პირველი სიყვარული
AutoSharing Option
15:51 17-09-2017

არ ვიცი რამ გამახსენა, ან რატომ წამოყო თავი ამდენი ხნის შემდეგ ასე უცბად და უმიზეზოდ, იქნებ უგუნებოდ ვიყავი და მომაგონდა, ან რამე უინტერესოს ვაკეთებდი და დრო იხელთა, მრავალრიცხოვანი მოგონებებიდან უმიზეზოდ ამოისვეტა ის დაუვიწყარი და სიკვდილის ბოლომდე თან სატარებელი - ჩემი პირველი სიყვარული, პირველი საფეხბურთო სიყვარული.

ყველაფერი 98 წლის ცხელ ზაფხულში დაიწყო. თავიდან გაცნობა, ურთიერთ შეფასება, ეგრევე გარეგნობით გამორჩევა, მისი ყოველი ნაბიჯის და დეტალის ამოცნობა და მერე აზვირთებული გრძნობა მოდის, გრძნობა რომელიც არ და ვერ გაძინებს და გინდა შეყრის დრო მალე მოვიდეს. გრძნობას რომელსაც თავიდან ბედნიერების გემო დაჰკრავს და მერე შიძლება გაგიმწარდეს, გაცრემლიანოს. დიახ, 1998 წლის ზაფხული იდგა და ჩემი პირველი საფეხბურთო სიყვარულს, ჰოლანდიის ნარინჯისფერ ნაკრებს შევხვდი.

პირველი დიდი ფორუმი რომელიც დამამახსოვრდა აშშ შედგა და ბევრი არაფერი, მხოლოდ გვიან ღამით გამართული თამაშები, რომელთა ნახვის გამო ძილს იშვიათად ვიკლებდი და კიდევ რობერტო ბაჯოს ცად აფრენილი პენალტი მახსოვს. მერე ევროპის ჩემპიონატი, თმაგრძელი ჩეხები და საფრანგეთი კარში ეგზოტიკური ბერნარ ლამათი, აქაც უგრძნობლად და უხერხემლოდ ჩაირა ყველაფერმა. ხოლო როდესაც უკვე მზად ვიყავი შესაყვარებლად, დაიწყო დიდი დღესასწაული, სადაც მსოფლიოს საუკეთესო, სხვადასხვა სილამაზის მქონე ნაკრებები იწონებდნენ თავს და მეც საქართველოში მივეჯაჭვე დიდ კუზიან, ფერად, უპულტო ტელევიზორს და ფართოდ გახელილი თვალებით ვეძებდი სასურველ ნაკრებს. სპეციალურად ნაყიდი კალენდარი მქონდა, სადაც დიდი მონდომებით ვიწერდი შედეგებს და ჩემპიონატიდან ერთი წლის მერეც ყველა თამაშის ანგარიში ზეპირად მახსოვდა. მახსოვდა სტადიონებიც სადაც თამაშები ტარდებოდა...

პოპულარობით ყველას ბრაზილია ჩრდილავდა, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ახალგაზრდა თავხოტორა ლიდერით, რომელსაც ყველა იცნობდა და ყველა აღმერთებდა. მაგრამ დაიწყო ჩემპიონატი და გოლი ჩემდა გასაკვირად არა რონალდომ, არამედ ვინმე სესარ სამპაიომ (ამ კაცს უბანში ცეზარას ვეძახდით და მსოფლიოზე 5 გოლი გაიტანა, მაგრამ მას შემდეგ არასდროს გამიგია მის კარიერაზე) შეაგდო და მერე ავტოგოლი და უფერული გამარჯვება შოტლანდიასთან. არაფერი გასაგიჟებელი და ფერადოვანი, ხოდა ნელ-ნელა გახუნდა ბრაზიალია ჩემთვის და ჯგუფურ ეტაპზევე ჩამოიწერა ნორვეგიასთან მარცხის გამო.

