ისლანდიელი კომენტატორი ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გამოდგა
AutoSharing Option
05:42 26-06-2016
ევროპის ჩემპიონატი გრძელდება და გრძელდება სენსაციებით. ერთ-ერთი სენსაცია ისლანდიის ჯგუფიდან გასვლა იყო, თანაც მეორე ადგილით და თანაც, პორტუგალიის ნაკრებზე წინ დგომით.

ტურის ბოლო მატჩში ისლანდიელებმა ავსტრია დაამარცხეს (2:1). ეს ვიდეოები, ალბათ ყველამ ნახეთ, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ მოგინდებათ მათი ნახვა:


აი, რა დაემართა ადამიანს, როცა ისლანდიის ნაკრებმა გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გაიტანა და პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა:


კომენტატორი 41 წლის გუდმუნდურ ბენედიქტსონი გამოდგა. ის ისლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდია. პრაქტიკულად მთელი კარიერა მან სამშობლოში გაატარა და "რეიკიავიკთან" და "ვალურთან" ერთად რამდენიმეჯერ ქვეყნის ჩემპიონობაც მოიპოვა. მას ბელგიაშიც აქვს ნათამაშები, მაგრამ არც ისე ბევრი - 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ის არც ნაკრებში ბრწყინავდა დიდად - 10 მატჩში სულ რაღაც 2 გოლი. ნაკრებში ბოლო მატჩი მან 2001 წელს ჩაატარა მაშინ, როცა კარიერა 2009 წელს დაასრულა. ამის შემდეგ, გუდმუნდურმა სამწვრთნელო საქმიანობასა და კომენტატორობას მოჰკიდა ხელი - ამ საქმიანობაში მან ფსევდონიმად გუმი ბენი გამოიყენა, რომელიც თავადვე მოიფიქრა.

ბენედიტქსონი კარგად უთავსებს ერთმანეთს კლუბსა და ტელევიზიაში მუშაობას, მაგრამ კომენტატორობის კუთხით უფრო წარმატებულია. სახელოვანი "რეიკივიაკი", სადაც ის მწვრთნელის ასისტენტია, ისლანდიის ჩემპიონატში მერვე ადგილზეა, ტელევიზიაში კი ის ნამდვილი ვარსკვლავია. ევროპის ჩემპიონატზე თამაშები მარტოს მიჰყავს.

საინტერესოა, რომ ავსტრიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მას "რეიკივიაკში" დაბრუნება მოუწია, რომელსაც ჩემპიონატის მატჩი უწევდა "აკრანესის" წინააღმდეგ, საფრანგეთში კი ხვალ დაბრუნდება, სადაც მერვედფინალურ ეტაპზე მისი გუნდი ინგლისს დაუპირისპირდება.

"ტელეფონი არ ჩერდება. ეს ერთადერთია, რაც ამ მატჩის შემდეგ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა გუდმუნდურმა. - არ ვაპირებ ყველა ქვეყნიდან შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემას. სახლში მისვლა მსურს მშვიდად".

როცა მას ემოციების გადმოცემა სთხოვეს ისლანდიელთა მეორე გოლის შემდეგ, მან თავიდან შესაფერისი სიტყვები ვერ გამონახა.

"საკუთარი თავი დავკარგე. ორგანიზმი თითქოს აღარ მემორჩილებოდა. ეს ის მომენტი იყო, როცა თავს ვერ ვაკონტროლებდი. ანუ მესმოდა ჩემი, ვიგებდი, რასაც ვამბობდი, რომ ეს ჩემი ხმა იყო, მაგრამ ვერ ვააზრებდი, რომ მე ვსაუბრობდი. ეს სრული სიგიჟე იყო. ბავშვობიდანვე ვოცნებობდი ასეთ მომენტზე, მაგრამ ჩემი კარიერის მანძილზე ისლანდიას ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის მცირე შანსიც კი არ ჰქონდა ხოლმე. ახლა კი როგორც კომენტატორი ვიხდენ ამ ოცდენას. არც ასეა ცუდი", - ამბობს კომენტატორი.

ალბათ გაინტერესებთ, რას ჰყვიროდა ისლანდიელი კომენტატორი გოლის მერე. ისლანდიელებმა თარგმნეს ის: " დიდი სივრცე გვაქვს. ტეოდორ ელმარი მარტოა იმ სივრცეში. ისინი სამი ორზე მირბიან. ემი, გაიქეცი საჯარიმოში. ემიიიი....

Ahhh… Yes… Yes… Yes… YES… YES… მოვიგეთ! ჩვენ 1/8-ფინალში გავედით! ვიმეორებ, პლეი-ოფში გავედით! ავსტრიას მოვუგეთ.... ხმა დაიკარგა, მაგრამ რა აზრი აქვს? ჩვენ გავედით. არნორ ტრაუსტასონმა გაიტანა, ისლანდია - ორი, ავსტრია - ერთი. მსაჯის სასტვენი გაისმა, არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი. არნოს ტრაუსტასონმა გამარჯვება მოგვიტანა. არასდროს ვნებდებით. პირველი გამარჯვება - უკვე ფაქტია! ისლანდია - ორი, ავსტრია - ერთი. მადლობა მოსვლისთვის ავსტრიელებო, მადლობა მოსვლისთვის", - ამბობდა ის.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. კომენტატორს 19 წლის შვილი ალბერტი ჰყავს, რომელიც ახლა პსვ-ს აკადემიაშია. ალბერტს საფეხბურთო გენები აქვს: დედამისი ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი იყო, ბაბუა ფორვარდი ჰყავდა, ხოლო დიდი ბაბუა ალბერტ გუდმუნდსონი "მილანსა" და "არსენალში" თამაშობდა. სწორედ ის იყო ისლანდიური ფეხბურთის ისტორიაში პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრად იმუშავა.
ავტორი  -  ედო
ბეჭდვა