აპოლონის საწყისები (პირველი ნაწილი)
AutoSharing Option
19:32 30-07-2017

ფრიდრიხ  ნიცშე თავის წიგნში   “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან” ორ  ბერძნულ ღვთაებას გვიხატავს.  დიონისეს და აპოლონის სახით  გვიჩვენებს ცხოვრების ორ განსხვავებულ საწყისს.

აპოლონი ბერძნულ მითოლოგიაში   უცვლელი, აუმღვრეველი ფორმებისა და ჰარმონიის ღვთაება გახლდათ.  ერთი მხრივ ბერძენი აპოლონური საწყისებით  აღიქვამდა სამყაროს,  გაბრუებული მაცდური ''რეალური'' მოვლნებით.  ტკბებოდა  წარმტაცი ღვთაების ხიბლით ჭვრეტდა ჰარმონიასა და სილამაზეს. არაფრად აგდებდა  ცხოვრების მანკიერებებს.

დიონისური საწყისების  შემოჭრამ ყველაფერი უკუღმა დააყენა,   რადგან თვალნათლივ აჩვენა ადამიანური ყოფის ამაოება. ტკივილებისგან, ამქვეყნად ცხოვრების  საშინელებების შემყურე ბერძენს  თავი შუალედური  სამყაროსთვის, ოლიმპოსთვის უნდა შეეფარებინა.  დიონისური საწყისი არის კავშირი  ადამიანსა და ბუნებას შორის, რომლის წარმმართველი მოტივია თრობა.


არავინ, იცის საიდან დაიწყო აპოლონის გრძელი გზა. ჩვენ ვიცით ნიდერლანდები . მისი გამოჩენა ამსტერდამის აიაქსში, მისი დამათრობელი, მაგრამ ხანმოკლე გაელვება როტერდამში. მერე იგი ისინჯებოდა შალკეში, მარსელში, მისი გზა გაგრძელდა ბოსნიაში, ხორვატიაში, რუდარი, გორიცა მისი დროებითი გაჩერებები იყო. პორტუგალიის ოლანენსე , შემდეგ ოდისია ინდონეზიაში. იყო პერიოდები,როცა აპოლონი საერთოდ გაქრებოდა,მაგრამ ხან კოსოვოს მე-4 ლიგის აუტსაიდერ ალბანელ ვეფხვებში გამოჩდებოდა, ხან მორდოვიას რამაშკაში. თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ ნებისმიერი ევროპული ქალაქი კალინინგრადიდან კოპენჰაგენამდე და მე გეტყვით ამ ქალაქის რომელ კლუბში ირჯებოდა, ჩაუქობდა, ესთეტობდა, იბრძოდა, ანგრევდა, შლიდა, აწყობდა ... აპოლონი.
შეგიძლიათ საძიებო სისტემაში მოძებნოთ მისი სახელი: აპოლონ ლემონჯავა. ყველა შედეგი განსხვავებულია, მისი განვლილი გზის ზუსტი კოორდინატები -უცნობი. აპოლონ ლემონჯავა  მოედანზე   განასახიერებს უძრავ ჰარმონილობას, კლასიკურ მშვენიერებას . იქნებ ის არის  უკანასკნელი ფეხბურთელი ვინც თანამედროვე ფეხბურთში აპოლონური საწყისებით იმართება, თუმცა სწორხაზოვნება არ ივარგებს, ის დიონისეცაა.
მე და ჩემი მეგობარი  ალიკა უკვე წლებია აპოლონის კვალს დავეძებთ. წლების შემდეგ აღმოვაჩინეთ,რომ იგი რუსეთის  9 კაცა ფეხბურთის ჩემპიონატის  კლუბში  გადავიდა.  კლასიკურ 11 კაციან კლუბებში არასოდეს აღმოჩნდა აპოლონის ადგილი, თუმცა 9 კაცს შორის კი დამკვიდრდა. მაშინვე იუთუბზე მოვძებნეთ სტრიმები და აღმოვაჩინეთ თამაშის ჩანაწერი. სამწუხაროდ აპოლონი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო,მაგრამ სადღაც მატჩის მიწურულს გასიმა სრულიად ჯადოსნური სიტყვები: Игру может освежить Апполон Лемонджава.

ავტორი  -  alik
ბეჭდვა