265 მილიონი და ,,იმედი''
AutoSharing Option
00:31 13-02-2016

თბილისიდან 240 და ქუთაისიდან 25 კმ-ის დაშორებით, არის ასეთი სოფელი - როკითი. რომელიც ბევრი არაფრით გამოირჩევა ბაღდათის რაიონის სხვა სოფლებისგან, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ნამდვილად ცნობადი და პოპულარული იყო.

 

15 წლის წინ, თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა სოფლის ბიჭებისგან (1-2 გოგოსაც ჰქონდა ვარჯიშის მცდელობა) შეექმნა გუნდი, სადაც ბავშვები საფეხბურთო ანა-ბანასთან ერთად სხვა ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებსაც ისწავლიდნენ.

 

სახელზე ბევრი არ უფიქრია მწვრთნელს, იმ დროს წნორის „მილანი“ იყო პოპულაური და გუნდს როკითის „რეალი“ ხო არ დავარქვათო, მაგრამ კიდევ კარგი გადავიფიქრეთ და გუნდს „იმედი“ ეწოდა! ჩემი აზრით ამაზე უკეთეს სახელს ვერავინ მოიფიქრებდა.

 

ვარჯიში დაიწყო რამდენიმე ბურთით, სამოქალაქო ტანსაცმლითა და ბავშვებისთვის ზედმეტად დიდი 110 მეტრიანი სტადიონით.

 

გეოგრაფია რამდენიმე კვირაში გაიზარდა, როკითელ ბიჭებს დიდველიდან და საიმედოდან (სხვა სოფლები) დაემატნენ ბავშვები და უკვე 2 გუნდის გაკეთებაც შეიძლებოდა, რაც მოხდა კიდეც. „დიდები“ - 1987-89 წელს დაბადებულები ერთად და „პატარები“ 1990-93 წელს დაბადებულები ერთად. ამის გამო გუნდი ხშირად არღვევდა წესებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

 

ვარჯიშის გასაუმჯობესებლად დამზადდა 1 გადასატანი სტანდარტულზე ოდნავ პატარა და ასევე 2 პატარა 1.5 მეტრის სიმაღლისა და სიგანის კარი, დაპატარავდა მოედანი 90 მეტრამდე, გაიკრიჭა ბალახი, მოეწყო გასახდელები შხაპით. დიახ ცივ წყალთან ერთად თბილი წყალიც არ გვაკლდა 2001 წელს როკითში! ასევე გვქონდა საქართველოს დროშის ფლაგშტოკი და შემადგენლობის გამოსაცხადებელი ჯიხური ხმის გამაძლიერებელით.

 

ვვარჯიშობდით მწვანე ბალახზეც, ზაფხულობით დილაუთენია მდინარის ნაპირზეც და ასევე ტყის ფერდობებზეც. ხანისწყლისპირზე ვჭიდაობდით, ვბანაობდით და ფეხბურთზე ვლაპარაკობდით.

 

გუნდმა შევიძინეთ: ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედის,“ „ბარსელონას,“ “ინტერისა” და “იუვენტუსის“ სტანდარტული და შემდეგ “ბაიერნის“ ვერცხლისფერი ფორმები.

 

რაც შეეხება შედეგებს „დიდები“ უფრო წარმატებით გამოდიოდნენ იმერეთის პირველობაზე, მაგრამ ხშირად იყო პრობლემები „ასაკის გადაკეთებასთან“ დაკავშირებით... ეს გვეპატიება რადგან ფიზიკურად ვერ მოგროვდებოდა ამ სამ სოფელში 1989 წელს დაბადებული 11 ბიჭი... ამიტომ თამაშობდნენ ცოტა უფროსები, მაგრამ არ ეტყობოდათ :D

 

ასაკის პრობლემები პატარებსაც გვქონდა, მხოლოდ 3-4 ვიყავით 1992 წელს დაბადებული ამავე ასაკის პირველობაზე.

