არ წამოეგება, კოპირებულ ტრადიციებს და იცის რას ნიშნავს ქართული ქომაგობა( და ქართული ქომაგობა მზესუმზირის ჭამა ნამდვილად არაა. ყოველშემთხვევაში ასე არ იყო, როცა თბილისის ''დინამოს'' თამაშებზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასწრება იყო საბჭოთა კავშირის და ევროპის მაშტაბით, ან მაშინ,როცა ქუთაისში ხალხი ელექტრო განაეთების ანძებიდან უყურებდა თამაშს).

ვინც, იცის,რომ მტერი მისნაირი გულშემატკივარი კი არა,  ის რამდენიმე ელიტარული ბიზნესმენი და ჩინოვნიკია,რომელიც ქართულ ფეხბურთს წლებია ანადგურებს, თავისი ჯიბის გასასქელებლად, თუმცა ეს ვრცელი თემაა და მერე იყოს.

წარმატებები ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე.

ნიკო ეგნატეშვილი

ავტორი  -  ნიკო
ბეჭდვა