პირველი სიმპატია კი პირველ დღესვე გამიჩნდა, არც მეტი და არც ნაკლები მაროკო და მუსტაფა ჰაჯი მომივიდა თვალში, ძალიან ტექნიკური და არაპროგნოზირებადი, არაბული სულით და ავანტურული ფეხბურთით. ნორვეგიასთან ფრედ ითამაშეს, შოტლანდიას სულაც 3-0 მოუგეს და ბრაზილიასთან წააგეს, მათი ბედი ბოლო ტურში წყდებოდა, ბრაზილიას ნორვეგიასთან ფრე მაინც უნდა ეთამაშა, მაგრამ წააგო მსოფლიო ჩემპიონმა და მაროკოც ჯგუფში დარჩა. ხოდა მას შემდეგ არც მახსოვს სხვა თამაში მაროკოსი თუ ვნახე ან ვინმე სხვა ფეხბურთელი თუ ვიცი მუსტაფა ჰაჯის გარდა.

ნელ-ნელა მიდიოდა პირველი ტურის მატჩები, ვარსკვლავურმა იტალიამ ვერ მოიგო, მასპინძელმა საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკას მოუგო და 3-0 და სამიდან ორი გოლი პიერ ისამ შეაგდო თავის კარში. არც სხვა თამაშებმა გადამრია მაინცდამაინც და მერე იყო ის გუნდი რომელმაც მიმიზიდა, შავ-შავი ბიჭების ნიგერია თავისი ჯეი-ჯეი ოკოჩათი, სანდი ოლისეთი და თავზე მწვანე ბუჩუჩ მიმაგრებული ტარიბო ვესტით. დააგორა ნიგერიამ ჯერ ესპანეთი, მერე ბულგარეთი, მერე კიდე ერთი კაცური კაცის, ხოსე ლუის ჩილავერტის პარაგვაისთან დამარცხდა. მერვედფინალში ჩემდა სამწუხაროდ დანიასთან შერცხვა...

ჯგუფური ეტაპზე ნელ-ნელა გამოიკვეთა ფავორიტები ჩემთვის, ინგლისი თავისი ალან შირერით, არგენტინა ბატისტუტა-ორტეგას წყვილით და კარში რაღაცნაირად უცნაური კარლოს როათი, პარაგვაი ჩილავერტის გამო და როგორც უკვე ვთქვი ნიგერია. ხო რა თქმა უნდა ჰოლანდია, პირველ რიგში თავისი უცნაური გარეგნობის გამო, ნარინჯისფრებში გამოწყობილი ქათქათა თეთრი და ავაზასავეთ შავი ბიჭები ყავდა ჰოლანდიას და ფეხბურთი ხო ნუღარ იტყვით განსხვავებული და აზარტული იცოდნენ.

ხო ჰოლანდია მაინც სხვა იყო, აყლაყუდა მეკარით დაწყებული და სათადარიგო სკამზე ულვაშა სპეციალისტით დამთავრებული. მისი მშვენება, მთავარი მშვენება კი 8 ნომრიან მაისურში გამოწყობილიყო, საოცრად ათვინიერებდა ბურთს, გოლებიც გაჰქონდა, პასებსაც არიგებდა - დენის ბერგკამპი, აისმენად (Iceman) წოდებული. განა მარტო ის იყო, თავხოტორა სტამი და ძმები დებურები, ძმებივით ერთი ზომის და კანის ფერის ზეედორფი და დავიდსი, რეაქტიულად მორბენალი ოვერმარსი, ტანმორჩილი ზენდენი და 9 ნომრიანი ცენტრალური თავდამსხმელი კლუივერტი.

