პასუხისმგებლობა
AutoSharing Option
20:44 19-06-2016
ეს სიტყვა სათაურში ტყუილად არ გამიტანია... პასუხისმგებლობა, რომელზეც პასუხს მთავარი მწვრთნელი აგებს... მწვრთნელი, რომელიც, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მაღალი დონის პროფესიონალია, რისი ნაკლებობაც არის ჩვენს ქვეყანაში... მთავარი მწვრთნელი ირჩევს შემადგენლობას, თამაშის გეგმას, ადევნებს თვალყურს მის განხორციელებას, ტაქტიკურ სქემებს ცვლის და შედეგზე პასუხსაც სწორედ ის აგებს.

სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ეტაპს ვიწყებთ. ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან: უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდოვა. ერთი შეხედვით, წინა ჯგუფებთან განსხვავებით, ეს შედარებით იოლი ჩანს, მაგრამ...

ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ნაკრების  მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მიდის ევროპის ჩემპიონატზე, რათა ჩვენს მეტოქეებს დააკვირდეს, ანუ უელსს, ავსტრიას და ირლანდიას. ის, თუ რა დაინახა მან ჩვენს მომავალ მეტოქეებში ამ ორ ტურში, ცალკე საკითხავია, ზემოთაც დავწერე, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად იქნება, მაგრამ რა დავინახეთ ჩვენ?!

მეტოქეები
უელსის ნაკრები: ორი თამაში, ერთი მოგება, ერთი წაგება, გარეთ ბეილი, მისი ორი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა, კარგად ორგანიზებული დაცვა, სწრაფი კონტრშეტევა. მთლიანობაში, საკმაოდ კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ამ გუნდმა და წინ კიდევ ელის მატჩები. უკეთესად დავაკვირდეთ...

ირლანდიას საკმაოდ რთული ჯგუფი შეხვდა, რომელშიც აუტსაიდერია, მაგრამ შვედეთთან ირლანდიელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მეტწილად, ეს მათ შეტევის ორგანიზებაზე ითქმის - ირლანდიელები კარგად გადადიან შეტევაში, მაგრამ, სამაგიეროდ, დაცვაში აქვთ პრობლემები. ეს შვედეთთანაც გამოჩნდა და შემდეგ ბელგიასთან 3:0 წაგებულ მატჩშიც. ფაქტია, რომ დაცვა ირლანდიის სუსტი რგოლია - ფეხბურთელები თითქოს ერთმანეთს ვერ უგებენ.

ვნახეთ საინტერესო, მაგრამ ამოუცნობი ავსტრია. სიმართლე გითხრათ, მათ სათამაშო სტილს ბოლომდე ვერ ჩავწვდი, ორი რადიკალურად განსხვავებული თამაში შემოგვთავაზეს, თუმცა, ირლანდიის მსგავსად, დაცვის ხაზი არც ავსტრიელებს აქვთ სრულ მწყობრში...

სერბეთიც არასასიამოვნო მეტოქეა, რომელიც ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მოლდოვას კი, რომელიც ერთი შეხედვით სუსტი მეტოქე ჩანს, არაერთი სიურპრიზის მომზადება შეუძლია.

რა უნდა დავუპირისპიროთ მათ?
საინტერესოა, რას მოიფიქრებს ვაისი. ჩვენ, გულშემატკივრები, ყოველთვის შეტევას ვითხოვთ, მაგრამ ჩვენია კი ის, რაც გვინდა? ქეცბაია დაცვით ფეხბურთს ანიჭებდა უპირატესობას. მის შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნული კახა ცხადაძე აქცენტს შეტევაზე აკეთებდა და ასე თუ ისე, რაღაც გამოგვდიოდა, მაგრამ ეგ "რაღაც" რამდენად საკმარისი იყო, საკითხავია. სამწუხაროდ, არ დასცალდა მას... ახალმა მთავარმა მწვრთნელმაც შემტევი ფეხბურთი აირჩია, მაგრამ კარგად ნახა, რომ რუმინეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ამ შემტევმა ფეხბურთმა კარგი არაფერი მოგვიტანა.

სამაგიეროდ ესპანეთთან, სადაც იძულებული იყო კონტრშეტევაზე აგებული დაცვითი ფეხბურთი შეეთავაზებინა მეტოქისთვის, კარგად გამოუვიდა და სენსაციაც მოვახდინეთ, რამეთუ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები მათსავე მოედანზე დავამარცხეთ.

