ფეხბურთი და რაგბი ერთად - ორიგინალურ ირლანდიელთა გელური ფეხბურთი...
AutoSharing Option
23:56 20-06-2016
სამყაროში რამდენი სპორტის სახეობაა, ვინ იცის... ერთნი უყურებენ მას და იცინიან, მეორენი კი მის გამო რამდენიმეათასიან სტადიონებს ავსებენ. გელური ფეხბურთი ირლანდიის გარეთ ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ ის სხვა ქვეყნებში პოპულარობას არც საჭიროებს. რა საჭიროა აღიარების ძებნა იმ ქვეყნებში, სადაც პირველობა ფეხბურთსა და რაგბის უჭირავთ, როცა მშობლიურ ქვეყანაში შენს სანახავად ათასობით ერთგული გულშემატკივარი მოდის?!

ოფიციალური წოდება გელურმა ფეხბურთმა 1887 წელს მიიღო - უფრო გვიან, ვიდრე რაგბიმ და ფეხბურთმა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორივე სპორტის სახეობის ფესვები აქვს მას.

ათლეტური ასოციაციის ეგიდით, გელური ფეხბურთის დიდი ირლანდიური ტურნირი ტარდება, რომელიც რამდენიმე ლიგიდან შედგება. უმაღლეს ლიგაში 15 გუნდია. მოედანი რაგბისას ჰგავს, მაგრამ მას უნიკალური თვისებებიც გააჩნია, ერთ-ერთი მათგანი კი გელურ ფეხბურთს ტრადიციულს ამსგავსებს - ეს მეორე, საფეხბურთო კარებია, რომელშიც მეკარე დგას. პირველი კარები ზუსტად იმისთვისაა განკუთვნილი, რისთვისაც რაგბიშია - ფეხით შორეული და საჯარიმო დარტყმების რეალიზაციისთვის. აი, მეორე კარებს კი, მეკარე იცავს...

მოედანს დავუბრუნდეთ. მისი სიგანე 154,7 მეტრია, სიგანე კი - 91. მოედანი არამხოლოდ ნახევრად, არამედ კიდევ 3 ზონად იყოფა: კარებიდან 13, 20 და 45 მეტრად. ამ ზონებში ბურთის ტარება შეზღუდულია. ერთ-ერთ მათგანში მხოლოდ ფეხით თამაშია შესაძლებელი, მეორეში ბურთის ხელში აღება და პარტნიორისთვის გადაცემაა შესაძლებელი, მესამეში კი - ორივე ერთად.

სათამაშო ფორმას რაც შეეხება, აქაც, ჩვეულებრივ, მაისურები, შორტები და ბუცებია, მაგრამ "შიტოკები" არ აქვთ. საჯარიმო დარტყმის შესრულება არამხოლოდ ფეხით, არამედ ხელითაცაა შესაძლებელი, ამიტომ მოთამაშეები მათ შესრულებისას ხშირად ხელთათმანებს იკეთებენ - მისი მეშვეობით ბურთს ხელში უკეთესად იმაგრებენ..

თამაში 1 საათს გრძელდება და ის ორტაიმინია - 30-30 წუთი. ფრე აქ არ არსებობს. თუ ტაბლოზე თანაბარი ანგარიშია, მაშინ დამატებითი დრო ინიშნება, და თუ მაინც არ ვლინდება გამარჯვებული, შემდეგ უკვე - გადათამაშებაც. თითო გუნდში 15 მოთამაშეა, მათ შორის 1 მეკარე, 2 ფლანგის და 2 ცენტრალური მცველი, 2 ჩამშლელი და 2 შემტევი ნახევარმცველი, 2 ნახევარფორვარდი, 2 ფლანგის ფორვარდი და 1 ცენტრფორვარდი. თითქოს ისე ჩანს, რომ 30 კაცი მოედანზე ბევრია და ქაოსს იწვევს, მაგრამ გასაქცევად ადგილი მაინც რჩება.

ბურთით მოძრაობისას 4 ნაბიჯზე მეტის გადადგმის უფლება მოთამაშეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს - მან ის მიწას უნდა დაანარცხოს, ამ ფეხით გაიგდოს წინ. ქულებიც მარტივად ითვლება. საფეხბურთო კარებში, ანუ ბადეში ბურთის გახვევა 3 ქულაა, სარაგბო კარებში კი - 1.

მთლიანობაში, ესაა გელური ფეხბურთი. უცნაური და საინტერესო. აქვე იხილეთ ვიდეო:


ავტორი  -  ედო
ბეჭდვა