საქართველო და ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგი
AutoSharing Option
15:53 20-01-2016

დღეს, 2016 წლის 20 იანვარს, რაღაც აბსურდული მიზეზით თვალი გადავავლე ფიფას რეიტინგს და საქართველო  120-ე ადგილზე აღმოვაჩინე. მე პირადად სულაც არ ვეთანხმები საქართველოს ასეულში არ ყოფნას და მიმაჩნია, რომ არათუ ჩვენი ეროვნული ნაკრები, არამედ ნებისმიერი მოწინავე ქართული კლუბი დაამარცხებს ჩადსა და მავრიტანიას, მალავისა და ომანს და ეს ქვეყნები რეიტინგში გვისწრებენ. რეიტინგი ჩანასახშივე ცდება, როცა პირველ ადგილზე ბელგიის ნაკრებს მიაკუთვნებს (მიუხედავად იმისა, რომ ბელგიას მშვენიერი საფეხბურთო თაობა ჰყავს), ხოლო ათეულს ავსტრია ხურავს. ამ დროს იტალია მე-15 საფეხურს იკავებს და მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ საფრანგეთს სულაც 25-ე ადგილით უწევს დაკმაყოფილება.

 

საწყისი აღშფოთების შემდეგ, ჩემს გუნებაზე გადავაწყვე ქვეყნები რეიტინგში და საქართველო ასეულში მოვახვედრე, თუმცა სასიხარულო ნამდვილად არაფერია იმაში, რომ სიაში არსებულ 204 ქვეყანას შორის სადღაც 80-ე ან 90-ე პოზიციაზე იმყოფები.

 

მიუხედავად ჩვენი ნაკრების ბედოვლათობისა, მიუხედავად უინტერესო ეროვნული ჩემპიონატისა, ქართული კლუბების ევროასპარეზზე პერმანენტული უნიათობისა და საფეხბურთო ჩინოვნიკთა მხოლოდ არჩევნების დროს აქტიურობისა, საქართველო მაინც რჩება ქვეყანად, სადაც ეროვნული ნაკრების ზედიზედ ორი წაუგებელი თამაშის მერე „დინამო არენა“ გაივსება და ქართული კლუბის მიერ პირველი შესარჩევი ეტაპის გადალახვის შემდეგ „ჩემპიონთა ლიგის“ კონტურები გამოიკვეთება.

 

მაგრამ რა იქნება მაშინ, როცა ნაკრები შესარჩევ ციკლში ვერც ერთი მეტოქის გამწარებას ვეღარ შეძლებს? ან მაშინ როცა ქართული კლუბთან ყაზახები აშკარა ფავორიტები იქნებიან? იქნება კი საქართველოში ფეხბურთი? ალბათ ამაზე უარეს დღეში საფეხბურთო საქართველო არ ყოფილა...

 

ქვემოთ გადავწყვიტე მოვიყვანო ის ფაქტორები, რის გამოც დღეს ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში 120-ე ადგილზე ვართ. მაშ ასე, ფეხბურთელები:

 

  • ძალიან ცოტა ფეხბურთელი წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში - მჭედლიძე იტალიის სერია A, კანკავა საფრანგეთის ლიგა 1, ყაზაიშვილი და კაშია ჰოლანდიის ერედივიზიონი. ჩამოთვლილთაგან, მჭედლიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და იშვიათად თამაშობს, კანკავას გუნდი გასავარდნ ზონაშია (ჯაბას ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის), კაშია სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა და ბოლო პერიოდში, მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილი დაიკვეხნის წარმატებული თამაშით.
  • დაკარგული თაობები - არც თუ დიდი ხნის წინ საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან და ინგლისთან მოხვდა და... ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა. ჯერ მაისურაძის, შემდეგ ცეცაძის ბიჭებმა იმედი ჩაგვისახეს, ნათელი მომავალზე დაგვაწყებინეს ფიქრი, თუმცა როგორც აღმოჩნდა წარმატებულ დასაწყისს შესაბამისი გაგრძელება არ ეწერა.
  • გაფლანგული ნიჭი - დღესაც თვალწინ მიდგას მალხაზ ასათიანის თამაში დანიის ნაკრების წინააღმდეგ, მახომ იმ თამაშში იფრინა და ჩვენთვის ზინედინ ზიდანს გაუტოლდა. ვერ გახდა ასათიანი ვერც ზიდანი და ვერც ყიფიანი, არადა შეეძლო...

