წითელი ეშმაკის ფეხი
AutoSharing Option
18:19 12-12-2015
1995 წლის 25 იანვარს ლონდონში „სელჰერსტ პარკზე“ მიმდინარე პრემიერლიგურ დაპირისპირებაში „კრისტალ პალასი“„მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობდა. მატჩის მსვლელობისას „არწივების“ („კრისტალ პალასის“ თიკუნი) მცველმა რიჩარდ შოუმ „წითელი ეშმაკების“ („მანჩესტერ იუნაიტედის“ თიკუნი) ლიდერი ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა მაისურზე დაქაჩა, რის პასუხადაც კანტონამ მას ფეხი მიარტყა.
მსაჯი ინციდენტს წითელი ბარათით „გამოეხმაურა“. მოედნის დატოვებისას ერიკს მასპინძელთა გუნდის ერთ-ერთი გულშემატკივარი, ვინმე მეთიუ საიმონსი აგინებდა, რაც ფეთქებად ფრანგს უპასუხოდ არ დაუტოვებია - პროვოკატორ გულშემატკივარს კუნგ ფუს სტილში ამხტარი მანჩესტერელი „ეშმაკის“ ფეხი მუცელში მოხვდა, ჩაწიხლული კი მუშტებითაც გასილაქდა.

ინციდენტი სასამართლოში გაგრძელდა, სადაც მისი წილი პასუხისმგებლობის დაკისრებით სიმონსი უკმაყოფილო იყო და მოსამართლეს ზუსტად ისეთივე ფორმით უთავაზა ფეხი, როგორც სტადიონზე ჩაარტყა მას კანტონამ. „არწივების“ ხულიგან ქომაგს 24 საათის გატარებამ მოუწია გისოსებს მიღმა, ხოლო „წითელი ეშმაკების“ ლიდერი და კაპიტანი მკაცრად დაისაჯა - მას ოქტომბრამდე (რვა თვით აეკრძალა) ფეხბურთის თამაში, გადაიხადა ფინანსური ჯარიმა, დაკარგა კაპიტნის სამკლავური საფრანგეთის ნაკრებში. იმ სეზონში ლიდერის გარეშე დარჩენილმა „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში პირველობა „ბლექბერნს“ დაუთმო.

სუპერკლასის მოთამაშე და ჩხუბისთავი
ერიკ კანტონას დარი მაღალი კლასის შემსრულებელი ფეხბურთის ისტორიას ბევრი არ ახსოვს და ფეხბურთს არც მისი მსგავსი ხულიგანი მობურთალი ახსოვს ბევრი. კანტონამ თავის პროფესიულ კარიერაში ათამდე კლუბი გამოიცვალა, თუმცა ყველაზე დიდ წარმატებებს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მიაღწია. „კრისტალ პალასთან“ მატჩში მომხდარი ინციდენტის შესახებ ფრანგს ბევრჯერ ჰკითხეს ჟურნალისტებმა, თუმცა ერიკს სინანული არასოდეს გამოუთქვამს. მეტიც, ერთხელ ჟურნალისტებს ასეთი პასუხი გახცა: „მაშინდელი ინციდენტისას მხოლოდ იმას ვნანობ, რომ უფრო მაგრად ვერ დავარტყი მას“.

