რატომ გვჭირდება ჯადოქარი
AutoSharing Option
13:56 10-11-2017

როგორც შევიტყვეთ ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 წელი გაწვრთნის. ეს ინფორმაცია დიდი ხანი ვრცელდებოდა, რამაც გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შემდეგ გაჩნდა ცნობა, თითქოს ვაისი სერბეთის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი პირველი კანდიდატი იყო, რამაც მისი მოწინააღმდეგეების კრიტიკა შედარებით შეარბილა. ძალიან უცნაურია, სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე რომელმა მწვრთნელმაც გაიყვანა მოხსნეს და იმავე ჯგუფში ვერცერთი თამაში რომ ვერ მოიგო, იმ მწვრთნელისთვის უნდა ჩაებარებინათ გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გასაყვანად. წარმოიდგინეთ რა რეაქცია ექნებოდათ ამ ამბავზე სერბ გულშემატკივარს.  დაუფიქრებლად რომ წერდა ყველა, ინფორმაცია საკმაოდ რეალურიაო, როგორ შეიძლებოდა ეს ამბავი რეალური ყოფილიყო. მოკლედ ამ ინფორმაციის გავრცელებამ მიანელა გულშემატკივრების ბრაზი. ვაისმა გაახანგრძლივა ხელშეკრულება საქართველოს ნაკრებთან.

ჩემი აზრით ეს გადაწყვეტილება არის შეცდომა. არ შეიძლება 2 წლის მუშაობის შემდეგ მწვრთნელს გაუხანგრძლივო ხელშეკრულება, მაშინ როდესაც ერთი ოფიციალური თამაშიც არ მოუგია. ეს ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ ვაისმა არ იცის როგორ მოიგოს საქართველოს ნაკრებით თამაშები, თორემ ერთხელ მაინც გამოუვიდოდა ეს ოფიციალურ თამაშში. ფედერაციის და ვაისის მომხრეების ერთი არგუმენტი ისაა რომ გუნდი ფრაგმენტულად კარგად თამაშობს, ხოლო მეორე ის რომ „ბურთის დაჭერა“ ვისწავლეთ. პირველზე პასუხი ის არის, რომ ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება, ხოლო მეორეზე ის, რომ ქეცბაიას გაწვრთნილი ნაკრების შემდეგ ძალიან გვიხარია ბურთის დაჭერა. ქეცბაია მცველს ეუბნებოდა ბურთი მოიგერიეო, ვაისი კი პასს ითხოვს. გემოვნების და მწვრთნელის ხედვის საკითხია თორემ ქეცბაიას, რომ ნდომოდა ალბათ ბურთს მისი გუნდიც დაიჭერდა. უბრალოდ ის თვლიდა, რომ ვერ დაიჭერდნენ, ბურთი სახიფათო ზონაში დაიკარგებოდა და ეს უფრო მეტ ხიფათს შექმნიდა. როგორც დრომ აჩვენა, ქეცბაიას ტაქტიკა უფრო შედეგიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მომწონდა მაშინდელი ნაკრები. როგორც ამბობენ ფეხბურთში უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს, მაგრამ მაინც არ მინდა ბევრი ვილაპარაკო იმაზე თუ რატომ წუწუნებს ვაისი ფეხბურთელების არასაკმარის პრაქტიკაზე გუნდებში, მაშინ როდესაც არ იძახებს იმ ფეხბურთელებს რომლებსაც სათამაშო დრო აქვთ, და სავსე ყავს ნაკრები ფეხბურთელებით, რომლებიც არ თამაშობენ გუნდებში.

კიდევ ერთი არგუმენტი ვაისის სასარგებლოდ, რომელზეც ღიად არავინ ლაპარაკობს არის ის, რომ თუ ფედერაცია ვაისს გაუშვებს ძალიან გაუჭირდება სხვა მწვრთნელის მოძებნა. სხვა უცხოელი მწვრთნელის მოყვანა აფსურდული ნაბიჯი იქნებოდა, ( ამ ხელფასზე კარგი არც არავინ ჩამოვა), ხოლო ქართველი მწვრთნელის დანიშვნას კი ვერ რისკავენ. ვფიქრობ 21 წლამდელთა ნაკრებში გია გეგუჩაძეს რომ წარმატებით ემუშავა, სხვა სიტუაცია გვექნებოდა.  იდეაში ცეცაძის კანდიდატურის გარდა სხვა ვარიანტი არც არსებობს. ვიცით რომ არველაძეებთან იდეალური ურთიერთობა არ აქვს ფედერაციას და ეს შოთა არველაძის კანდიდატურას გამორიცხავს, ცხადაძის დაბრუნებაც ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებს მათ. ცოტა მესმის კიდეც რატომაც ვერ უშვებენ ვაისს. ვფიქრობ აქ სიტუაცია ცხადზე ცხადია. ქართველი მწვრთნელია საჭირო, მაგრამ ამისთვის ხიფათის სიყვარულია საჭირო, თუ არ გარისკავ არაფერი გამოგივა, მითუმეტეს ჩვენი დონის ნაკრებს.

