ქართული ფეხბურთი და გუჯა კახაძე
AutoSharing Option
23:51 10-02-2016

საქართველო ძალიან უცნაური ქვეყანაა და ამ უცნაურ ქვეყანაში ცხოვრობს ერთი უცნაურ-განსაკუთრებული კაცი - გუჯა კახაძე. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან უყვარს ქართული ფეხბურთი და გულიც ძალიან შესტკივა მის სვე-ბედზე. ფეხბურთის სიყვარულში რაა უცნაური და განსაკუთრებულიო იტყვის მავანი და ერთი შეხედვით მართალიცაა; მაგრამ ბატონი გუჯას განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი სენის განკურნებას გვპირდება და თან ერთობ უცნაური, თავის მიერ შემუშავებული მეთოდით, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი სირბილის დროს არ დაიღლება და ორივე ტაიმს (თუ საჭირო გახდა ალბათ დამატებით დროსაც) ერთი ამოსუნთქვით ჩაატარებს. მისივე თქმით ამ მეთოდის მთავარი პრინციპი სწორად სირბილის შესწავლაა და უმოკლეს დროში შეიძლება პრაქტიკაში დაინერგოს.

დაწვრილებით არ ვაპირებ მეთოდის აღწერას და მის შეფასებას (ბატონმა გუჯამ უკვე მრავალგზის აღწერა იგი), უბრალოდ, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი პირდაპირ ვიტყვი, მე არ მჯერა ამ მეთოდის და ჩემი აზრით მხოლოდ 10 პროცენტია ალბათობა, რომ იმუშავებს. მაგრამ გვაქვს კი იმის ფუფუნება, რომ 10 პროცენტიანი ალბათობა ქარს გავატანოთ?

როცა შიდა ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადების დონე თანამედროვე სტანდარტებს არც კი შეიძლება შეედაროს;

როცა უმაღლეს და პირველ ლიგაში თითზე ჩამოსათვლელ გუნდებს ჰყავთ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი;

როცა ყოველ ზაფხულზე გვჩაგრავენ ყაზახური და აღმოსავლეთ ევროპული კლუბები უკეთესი ტაქტიკური განსწავლულობით და გამძლეობით;

როცა ეროვნული ნაკრების (!) ფეხბურთელი ორ ტაიმს დაუღლელად ვერ თამაშობს;

როცა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ღიად ამბობს რომ ფეხბურთელს 5 დღეში ორი თამაშის ჩატარება ფიზიკურად არ შეუძლია;

როცა მალტის და ესტონეთის ნაკრებთან შენი ეროვნული ნაკრები მარცხდება...

ამ ყველაფრის შემდეგაც გვაქვს 10 პროცენტის გაფლანგვის უფლება?

აწ უკვე ყოფილმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა ნაკრები ექსპერიმენტებს ვერ აიტანსო (კითხვა დაუსვა ჩემი პოსტის მთავარმა გმირმა - ჩემს მეთოდს თუ იცნობო), ფედერაციის წარმომადგენელმა არაფერი არ განაცხადა (მიუტანია მუჯირთან პროექტი ბატონ გუჯას), არც სფფ-ის ძველ პრეზიდენტ-წარმომადგენლებს შევარდნიათ გული კახაძის მეთოდზე...

მაგრამ ყველაზე მეტად იცით რა მიკვირს? ცოცხალ-მკვდარი ჩემპიონატი რომ გვაქვს, აი ის თექვსმეტ გუნდა და „სვარკა“ საყურებელი, და თექვსმეტივე გუნდს რომ „მენეჯერი“ ყავს, თანაც ყველა თანამედროვე და ფეხბურთის პროფესორი, რატომ ერთმაც არ შეიბერტყა ყური და არ სცადა მაინც, იქნება და მართალია ის უცნაური კაცი? იქნება და ახდენს სასწაულებს? არ უნდა ცადო მაინც? მიეცი შე კაი კაცო 3 თვის ვადა და თუ ამ დროის განმავლობაში შენმა ფეხბურთელმა 1 წამით მაინც გააუმჯობესა 100 მეტრზე სირბილი, თუ 15 წუთის ნაცვლად ნახევარ საათში დაიღალა, თუ თამაშისას 5 კილომეტრის ნაცვლად 6 გაირბინა - მიუღწევია შედეგი და ეგაა. თანაც საბონუსო ანაზღაურების სისტემა მოდაშია ახლა, თუ ვერ მიაწევს დასახულ მიზანს მიეცი დაბალი ხელფასი (დაწვრილებითი ინსტრუქცია სფფ-ში იკითხეთ)...

ისე, მართლა მაგრად მაინტერესებს, ბოდიში ამ სიტყვისთვის და „აფერისტია“ თუ არა ბატონი გუჯა, ხოდა რომელიმე მენეჯერმა ქენით სიკეთე და აიყვანეთ რა 3 თვით, ღმერთმა ქნას გაამართლოს მეთოდმა...
ვინძლო გუჯა კახაძე და მისი მეთოდი აღმოჩნდეს დასაწყისი ქართული ფეხბურთის აღმავლობისა.

ავტორი  -  შალვა
ბეჭდვა