ვფიქრობ, გამომდინარე აქედან, სწორედ ამ სტილს ვითამაშებთ ხვალ და ზეგაც. ვაისმა კარგად ნახა, რომ ამ ნაკრებს ჯერ მხოლოდ შეტევაზე ფიქრი არ შეუძლია - ჩვენი მაქსიმუმი ამ ეტაპზე უკან დგომაა და მეტოქის კონტრშეტევაზე დაჭერაა და თუ რატომ, ამასაც მარტივი მიზეზი აქვს: ფიზიკური მომზადება. 1-2 ფეხბურთელის გამოკლებით, ნაკრებში არ მოიძებნება დღეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მზადაა 90 წუთის მანძილზე მეტოქეს შეუტიოს კიდეც და უკანაც დროულად ჩამოვიდეს. და ამ პრობლემას გამოსწორება, სამწუხაროდ, კიდევ კარგა ხანი არ უდგას.

ვფიქრობ და მჯერა კიდეც, რომ ჯგუფში დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია, თუ საქმეს პროფესიონალურად მივუდგებით. მეტოქეები მარტივად დასაძლევნი არ არიან, მაგრამ არც ჩვენ ვართ ვინმესთვის იოლი მეტოქე.

რისი მეშინია...
ზუსტად იმ არაპროფესიონალიზმის, რომელიც გვახასიათებს. კი, ერთი შეხედვით კარგია ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვება, მაგრამ... მაშინ, როდესაც თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ევროპაში, თუ კარგად მახსოვს, ერთადერთი ნაკრები ჩვენ გვყავდა, რომელსაც 1 წლის მანძილზე არ წაუგია. ის ჩვენთვის მართლაც საოცარი მიღწევა იყო...

2011 წლის 26 მარტს ჩვენ ხორვატიის ნაკრებს დავუპირისპირდით, რომელთა დამარცხებაც მაშინ ჩვენთვის სასწაულად ითვლებოდა გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო რეიტინგში ხორვატები მე-8 პოზიციას იკავებდნენ. მოხდა ის სასწაული და მოვიგეთ მინიმალური ანგარიშით. და რა? რა მოხდა მერე? წაგებები ერთი მეორის მიყოლებით, გუნდში კონფლიქტები... მაღალ მწვერვალად აღვითქვით მათთან მოპოვებული გამარჯვება...

2012 წლის 11 სექტემბერს თბილისში ესპანეთთან გამართული მატჩი და მართალია, წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთელები მაშინ ძალიან ვაქეთ. რა მივიღეთ შემდეგ? ფინეთთან ფრე, ბელარუსთან მარცხი, ეგვიპტესთან ფრე...

2013 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის ნაკრებთან მოპოვებული ქულა, რომელსაც ასევე არავინ ელოდა... ქება-დიდება ამ ქულისთვის ფეხბურთელებს და ზუსტად 4 დღეში ჩვენსავე მოედანზე ფინეთის ნაკრები გვამარცხებს... ამას შემდეგ ესპანეთთან მარცხიც მოყვა, მაგრამ მაგას ვინ ჩივის?!

2015 წლის 29 მარტს, შინ წაგებული მატჩი გერმანიასთან, რომლის მერეც, ანალოგიურად, ფეხბურთელები ძალიან ვაქეთ. შემდეგ კი ასეთი სურათი მივიღეთ:  მარცხი უკრაინასთან და განადგურება პოლონეთთან, თანაც, 5 წუთში... ამავე წელს, ამავე მეტოქესთან 11 ოქტომბერს გასვლით მატჩში წაგებული 2:1-ის შემდეგ ვაქეთ,  1 თვეში კი ესტონეთმა გაგვანადგურა...

ახლა ესპანეთს მოვუგეთ... გეკითხებით, მაქვს თუ არა საბაბი ვინერვიულო იმაზე, რომ კვლავ იგივე განმეორდება და ქება-დიდების შემდეგ ისევ მიწაზე დანარცხება მოხდება? ჩემი აზრით, მაქვს. მაგრამ, პარალელურად, იმედიც მაქვს, რომ წარსულს ჩაბარდება ეს არაპროფესიონალიზმი, საქმეს სერიოზულად მიუდგება მთელი ნაკრები და შანსს, რომელსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ჰქვია, გამოიყენებს. ჩვენ ნამდვილად დიდი შანსი გვაქვს ამისი და უნდა მოვინდომოთ. როდისღა, თუ არა ახლა?!

იგრძენით მეტი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ის უცილებლად მოგვიტანს შედეგს. ის აუცილებლად აგვიხდენს ოცნებას.
ავტორი  -  ედო
ბეჭდვა