მაგრამ აქ პრობლემა და შეკითხვა მე სულ სხვა რამე მგონია. ვინ არის პასუხისმგებელი ნაკრების წარუმატებლობაზე? ლევან კობიაშვილმა ქართველი მწვრთნელის ხელში მოთამაშე ძალიან კარგი ნაკრების მწვრთნელი მოხსნა. მცირე თანხაზე იყო ლაპარაკი, არ ღირდა ცხადაძის გაშვება. მართალია ამ პროცესის დაწყების დროს ცხადაძემაც დაუშვა შეცდომები, მაგრამ რეალურად კობიაშვილს შეეძლო ცხადაძის შენარჩუნება. არასწორია ისიც რომ ვაისი ხელფასის ოდენობა არ ხმაურდება, ამ ყველაფრის მერე და არც არავინ კითხულობს დიდად.  რატომ გარისკა მაშინ ეს ფედერაციის პრეზიდენტმა? ვერაფერს ვიტყოდით ვაისის წარამტებული მუშაობის შემთხვევაში, მაგრამ ამ ციკლის ჩაგდება ლევან კობიაშვილის პირადი პასუხისმგებლობაა. ეს ციკლი იყო ალბათ ყველაზე კარგი შანსი, ჩვენი ნაკრებისთვის, გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა და ჯგუფიც ყველაზე იოლი შეგვხვდა რაც კი შეიძლებოდა შეგვხვედროდა.  ფედერაციის პრეზიდენტს ხალხი რომ ირჩევდეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის და კი ვიცით ვინც ირჩევს ფედერაციის პრეზიდენტს.

მოკლედ დღეს ქართულ ფეხბურთს ყველაზე მეტად რაც აკლია, ეს არის კრიტიკა და საფუძვლიანი ანალიზი. სამწუხაროდ ჩვენ ვამბობთ, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კი პარლამენტარობას ითავსებს.  ვისაც ორ სამსახურში გიმუშავიათ, ალბათ მიხვდებით რას ვგულისმობ. შეურაცყოფას არ ვაყენებ არცერთ სპორტს, მაგრამ ფეხბურთია მკლავჭიდი კი არა?! კობიაშვილი რომ სუფთა კაცია მაგაში ეჭვი ალბათ არასდროს შემეპარება, მაგრამ ქართული ფეხბურთის წუმპიდან ამოსათრევად ეს საკმარისი არაა.

ვაისი როგორი მწვრთნელია მინდორზე ამაზე ბევრი არაფერი მითქვამს და დიდად არც ვერჩი, უბრალოდ შეუძლებელია საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიახწიოს ქართველი მწვრთნელის გარეშე, დღეს მდგომარეობა ესეთია.

არც მე მგონია, რომ ნაკრების მთავარი პრობლემა ვაისი იყოს. ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები რომლებიც მაღალ დონეზე თამაშობენ, ჩვენ არ გვაქვს მაღალი დონის შიდა ჩემპიონატი, აი ზუტად ამიტომ გვჭირდება ჯადოქარი. ქართველი მწვრთნელი რომელსაც ქართული ფეხბურთის მაჯაზე უდევს ხელი. სწორედ იმიტომ მიაღწია ვაისმა წარმატბას სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად, რომ ის იმ ორგანიზმის ნაწილი იყო. სლოვაკებმა თავისი ნაკრების მწვრთნელად სლოვაკი ახალგაზრდა მწვრთნელი დანიშნეს და შედეგიც მოვიდა, ჩვენ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშებ მწვრთნელებს ვეპოტინებით. სლოვაკების შედეგის გამეორება ვაისის პერსონის დანიშვნით გვინდოდა, სინამდვილეში სლოვაკების წარამტება რომ გავემეორებინა მათთვის უნდა მიგვებაძა და ქართველი მწვრთნელი დაგვენიშნა ეროვნულ გუნდში.

ავტორი  -  ბექა
ბეჭდვა