დისციპლინარული დარღვევასთან დაკავშირებული ინციდენტით კანტონამ პირველად 1987 წელს მიიპყრო სპორტის მოყვარულთა ყურადღება. მაშინ იგი ფრანგულ კლუბ „მარტიგის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა და ვარჯიშზე თანაკლუბელს ხელი გაარტყა. კლუბი მისთვის ფინანსური ჯარიმის გამოწერით შემოიფარგლა. სამი თვის შემდეგ ერიკმა „ნანტის“ ფეხბურთელის მიშელ ტერ-ზაქარიანის წინააღმდეგ თამაშისას ისე იუხეშა, რომ სამთვიანი დისკვალიფკაცია მიუსაჯეს. სასჯელის დასრულების შემდეგ კანტონა მარსელის „ოლიმპიკში“ გადავიდა, კლუბში, რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობდა. ხმაურიანი დისციპლინარული დარღვევები რასაკვირველია არც ახალ გუნდში დავიწყებია. „ოლიმპიკის“ ამხანაგურ მატჩში მოსკოვის „ტორპედოსთან“, უკმაყოფილომ იმით, რომ მწვრთნელმა შეცვალა - ჯერ ბურთი ტრიბუნებზე მოისროლა, მერე მაისური შემოიხია და არბიტრს ესროლა. აღნიშნულის პასუხად კლუბისგან ერთთვიანი სასჯელი „ერგო“. ცხადია სკანდალური შემთხვევები კანტონას იმიჯს სერიოზულად „ურტყამდა“, მაგრამ მის საფეხბურთო კლასსა და საშემსრულებლო ოსტატობას გვერდს ვერავინ უვლიდა და გუნდებს იგი ძნელად ეთმობოდათ.
„სამფეროვანთა“ ეროვნულ გუნდში მწვრთნელმა ანრი მიშელმა ჯერ კიდევ 1987 წელს მიიწვია კანტონა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როდესაც მან ერიკს ნაკრებში არ დაუძახა, სატელევიზიო ინტერვიუში ფეხბურთელმა „განავალის ტომარად“ მოიხსენია. რა თქმა უნდა სასჯელის გარეშე არც ეს ფაქტი ჩაივლიდა - ექსცენტრიულ მობურთალს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია არგუნეს. 1989 წელს კანტონა მარსელიდან „ბორდოში“, იქიდან კი „მონპელიეში“ გაანათხოვრეს 6-6 თვიანი არენდით. ამ უკანასკნელში მოჩხუბარმა მორიგი ინციდენტიც გაახერხა - თანაკლუბელ ჟან კლოდ ლემულტს ბუცი სახეში ესროლა. თანაგუნდელებმა მისი გაშვება მოითხოვეს, ოღონდ ლორან ბლანის და კარლოს ვალდერამას გვერდში დგომით კლუბის ხელმძღვანელობამ ათდღიანი დისკვალიფიკაცია აკმარა. კანტონას არც თავისი მომდევნო გუნდი `ნიმი~ დაუტოვებია უსკანდალოდ. ერთ მატჩში მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილომ რეფერის ბურთი ესროლა.
უდისციპლინო ფეხბურთელი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში დაიბარეს და ჯერ ერთთვიანი დისკვალიფიკაციის მიცემას აპირებდნენ, მაგრამ ერიკმა მათ იდიოტები უწოდა და დისკვალიფიკაციაც იქვე სამ თვემდე გაიზარდა. ამ ინციდენტის შემდეგ კანტონამ განაცხადა, რომ ფეხბურთიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, მისი დიდი ქომაგის, მიშელ პლატინის თხოვნით მოხერხდა, თუმცა ჩხუბისთავი სამშობლოს გაერიდა და ინგლისის ჩემპიონატში გადაბარგდა.
კუნძულზე კანტონას სკანდალურმა ინციდენტებმა შედარებით იკლო, ოღონდ ინგლისშივე მის თავს გადამხდარი ის ამბავი, რომელიც სტატიის დასაწყისში მოგიყევით ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა კანტონას სკანდალებით დახუნძლულ კარიერაში.