 

ძირითადად რაინდიას მარშუტკით დავდიოდით, რომელიც ჩვენი გუნდელის მამა იყო, მაგრამ საწვავის თანხას ყოველთვის ვკრეფდით. ერთხელ კონტეინერითაც ვიყავით წასულები, და რამდენჯერმე დიიდი მხრჩოლავი ავტობუსით. მაშინ ვიყავით პირველად ლანჩხუთში, სანამ დაანგრევდნენ იმ „ევგრაფი შევარდნაძეზე,“ სამტრედიაში, წყალტუბოში, ტყიბულში, თერჯოლაში, ხაშურში და რაღა თქმა უნდა თბილისში. თბილისში 1 კვირით წამოვედით „ზბორებზე“ 35-ე სკოლის სტუმრები ვიყავით, მანამდე კი ეს ბიჭები იყვნენ ჩვენთან, რომლებსაც იმერულად ვუმასპინძლეთ და არაფერი დაგვიკლია მათთვის.

 

გულშემატკივრობა? ოოო, ეს ცალკე თემაა, ვინაიდან ტრიბუნები არ აქვს ჩვენს სტადიონს, მაყურებლები გარშემო იყვნენ შემოკრებილნი და მოედნის მთელ პერიმეტრს ფარავდნენ. ფეხბურთის გულშემატკივრები სხვადასხვა ქალაქებშიც დაგვყვებოდნენ. როკითი ცხოვრობდა ფეხბურთით იმ დროს, როცა ქვეყანას არც ისე ულხინდა.


ერთხელ გაზეთშიც დავიბეჭდეთ, სადაც გვარები და მწვრთნელები შეცდომით კი იყო მოხსენიებული, მაგრამ მაინც ძალიან გაგვიხარდა! არასდროს დამავიწყდება ცხრილი, სადაც მესამე ადგილზე ვიყავით რეგიონში და ვითვლიდით პირველ ადგილზე გადასვლის შანსებს.

 

ეს ლამაზი ისტორია მხოლოდ რამდენიმე წელს გაგრძელდა... „დიდები“ გაიზარდნენ და ზოგმა ფეხბურთის მიმართ ინტერესი, ხოლო ზოგმა კლასი დაკარგა... მე და სხვები სოფლიდან ქალაქებში გადავბარგდით საცხოვრებლად, აღარც ენთუზიაზმი იყო იმდენი და აღარც შედეგები სახარბიელო...

 

ჩვენ ფეხბურთის თამაშთან ერთად, მეგობრობა, ძმაკაცობა და უერთიერთპატივისცემა ვისწავლეთ. რაც მხოლოდ და მხოლოდ სოსო ქორიძის დამსახურებაა, რომელსაც შეკრა და შექმნა როკითის „იმედი!“ ჩვენ გვქონდა იდეა, ჩვენ ვთამაშობდით, ვვარჯიშობდით, ერთად ვიგებდით და ერთად ვაგებდით. ბევრს დიდი მომავალიც ელოდა წინ, „პატრონი“ რომ ყოფილიყო ვინმე... ჩვენ გვქონდა ტრამპლინი, მაგრამ ნახტომი მომავლისთვის არ იყო საკმარისი.

 

მეკარეები პოროხოვები, კაპიტანი ზივზივაძე, თავდამსხმელები გელხვიიძე და კუდროვი, მამული, რონალდი, ძმები ჭრელაშვილები, ყიფო, ლადო, ჩორნა, ჩაქუჩა, გუტკა, სიკვტილია, ცაცია, ბილი, ვასო, თაზო, შოთიკო, გამგე და სხვები...


ხოდა ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, იმ 265 მილიონიდან, რომელიც ფეხბურთის განვითარებისთვის არის გადადებული, რამდენი გამოიყოფა ასეთი სოფლებისთვის და წამოწყებებისთვის?!

ავტორი  -  კაგიშო
ბეჭდვა