 

მერე გამოჩნდა სანდრო იაშვილი, ქართველი ქომაგებისგან თავით მაგრად თამაშის გამო ოლივერ ბირჰოფს შედარებული და მასზე უკეთესიც, რადგან ფეხითაც მაგრად თამაშობდა სანდრო. თითქოს არველაძისგანაც იბარებდა ნაკრების მთავარ მეგოლის მანტიას, მაგრამ არ შედგა მისგან არც ბირჰოფი და არც არველაძე, სამწუხაროდ არ შედგა.

 

მახსოვს თბილისის ლოკომოტივის თამაშზე წერდნენ ჟურნალისტები, ლოკომოტივში მოთამაშე პატარა მარგალიტზე და ვნახე მეც. გამაოცა ჯერ უწვერულმა ლევან ყენიამ და დიდი იმედი გამიჩნდა. ლევანი შალკეშიც მოხვდა, თუმცა იმ შალკეს წევრი რეკიტიჩისგან განსხვავებით დღეს ჩეხურ სლავიაშიც ვერ არის წამყვანი ფეხბურთელი.

 

ყენიასთნ ერთად გამოჩნდა ლევან მჭედლიძე, მაღალი და ტექნიკური ფორვარდი, იტალიაში სერია ა დააჭაშნიკა და ბუფონსაც გაუტანა დიდოსტატურად, სანაკრებო დონეზე შოტლანდიის ნაკრების დამარცხებაში (ყენიასთან ერთად) შეიტანა ლომის წვლილი.

 

რაღა ბევრი გავაგრძელო, ანანიძე, ჭანტურია, თარგამაძე, ოქრიაშვილი, ვაწაძე - ნიჭი და უნარი ყველას გააჩნდა, მაგრამ ვერ შედგა მათგან დიდი ფეხბურთელი, რომელიც ლიდერობის ტვირთს მოიკიდებდა და გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვებოდა.

 

  • შრომისმოყვარეობა - იქნებ ჩვენს „ნიჭიერ“ ბიჭებს ყველაზე მთავრი აკლიათ, ის ნიჭი რის გარეშეც პროფესიონალი ვერ გახდები და დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. თავის თავზე მუშაობა მართლაც რომ გამორჩეული ნიჭია, რომელიც უხვად აქვთ მაგალითად გერმანელებს და მხოლოდ ერთეულებს საქართველოში. შეიძლება ვერ ასრულებდე პირლოს დარ გადაცემებს, არ გქონდეს ინძაგის საგოლე ალღო და მესის დრიბლინგი, მაგრამ ხომ შეიძლება მათზე მუშაობით ოდნავ მაინც გაიუმჯობესო უნარები? ბოლოს როდის ვნახეთ შორიდან დარტყმით გატანილი გოლი (სულ სამი მახსენდება ნაკრების თამაშებიდან, მუჯირი ფარერებთან, კანკავა გერმანიასთან და ოქრიაშვილი ირლანდიასთან) ან გოლი კუთხურის/ჯარიმის შემდეგ? ბოლოს როდის ვნახეთ მოედნის ცენტრიდან უკან დაბრუნების ნაცვლად 4-5 წინ პასი გაკეთდა? დავიჯერო რთულია ყოველ დღე ერთი საათი ივარჯიშო საჯარიმოში ჩაწოდების დახვეწაზე ან კარში ზუსტად დარტყმაზე? არადა ეს ხომ ელემენტარული საფეხბურთო ნიუანსებია, რომელიც ქართული ფეხბურთის არსენალში თითქმის არ არის და მისწრება იქნებოდა ჩვენისთანა პატარა ნაკრებისთვის.

 

კიდევ უამრავი წმინდა საფეხბურთო ნიუანსია, რაც განაპირობებს ჩვენი ფეხბურთის სავალალო მდგომარეობას, რომელსაც შემდეგ ნაწილებში შემოგთავაზებთ.

ავტორი  -  შალვა
ბეჭდვა