გამორჩეულად ბევრი თამაში მახსოვს საფრანგეთიდან, მაგალითად საფრანგეთი - პარაგვაი, სადაც ბურთი არ შედიოდა პარაგვაის კარში, სადაც მეკარე კი არა თითქოს რკინის კაცი იდგა და მზად იყო ნებისმიერი ბურთის ასაღებად, მარტო ასაღებად კი არა, გოლის გასატანადაც იწევდა თუ შანსი ექნებოდა. ახლოვდება პენალტების სერია და ვხედავდი როგორ ნერვიულობდნენ ფრანგები, დღემდე დარწმუნებული ვარ რომ პარაგვაი მოიგებდა პენალტებამდე რო მიეღწია.

ტურნირის მშვენება იყო ინგლისი-არგენტინა, დაძაბული ფონით, ნერვიული ატმოსფეროთი, ბექჰემისა და სიმეონეს ეპიზოდით.

ან გერმანია-ხორვატიას რა დამავიწყებს, 85-ე წუთამდე რო მეუბნებოდა მამაჩემი რო გერმანიისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ჯერ არაფერია დამთავრებული და გერმანიას უარესებიც შემოუტრიალებია და 85 წუთზე შუკერმა წერტილი დაუსვა გერმანიის წინსვლას.

ყველაზე სიხარულით მაინც ჰოლანდია მაგონდება იუგოსლავიის წინააღმდეგ. მახსოვს რა მაგრად თამაშობდა დავიდსი და ბიძაჩემს დავენიძლავე რომ ჰოლანდია მოიგებდა და გოლს დავიდსი შეაგდებდა, ბიძაჩემმა კი შემომხედა და მაგ შენ კიკინა ზანგს იუგების ჯოროვიჩიც კი ჯობიაო. ხოდა როგორ გამაცია როცა კუთხურზე ჰოლანდიის საჯარიმოში ჩასულ ჯოროვიჩს ცოტა დააკლდა გოლამდე და როგორ გიჟივით ვყვიროდი როცა ბოლოსკენ ედგარმა შორიდან დააქუხა და გაიტანა... და მე ეს გოლი დღემდე უფრო მიყვარს ვიდრე ფრანკ დებურის 60 მეტრიანი პასი და აისმენის გოლი შედევრი არგენტინასთან.

მარსელის ველოდრომზე შედგა თამაში, რომელზეც თავი ვერ შევიკავე და დე ბურის პენალტის შემდეგ გარეთ გავვარდი, არ მინდოდა ცრემლი შეემჩნია ვინმეს. თითქოს სიზმარში ვიყავი, ჰოლანდია დამარცხდა, მაგრად იბრძოლა, მაგრამ მაინც დამარცხდა. დამარცხდა ძალიან მაგარ გუნდთან რომელიც უკვე სესარ სამპაიოს გუნდი არ იყოს, ის დიდი გუნდი რონალდოს გუნდი იყო, რივალდოსი და კიდე სხვა მაგარი ბიჭების. დღემდე მჯერა რომ ჰოლანდიას საფრანგეთი კუთხურიდან გოლს ვერ გაუტანდა და 3-0 არ წააგებდა. მჯერა რომ ბრაზილიას ისე რომ ეთამაშა როგორც ჰოლანდიასთან - ჩემპიონი გახდებოდა, ფინალში ბრაზილია - ბრაზილია არ იყო. ველოდრომზე დასამარდა ნარინჯისფერთა ჩემპიონობის ამბიცია და მესამე ადგილისთვის თამაში მათთვის ფარსი იყო, წინასწარ წაგებული სუპერ მოტივირებულ ხორვატიასთან.

და დასრულდა ჩემპიონატი, ჩემთვის დღემდე საუკეთესო და სანახაობრივი, დიდი გუნდების ჯახითა და უფერული ფინალით. საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის პირველი დიდი საფეხბურთო ფორუმი იყო და ჰოლანდია პირველი საფეხბურთო სიყვარული, რომელიც ხშირად მარადიული არ არის, დიდხანს არ გრძელდება აი კვალს კი მაგრად ტოვებს.
ავტორი  -  შალვა
ბეჭდვა