კანტონას ფრთიანი ფრაზები
კანტონა არა მხოლოს მოედანზე იყო აქტიური. პრესკონფერენციებზე, ჟურნალისტებთან საუბრისას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მას ხშირად უთქვამს დასამახსოვრებელი, შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევებში არცთუ ჭკვიანური, მაგრამ ფრთიანი ფრაზები.
ქვემოთ ამ „მარგალიტების“ ნაწილს გაეცნობით:
„ჩემი კარიერის საუკეთესო ეპიზოდი? ასეთი ბევრი იყო, თუმცა მე იმას გამოვყოფდი, როდესაც ხულიგანი მივწიხლე“
„ვერასოდეს ვითამაშებდი დაცვაში, რადგან არ შემიძლია დავანგრიო ის რასაც სხვები ქმნიან“
„რაიმონ დომენეკი ლუდოვიკო XVI-ს დროიდან მოყოლებული ყველაზე ცუდი მწვრთნელია საფრანგეთში“
„მე არ ვუსმენ სხვების რჩევებს, მე ვუსმენ საკუთარ გამოცდილებას“
„სადაც ფულია, იქ არის სიცრუე“
„მოთამაშეთათვის მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად არ მიიღონ ის რასაც მათზე ლაპარაკობენ. თუ დაიჯერებენ, რომ ღმერთები და მეფეები არიან - ჭკუიდან გადავლენ“
„შეიძლება უკვე გითხარით ეს, მაგრამ საერთოდ მე ბევრ სისულელეს ვლაპარაკობ“
„ზეცაში პირველი ვარჯიშის შემდეგ ჯორჯ ბესტმა თავისი საყვარელი მარჯვენა ფლანგიდან განახორციელა შესანიშნავი რეიდი, გვერდი აუარა ღმერთს და გაიტანა საოცარი ბურთი 30 იარდიდან. მე ვისურვებდი, რომ მან შემინახოს ადგილი ჩემთვის თავის გუნდში, ოღონდ ჯორჯ ბესტმა, ღმერთმა კი არა“
„ალბათ სამაგალითო უნდა ვიყო, მაგრამ ასე არ არის, მე ჩემი თავის მაგალითი ვარ“
„არასოდეს მიყვარდა ტელეფონი, რადგან ტელეფონით ძალიან ადვილია იცრუო“
„მე ვერ ვხედავ განსხვავებას კარლოს ალბერტოს მისამართით გაკეთებული პელეს პასსა და ახალგაზრდა რემბოს პოეზიას შორის“

სპორტული ტიტულები და სიყვარული კინოსადმი
ფეხბურთელის კარიერა ლეგენდარულმა ფრანგმა 1997 წელს დაასრულა. მისი წარმატებები მხოლოდ საკლუბო ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვებებით შემოიფარგლა.  იყო საფრანგეთის ერთგზის (1991) და ინგლისის ხუთგზის (1992, 1993, 1994, 1996, 1997) ჩემპიონი. ორჯერ (1989, 1990) ფლობდა საფრანგეთის და ამდენჯერვე (1994, 1996) ინგლისის თასს, ოთხჯერ (1992, 1993, 1994, 1996) - ინგლისის სუპერთასს. საფრანგეთის ნაკრებში 1987-დან 1995 წლამდე ასპარეზობდა, ჩაატარა 45 თამაში და შეაგდო 20 გოლი. სამწუხაროდ სამფეროვანთა რიგებში ასპარეზობა კანტონამ მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვების გარეშე დაასრულა. მაგრამ ერიკი ეროვნული გუნდის ერთი წარმატების შემოქმედი მაინც გახდა, ოღონდ მწვრთნელის ამპლუაში და ოდენ პლაჟის ფეხბურთში. 2005 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპინატზე მისი ხელმძღვანელობით, საფრანგეთი სპორტის ამ სახეობაში ჩემპიონი გახდა. ეს ოქროს მედალი ფრანგებისთვის პლაჟის ფეხბურთში ერთადერთია.  კანტონა ამჟამად საფეხბურთო კლუბ „ნიუ იორკ კოსმოსის“სპორტული დირექტორია. შეგახსენებთ, რომ ეს ის კლუბია, სადაც ერთ დროს პელე და ფრანც ბეკენბაუერი აგორებდნენ ბურთს.  ფართოდაა ცნობილი კანტონას დიდი სიყვარულის შესახებ კინოსადმი. კინოში ბედი მან ჯერ კიდევ აქტიური საფეხბურთო კარიერისას სცადა. დღესდღეობით კი ოცამდე ფილმში აქვს ნათამაშები, რომელთაგან რამდენიმე სხვადასხვა კინოფესტივალებზე იყო ნომინირებული.

ვასილ ბალახაძე, „ლელო week“
ავტორი  -  ვასილ
ბეჭდვა