მუშა, მწყემსი, ფერმერი - ვინ იყვნენ წარსულში ჩრდ.ირლანდიის ფეხბურთელები?
AutoSharing Option
14:00 21-06-2016
დღეს, 21 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები С ჯგუფის ბოლო შეხვედრას ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჩრდ.ირლანდიელები 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე არიან და პლეი-ოფში თამაშის შანსს ინარჩუნებენ. საინტერესოა, თუ ვინ იყვნენ წარსულში დებიუტანტი გუნდის ამჟამინდელი ფეხბურთელები.

კონორ ვაშინგტონი - ფოსტალიონი.

4 წლის წინ კონორი დილის 6-ის ნახევარზე დგებოდა, რათა ფოსტის დარიგება დროულად მოეხდინა, რის გამოც საკუთარი გუნდის თამაშს იშვიათად უსწრებდა, ამ სისწრაფეში კი ველოსიპედიდან ვარდნისას ხშირად იტკენდა მუხლებს.

სტიუარტ დალასი - მუშა.

5 წლის წინ ის ვერც იოცნებებდა კარგ ფეხბურთელობაზე. "დილის 7 საათზე, როცა გარეთ ყინავდა, მშენებლობით ვიყავი დაკავებული. მაშინ ჩემთვის რომ ეთქვათ, ევროპის ჩემპიონატზე გაეგზავრებიო, ვეტყოდი, სულ გაგიჟდით-მეთქი. მუშად ყოფნამ ცხოვრების დაფასება მასწავლა", - ამბობს დალასი.

კონორ მაკლაფლინი - იურისტის ფაკულტეტზე სწავლობდა.

4 წლის წინ კონორს ფეხბურთისთვის თავის დანებება სურდა - "პრესტონში" მისი არ სჯეროდათ. ცუდ ფორმასთან ერთად, მუდმივი ტრავმებიც აწუხებდა. ამიტომ, ცხოვრების შეცვლა და იურისტობა გადაწყვიტა, ადგილობრივ უნივერსიტეტშიც ჩააბარა და საქმის შესწავლა დაიწყო. ცუდად არ გამოსდიოდა, მაგრამ მოულოდნელად მეორე დივიზიონის გუნდ "ფლიტვუდ თაუნისგან" მიუვიდა მიწვევა.

პედი მაკნეირი - მამას ფერმაში ეხმარებოდა.

მას უნდა იცნობდეთ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს, მაგრამ მთავარი სხვა რამაა. "მამაჩემს დიდი ფერმა აქვს და ფეხბურთში მოხვედრამდე, თანხას იქ მუშაობით ვშოულობდი. მესმოდა, რომ ცხოველებზე ზრუნვა დროებითია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო", - ამბობს პედი.

ნიელ მაკგინი - გელურ ფეხბურთს თამაშობდა.

"დღის 3 საათზე "დენგენონში" ვთმაშობდი, საღამოს კი - გელურ ფეხბურთს. ვნანობ თუ არა ფეხბურთის არჩევას? არა, ვფიქრობ კარგ ფეხბურთელად ვიქეცი", - იხსენებს ნიელი.

ჯოშ მაჯენისი - რაგბის თამაშობდა.

მაგრამ დიდი ხნით არ გაჩერებულა სპორტის ამ სახეობაში და ფეხბურთში წავიდა. თუმცა 19 წლის ასაკამდე მეკარე იყო. 2009 წელს მოულოდნელად გადაიფიქრა და ფორვარდობა გადაწყვიტა. "19 წლის ასაკში ჩრდ.ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს. ვარჯიშზე ხელთათმანების გარეშე მივედი და მწვრთნელმა მკითხა, ხომ არ დავკარგე ისინი, რაზეც ვუპასუხე რომ არა, უბრალოდ ფორვარდობა გადავწყვიტე. ასე დაიწყო ჩემი მეორე კარიერა", - ამბობს დღეს უკვე ფორვარდი.

შეინ ფერგიუსონი - მწყემსი.

"პატარა სოფლიდან ვარ - 13 წლამდე ფულის შოვნის გამო მწყემსობა მიწევდა", - ამბობს შეინი. ასევე ფერგიუსონი გელურ ფეხბურთს თამაშობდა. "ის დამეხმარა. პატარა ვიყავი, ასეთი რთული თამაშების შემდეგ კი ბევრად ძლიერი გავხდი".

მაიკლ ონილი - ფინანსისტი.

ჩრდილოეთ ირლანდიელთა მწვრთნელსაც არ აქვს მთლად საფეხბურთო წარსული - შოტლანდიურ "ბრიხინ სიტიში" ფინანსისტად მუშაობდა. ამ სამუშაოს მისთვის საკმაოდ კარგი შემოსავალი მოჰქონდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელის სათანადო განათლება მიიღო.
ავტორი  -  ედო
ბეჭდვა